ერთი ლექსით თქმული სათქმელი: "შენს სინდისს, თურმე, საცრისტოლა თვალები ჰქონდა..."

შენ არაერთხელ გაიპარე, სიკვდილში, ომში,

პატარა ბიჭი გაიპარე, ახლა ხარ დიდი

შენ გაეპარე დედ-მამას და მომავალ ცოლ-შვილს,

შენ გაეპარე სიბერეს და სიბერით სიკვდილს.

შენ გაეპარე მყუდრო

ლოგინს და მყუდრო ოთახს

და იმ წუთიდან აღარ იყავ

დედის შემბრალე,

შენს სინდისს თურმე

საცრისტოლა თვალებიჰქონდა

და სინდისს ალბათ

იმიტომაც ვერ გაეპარე...

არც აფხაზია შენი მკვლელი, და არც ჩეჩენი,

სიკვდილს შენ თვითონ დაეძებდი ჯიქურ სარქენად,

ეჰ, შენი მკვლელი პირველ ყოვლის მამაშენია,

პაატას კვლაზე ბავშვობიდან რომ შეგაყენა.

გადატეხილი, მშვენიერი ხარ კვიპაროსი

ჟამი კი მიდის რია რიით.. ლიტანიითაც...

შენი ტოლები გრიალებენ სადღაც კვიპროსზე,

ზოგნიც სამძიმარს აგზავნიან იტალიიდან...

ხვალ - ზეგ აფხაზეთს გადავლილი რისხვის გრიგალი,

დაიხსნის მიწას - ლტოლვილების ცრემლებით ნამულს

ადექი ბიჭო,

ადექი და

კვლავ გაიპარე...

შენი სიკვდილი კვლავ სჭირდება შენს ტანჯულ მამულს!..

კომენტარი