სალომეს მოღალატე ქმარი და 5 ყოფილი შეყვარებული (მოგონებები კოჯორში)

ნოველის წინა თავები იხლეთ ლინკზე: http://droni.ge/?m=5&AID=26900

თავი V (მოგონებები კოჯორში)

პლედში გახვეული ნიკოლოზი მკერდზე ეწვინა და ჰამაკში ირწეოდა, ბავშვს არ ეძინა თუმცა დედის სითბოს მონატრებული ისედაც მშვიდი პატარა მძინარესავით იყო გატრუნული და ალაგ-ალაგ ტკბილად ღუღუნებდა.

სალომეც შვილივით მოეცვა სიმშვიდეს, ხის ფოთლებით ალაგ-ალაგ დაფარულ ზეცას შეჰყურებდა და გონებით წარსულსა და აწმყოში დაბორიალებდა.

რუსიკომ შიშით გამოატანა ბავშვი, უჩემოდ როგორ მიხედავო. დათისაც არ ესიამოვნა ცოლის მოულოდნელი გადაწყვეტილება უიქეინდის კოჯორში, ნინოს აგარაკზე გატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ სალომე ისედაც არ ელაპარაკებოდა და სიტუაციის გართულებას მოერიდა.

ქმარს და ქმართან საუბარს გამოექცა, თუმცა მასზე ფიქრებს ვერსად გაურბოდა, ზუსტად იცოდა და მკაცრად ჰქონდა გადაწყვეტილი ღალატს არ აპატიებდა და განქორწინება გარდაუვალი იყო, მაგრამ განშორება არ უნდოდა და დროს წელავდა. დათისთან ღალატსა და განშორებაზე საუბრის შემდეგ უკან დასახევი გზა მოჭრილი ექნებოდა, რადგან უთავმოყვარეობად მიაჩნდა განშორების შემდეგ შერიგება და თან სწამდა, თუ კაცს ღალატს ერთხელ აპატიებ ის ამას მეორედაც გაიმეორებს და ესეც რომ არ იყოს, არც პატიება შეეძლო ქმრის.

დათისთან დარჩენის ერთადერთი გზა თავის ისე დაჭერა იყო ვითომც არ გაუგია ქმრის ღალატის შესახებ, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო.

ყველაზე დიდი მიზეზი განქორწინებისათვის კი ის ფაქტი გახლდათ, რომ სალომეს დათის სიყვარულის აღარ სჯეროდა. თავს არასრულფასოვან ქალად გრძნობდა, რადგან სხვაში გაცვალეს და ეს ფაქტი ისე ამცირებდა მას საკუთარ თავთან, რომ ქმრის მიმართ ისეთივე ზომის სიძულვილს გრძნობდა რა ზომის სიყვარულითაც უყვარდა აქამდე.

-შენ, რომ არ მყავდე დღესვე მოვიკლავდი თავს - ჩასჩურჩულა შვილს და ნაზად აკოცა.

„ოხ დათი, რომ იცოდე რამხელა ტკივილი მომაყენე, რომ იცოდე როგორ დამშალე და დამანგრიე, ალბათ დროის მანქანას ინატრებდი და აღარ გააკეთებდი იმას რაც გააკეთე. ვიცი აღარ გიყვარვარ ძველებურად, მაგრამ შენ კეთილი ადამიანი ხარ და კეთილი ადამიანი ასეთ ტკივილს უცხოსაც კი არ მიაყენებდა. დათი შენ მე მომკალი.“ - დათისთვის სათქმელი სიტყვები ნიკოლოზს უთხრა ჩურჩულით და თვალებზე ცრემლები მოადგა.

-სალომეე, შემოდი სახლში გაცივდება ბავშვი - ზურგს უკან ნინოს ხმა მოესმა და ცრემლები სწრაფად მოიწმინდა.

იმ შაბათ-კვირას ნინოს აგარაკზე სხვა სტუმრებიც იყვნენ, ზოგადად ნინო სტუმრებისა და ხალხმრავლობის მოყვარული ადამიანია და ყოველთვის სავსეა მისი სახლიც და აგარაკიც. ამჯერად მხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები და მათი არასრწულწოლოვანი შვილები შეადგენდნენ ნინოს სტუმრების სიას.

საღამოს ბავშვები დააძინეს, პლედები მოიხვიეს და ტერასაზე გავიდნენ მარტინის ჭიქებით ხელში. ნინომ კენიჯის ძველი დისკებით გამოტენა ასევე ძველი მუსიკალური ცენტრი, დაბალ ხმაზე ჩართო მუსიკა და ტრადიციული ქალური საღამოც დაიწყო.

-ყველა რო ვსვავთ, რამე რო იყოს ბავშვებს ვინ მიხედავს? - იკითხა ერთ-ერთმა სტუმარმა, დიეტებისა და ქმრებთან განშორებებისგან ცოტა დანერვოზებულმა მაიკომ, რომელსაც ღმერთმა არაჩვეულებრივი სამსახიობო და მუსიკალური ნიჭი არგუნა, მაგრამ საქართველოში ხომ ვერცერთი მათგანით ვერავინ მდიდრება და მაიკოც იძულებულია თავი მდიდარი ქმრებითა და საყვარლებით ირჩინოს. საყვარლები და ქმრები კი იმ სექსუალური კაბების წყალობით, რომლებითაც ხშირად ჩნდება ტელეეკრანსა და ყვითელ მედიაში ნამდვილად არ აკლია.

-ერთი ჭიქა მარტინი თუ გათრობს წადი დაიძინე, მე მივხედავ შენს შვილს - დაამშვიდა ნინომ.

-მაიკო მაგ ბავშვს არავის ანდობს, უბრალოდ შვილი კი არა შემოსავლის წყაროა. გგონია სიმღერით შოულობს შრილანკაში და მალიორკაზე დასასვენებელ ფულს? დუმბაძის ალიმენტები გენაცვალე, დუმბაძის ალიმენტები - ერთი შეხედვით მწარედ იხუმრა ნახევრად ვარდისფერთმიანმა სოფომ, თუმცა ვინც სოფოს, მაიკოსა და ნინოს მეგობრობა და უკიდეგანოდ შეხუმრებული ურთიერთობა იცის მას ეს სიტყვები მწარე ნათქვამად არ მოეჩვენება და იქ დამსწრე საზოგადოებასაც არაფერი გაჰკვირვებია.

-რა მალიორკა და შრილანკა, ეგვიპტეს არ გავცდენილვარ მე უბედური - დაიწუწუნა მაიკომ

-ერთი შენ არ გაცდენილხარ ეგვიპტეს და მეორე მე ვარ ქალიშვილი - ტელეფონს წამით თვალი მოაცილა თეკომ, რომელიც 4 წლის საბუნას მარტოხელა დედაა, სწორედ იმ საბუნასი რომელმაც მთელი დღეა მოსვენება არ მისცა არავის, ხმაურობდა, დარბოდა, სადღაც ლარნაკიც გატეხა, დედამისი კი შვილის დევნის ნაცვლად ფეისბუქსა და ინსტაგრამს სქროლავდა.

-ეს თურმე გვისმენს, მეგონა ტელეფონში ყურებიანად იყო ჩამძვრალი - თეკოს გამოფხიზლება გაუკვირდა ნინოს.

-ტელეფონი და ფეისბუქი ღუპავს მსოფლიოს - სიგარეტს მოუკიდა ანამ, რომელიც ერთადერთი იყო იქ მყოფთაგან ვისაც შვილი არ ჰყავდა. უშვილობისა და უქმრობის გარდა სხვა ბევრი რაიმითაც გამოირჩეოდა ნინოს სტუმრებისგან. მარჯვენა საფეთქელთან გადაპარსული თმა, საყურეებით სავსე ყურები და ვერცხლის ბეჭდებით სავსე თითები.

-ტელეფონი და ფეისბუქი კი არა უფულობა და უგულობა ღუპავს მსოფლიოს, და ჩემი დედამთლიც - სერიოზული საუბრების ხასიათზე აშკარად არ იყო სოფო.

-რას ერჩი შენ დედამთილს? ჩემი ლექტორი იყო, არაჩვეულებრივი ქალია, ძალიან მიყვარს, სულ ფრიადებით დამამთავრებინა უნივერსიტეტი.

-მაგისი შვილის დაქალი არ ყოფილიყავი ვნახავდით ქრთამის გარეშე თუ გაღირსებდა ნიშანს.

-ხო ეგეც მართალია, მაგრამ მეგობრობა და ახლობლობა რო იცის ადამიანმა არ არის ეგ ცოტა.

-მე რით ვერ დამიმეგობრდა და დამიახლობლდა, 10 წელია მაგისი შვილის ნასკებს ვრეცხავ.

-ექიმი რძალი უნდოდა მაგას - ნინოს და სოფოს საუბარში სიცილით ჩაერია მაიკო.

-ექიმი თუ არა უცხო ენების წითელი დიპლომი ხო მიდევს სახლში, მაგრამ გამიშვა მაგისმა შვილმა სამუშაოდ?

- კაი, კაი არც შენ არ გკლავდა არასდროს შრომისა და თავდადების მზადყოფნა.

სალომე მათ გვერდით იჯდა, მათსავით წრუპავდა მარტინის, მაგრამ მათი მხოლოდ ხმა ესმოდა, სიტყვებს ვერ არჩევდა, ეს აგარაკი მისთვის უმნიშვნელოვანესი მოგონებით იყო გაჟღენთილი და ფიქრებიდან გამორკვევა უჭირდა. ახლაც გადაჰყურებდა ჭიშკარს, რომელთანაც წლების წინ დათიმ ხელი მაგრად ჩასჭიდა და უსიტყვოდ მიახვედრა შენი მეორე ნახევარი ვარო.

გულით ყოველთვის გრძნობდა, რომ დათი ის იყო, ის ერთდერთი მამაკაცი, მისი ცხოვრების ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, ღვთის და ბედის საჩუქარი, თუმცა გონებით ვერასოდეს ხსნიდა, რატომ მაინც და მაინც დათი. ამ ფაქტის ახსნა განსაკუთრებით ურთიერთობის დასაწყისში უჭირდა. მაშინ დათი უდარდელი და უპასუხისმგებლო ბიჭი იყო. მშობლების მხარდაჭერით განებივრებულს ქვეყნად არაფერი ადარდებდა, სასურველის მიღებას ნაჩვევი ხშირად თავხედიც იყო, ზოგჯერ ქარაფშუტაც და ძალიან ზარმაცი. ამ ყველაფრის გამო სალომე ვერ ხსნიდა რატომ იზიდავდა მის გულს ეს ბიჭი ასე ძალიან.

შეყვარებულობის პერიოდი ხანმოკლე ჰქონდათ და სალომესთვის ძალიან რთული, რადგან დათი არ მუშაობდა, მთელ დროს ქეიფსა და დროს ტარებაში ატარებდა, პაემანი კი არა ზოგჯერ დარეკვაც ავიწყდებოდა შეყვარებულთან.

სალომე ბრაზობდა, გული სწყდებოდა, შეყვარებულის გრძნობებში ეჭვი ეპარებოდა, მაგრამ საკმარისი იყო ერთ საღამოს დათი სამსახურთან დახვედროდა, გამთენიისას სახლთან მიეკითხა ღამენათევს „წუხელ ვსვავდი და ისე მომენატრე რესტორნიდან პირადაპირ შენთან წამოვედიო" ეთქვა ან კიდევ უარესი შუაღამისას დაერეკა მის რომელიმე ძმაკაცს "დათი მთვრალია, მოდი მიხედეო“ და სალომეს გული ულბებოდა. დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ დაღლილობა ქრებოდა, დათის დანახვაზე. შუაღამისას უყოყმანოდ გარბოდა რომელიმე რესტორანში ან კლუბში დათის წამოსაყვანად. დათი თავიდან უძალიანდებოდა, მაგრამ სალომე კოცნიდა, ეხუტებოდა, ეჩურჩულებოდა, სახლში მიყავდა და დილამდე მასთან რჩებოდა. რამდენჯერმე წამებში მიუსწრო და ხელჩართულ ჩხუბს გადაარჩინა დათიც და მისი ძმაკაცებიც. ერთხელ ვერ მიუსწრო და გაცეცხლებული მამაკაცების ხროვიდან მოუწია შეყვარებულის გამოთრევა.

დათიზე სალომეს დაუჯერებელი გავლენის შესახებ ხმებმა დათის ოჯახამდეც მიაღწია. შვილის ცხოვრების სტილით და მისი პრობლემების მოგვარებით დაღლილ მშობლებს ჯერ გაუკვირდათ, წარმოუდგენელი იყო ბავშვობიდან დაუმორჩილებელი დათისთვის ვიღაცის სიტყვას ფასი ქონოდა, მერე გაუხარდათ, თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივაო და სალომეს ვინაობა ძირფესვიანად გამოიკვლიეს, ბაბუის ბაუამდე ჩაუყვნენ გენეოლოგიას და მიუხედავად იმისა, რომ სალომეს ბებია ცისფერყანწელების მუზა არ ყოფილა და არც მინისტრი ბიძა ჰყავდა, მაინც მოიწონეს.

მშობლებმა მოიწონეს, მაგრამ დათი ცოლის შერთვაზე არ ფიქრობდა. სალომეს სიყვარულს კი ეფიცებოდა, მაგრამ ქორწილზე მხოლოდ ხუმრობით თუ დასცდებოდა სიტყვა და ისიც როცა მთვრალი იყო.

დათის ქცევებით დაღლილი და განერვიულებული სალომე, რომელიც შეყვარებულს არასოდეს საყვედურობდა და ამაოდ ელოდა ბიჭში თუნდაც მცირედი ცვლილების დანახვას უკვე ნერვული აშლილობის პირას იყო. ზუკა და თაკო მის პრობლემებს ყველაზე უკეთ ხედავდნენ, რადგან დღის განმავლობაში თითქმის სულ ერთად იყვნენ და ერთხელ განტვირთვისთვის ქალაქგარეთ გასვლა შესთავაზეს. სასტუმრო დაჯავშნეს, ზუკას მანქანაში ჩემოდნები ჩაალაგეს და მათ გასვლამდე ერთი საათით ადრე დათის თავში რაღაც გადაუბრუნდა, სალომეს სამსახურში მიადგა, ზუკას და თაკოს დელიკატურად მოუხადა ბოდიში, მერე სალომეს ჩემოდანი თავის მანქანაში გადაიტანა და შეყვარებული თავის აგარაკზე წაიყვანა. თუ დასვენება გინდა ჩემთან ერთად დაისვენებო.

ყველაფერთან ერთად დათი ეგოისტი იყო, სალომეს მეგობრებსა და ნათესავებზეც კი ეჭვიანობდა, ამიტომაც დაქალთან და გეი ძმაკაცთან ერთადაც კი არ გაუშვა დასასვენებლად.

დათის მშობლების აგარაკი გონიო კვარიათის გასაყარზე იდგა, სანაპიროსგან მოშორებით, ტყის პირას. ზღვის ამინდები არ იყო, ამიტომ სახლიდან არც კი გასულან. სალომე უბედნიერესი იყო, მთელი დღეები ჩახუტებულები ისხდნენ ან იწვნენ, დათი გვერდიდან არ იშორებდა, ეფერებოდა, ყავაც კი მოუდუღა რამდენჯერმე, რაც დათისგან ნამდვილი გმირობა იყო.

წამოსვლის წინა დღეს მონასტერი აირია. ბათუმში დათის ძმაკაცები ჩავიდნენ, დაურეკეს ჩამოდიო და ამანაც უარი არ უთხრა. სალომე სახლში დატოვა, სულ ბიჭები ვიქნებით და მოიწყენო, მე მალევე დავბრუნდებიო, რამე ფილმი ჩართე და რო დამთავრდება მეც აქ ვიქნები უკვეო.

სალომემ სამ ფილმს უყურა, მერე დაურეკა. მალე გამოვალო, არ ინერვიულოვო. საჭესთან მთვარლი არ დაჯდეო, ტაქსით წამოდიო, სთხოვა. კალათბურთელი ვახო აქაა, ეგ ხო იცი არ სვავს და მაგას დავსვავ საჭესთანო, დაამშვიდა.

ნახევარ საათში ისევ დაურეკა სად ხარო. აუ ვახო კი არ სვავს საერთოდ, მაგრამ დღეს რატომღაც დალია და ვერ დაჯდება საჭესთანო, მარა ნუ გეშინია დავტოვებ მანქანასო.

ნახევარ საათში კიდევ დაურეკა. ფული რაც მქონდა სულ დავხარჯეო, ტაქსს ვერ დავიქირავებო, მამაჩემს დავურეკე გადმომირიცხავს ფულს და ვიზამ რამესო.

ნახევარ საათში კიდევ დაურეკა, ტელეფონი გამორთული ჰქონდა. დილამდე თვალი არ მოუხუჭავს, ან რა დააძინებდა. იჯდა და ათას უბედურებაზე ფიქრობდა, ნერვიულობისგან გული თუ არ გაუსკდებოდა არ ეგონა.

გათენდა და დათი ისევ არ ჩანდა.

საღამოს 5 საათი ხდებოდა, როცა ფანჯრიდან დათის მანქანა დაინახა, სიხარულისგან მუხლები აუკანკალდა.

დათი ისეთი სახით შევიდა სახლში თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარიყო.

-სად იყავი?

-ბათუმში

-ნერვიულობით მოვკვდი

-აუ ეხლა ბებიაჩემივით ლაპარაკი არ გინდა რა

-რას ქვია ბებიაშენივით ლაპარაკი? მარტო დამტოვე, ტელეფონი გამორთე

-არ გამოვრთე, დამიჯდა

-სხვისი ტელეფონით დარეკავდი პასუხისმგებლობის გრძნობა რომ გაგაჩნდეს.

-რას მიტრაკებ ვერ გავიგე? - აფეთქდა დათი, რადგან სიტყვა პასუხსმგებლობა ყველა ბრუნვაში ჰქონდა მშობლებისგან არაერთხელ მოსმენილი და საშინლად სძულდა - ჩემი ცოლი ხო არ გგონია თავი?

დათის ბოლო ფრაზა ბოლო წვეთი იყო და ცრემლები ვეღარ შეიკავა სალომემ, ატირდა და ჯერ ოთახიდან გავარდა და მერე სახლიდან. ეზოში შეჩერდა, კიბეზე ჩამოჯდა. დათი უკან არ გამოკიდებია, ამან კიდევ უფრო დაუმძიმა გულისტკივილი და ცრემლებმა უფრო ძლიერ იფეთქა, თავი ხელებში ჩარგო და ცხარედ აქვითინდა, არ ახსოვს რამდენ ხანს იჯდა ასე და რამდენ ხანს ტიროდა.

ასე ატირებულს თავს დათის მშობლები დაადგნენ. წინა ღამით დათის ზარს შეუშფოთებია დედ-მამა, რომლებიც ქუთაისში იყვნენ ნათესავის ქორწილში და დილით თბილისის ნაცვლად აჭარისკენ აუღიათ გეზი.

ყველანაირად წაემოიდგენდა სალომე მათთან შეხვედრას, მაგრამ ასე არა. ცრემლები მოიწმინდა, მომავალ დედამთილ-მამამთილს მიესალმა, დათის მეგობრად გაეცნო და სახლში შეუძღვა.

დათი დედას გადაეხვია, მამას მეგობრულად გაჰკრა მხარზე ხელი და ღიმილით ჰკითხა აქ რა გინდათო.

-ჩვენ აქ რა გვინდა კი არა, ამ გოგონას რატომ ატირებ? - ჰკითხა მამამ

-მე ყურადღებას ნუ მომაქცევთ, ეხლავე ბარგს ჩავალაგებ და მივდივარ. უკაცრავად - თქვა სალომემ და მეორე სართულზე ავიდა.

ბარგის ჩალაგებას, რომ მორჩა და პირველ სართულზე ჩამოჰქონდა თავისი ჩანთა დათის მამის ნათქვამ ფრაზას უნებურად მოკრა ყური.

„თუ ცოლად მოიყვან კი“ - თქვა მომავალმა მამამთილმა. სალომეს სხვისი საუბრის მოსმენა არ სურდა, ამიტომ კიბის ბოლო საფეხურებზე ჩემოდანი აახმაურა. ხმაურზე დერეფანში დათი გამოვიდა.

-სად მიდიხარ?

-თბილისში

-რითი?

-თუნდაც ფეხით - ხმა გაებზარა სალომეს და სანამ ტირილს დაიწყებდა ფეხს აუჩქარა და სახლიდან გავიდა. ამჯერად დათი უკან დაედევნა და ეზოში შეაჩერა. საკმზე დასვა, თვითონ კი მის ფეხებთან ჩაიმუხლა.

-მე შენ მიყვარხარ, არავინ რომ არ მყვარებია ისე მიყვარხარ, პირველად რომ დაგინახე იმ წამიდან მიყვარხარ

-არ გეტყობა, რომ გიყვარვარ

-გამომყევი ცოლად

-მამაშენმა რახან გითხრა მაგიტომ? - კიდევ უფრო მეტად გაბრაზდა სალომე

-გაიგე?

-კი

-აქამდეც მინდოდა შენი ცოლად მოყვანა, პირველივე დღიდან მინდოდა, მაგრამ მე სამსახური არ მაქვს, მამაჩემის ხარჯზე ვცხოვრობ და როგორ მოვიყვანოთქო. შენი ხელფასით უნდა გვეცხოვრა ან მამაჩემს უნდა ვერჩინეთ და ასე არ მინდოდა. ახლა მამაჩემმა მითხრა მოგეხმარები, რომ ფეხზე დადგეო, ფულს კი არ მოგცემ, მოგეხმარები, რომ შენით იშოვნო ფულიო. გამომყევი ცოლად გთხოვ.

-რომ გიყვარდე არ მიყვირებდი დღეს

-შენ არ გიყვირე ჩემ თავს ვუყვირე, ჩემ თავზე გავბრაზდი, მამაჩემზე რო ვარ დამოკიდებული მაგიტომ დაგტოვე წუხელ მარტო, არ გადმომირიცხა ფული და ვერ წამოვედი ბათუმიდან.

-ყოველთვის ახერხებ თავის გამართლებას

-აღარ დამჭირდება თავის გამართლება იმიტომ, რომ მიყვარხარ და შენზე ზრუნვა მინდა, შენი ბედნიერება მინდა, აი ნახე რა მაგარი ქმარი ვიქნები. მამაჩემმა თქვა მაგ გოგოს კოჭებში ეტყობა რო შეგცვლის და ჭკუაზე მოგიყვანსო, მამაჩემი ჭკვიანი კაცია, დაუჯერე რა. მე შენი მეორე ნახევარი ვარ, ხო იცი?

პასუხად სალომე სკამიდან ჩამოცოცდა, ისიც მუხლებზე დადგა დათის წინ და მაგრად ჩაეხუტა.

-ეს კის ნიშნავს თუ არას? - გაიცინა დათიმ.

-იდიოტო - კიდევ უფრო მაგრად მოეხვია მომავალ ქმარს სალომე.

(გაგრძელება იხილეთ ლინკზე: http://droni.ge/?m=5&AID=26928 )

კომენტარი