სალომეს მოღალატე ქმარი და 5 ყოფილი შეყვარებული - თავი VII (სილიკონით გაჟღენთილი სალომე)

(ნოველის წინა თავი იხილეთ ლინკზე: http://droni.ge/?m=5&AID=27072 )

ამჯერად უცხო საძინებელში გაიღვიძა. ინსტიქტურად საწოლის მეორე მხარეს გახედა და შეამოწომა კიდევ ეწვა თუ არა გვერდით ვინმე. არავინ დახვდა.

უცნაურ პოზაში ეძინა, დიაგონალზე იწვა და წვივების ნაწილი საწოლის გარეთ ჰქონდა, საბანიც არ ეფარა, ტანზე ღამის პერანგის ნაცვლად მხოლოდ ლიფი და ტრუსები ეცვა.

ოთახის შეთვალიერებამდე მიხვდა, რომ მდიდრულ საძინებელში იყო, რადგან საწოლის გვერდით ტუმბოზე დაინახა ღამის სანათი, რომელსაც 2 წლის წინ ევროპაში წააწყდა ავეჯის მაღაზიაში, მოეწონა, მაგრამ იმდენად ძვირადღირებული იყო, ყიდვა არც უფიქრია.

საწოლიდან ნელა წამოდგა და მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბეში არასოდეს უცხოვრია და მის მეგობრებში არაერთი მდიდარი ადამიანი ერია, მაინც გააოცა ინტერიერმა. ოთახის ერთი კედელი მთლიანად შუშა იყო და ვერანდაზე გადიოდა.

ეზოდან ისეთი საინტერესო ხედი უმზერდა ინსტიქტურად ვერანდისკენ წავიდა, სადაც ორი კომფორტული შეზლონგის ტიპის სავარძელი და შუშის მაგიდა იდგა. ეზოს გადახედა და კიდევ უფრო გაოცდა, ვერანდა უზარმაზარ აუზს გადაჰყურებდა, რომელსაც ნაირ-ნაირი შეზლონგები ერტყა გარს. აუზის გარშემო ულამაზესი ბაღი იყო, მისთვის უცხო ჯიშის ხეებითა და ყვავილებით.

ხედით ტკბობას რომ მორჩა ოთახში შებრუნდა, მინიმალისტურ სტილში გაწყობილი თანამედროვე საძინებელი იმდენად დიდი და ლამაზი იყო თვალებს ვერ უჯერებდა.

ოთახს ოთხი კარი ჰქონდა, პირველის შეღებისას უზარმაზარ აბაზანაში აღმოჩნდა, ჯაკუზი, საუნა და ორ ადამიანზე გათვლილი პირსაბანი.

მეორე კარი ასევე უზარმაზარ გარდერობში გადიოდა, ამხელა გარდერობი კი არა საძინებელიც კი არასოდეს ენახა სალომეს. უამრავი კაბა, ფეხსაცმელები, ჩანთები და სხვა ათასი სამოსი ისე იყო დალაგებული თავი ტანსაცმლის მაღაზიაში გეგონებოდათ.

მესამე კარიც გარდერობში გადიოდა, ოღონდ ეს უკვე მამაკაცის გარდერობი იყო, პირველი გარდერობივით ესეც გავდა ტანსაცმლის მაღაზიას და სალომე მიხვდა ეს სავარაუდოდ მისი ქმრის სამოსი იყო.

მეოთხე კარის გაღება არ დასცალდა, რადგან მამაკაცის გარდერობიდან გამოსვლისას კაკუნის ხმა გაიგო და ვიღაც სწორედ მეოთხე კარზე აკაკუნებდა. სალომემ ხალათის ძებნა დაიწყო, მაგრამ ვერ იპოვა და საწოლის გადასაფარებელი მოიხვია ტანზე.

-მობრძანდით - დაუძახა კარს იქით მდგომ უცნობს და ინტერესით დაელოდა მის დანახვას.

-გაიღვიძეთ ქალბატონო სალომე? - მოესმა ქალის ხმა, რომელიც გერმანულად ესაუბრებოდა - შეიძლება შემოვიდე?

-ქამ ინ - ინსტიქტურად ინგლისურად უპასუხა სალომემ და როცა უცხო ქალმა კარზე კაკუნი გააგრძელა მიხვდა გერმანულად უნდა ეპასუხა. მართალია სტუდენტობისას ერთი სემესტრი ჰიტლერის სამშობლოში ისწავლა, მაგრამ ინგლისურენოვან ჯგუფში სწავლობდა, სალაპარაკო გერმანული იცოდა, მაგრამ ენამ დავიწყება იცის, ამიტომ გონების დაძაბვა მოუწია პასუხის მოსაფიქრებლად და მერე მძიმე აქცენტით გასძახა „ბითე ბეზუხენ“

ოთახში დაახლოებით 50 წლის ქალი შემოვიდა, გუთენ მორგენო გაუღიმა, მერე სახეზე დააკვირდა და ღიმილი სინანულმა და სიბრალულმა შეცვალა.

„ვიდა?“ - თქვა და თავი გადააქნია ქალმა, ანუ „ისევო?“ - ჰკითხა. სალომემ მისი ნათქვამის შინაარსი მართალია გაიგო, მაგრამ ვერ მიხვდა რას გულისხმობდა მისთვის უცხო გერმანელი ქალი, ამიტომ ჩაეკითხა რას გულისხმობთო და ქალმა ლოყაზე მიუთითა.

სალომე სარკესთან მივიდა და საკუთარ სახეზე სილურჯენარევი სიწითლე დაინახა.

„ვინმემ მცემა თუ წავიქეცი?“ - გაიფიქრა, მაგრამ საკუთარი გამოსახულების უკეთ დანახვის შემდეგ სულ დაავიწყდა ეს საეჭვო წარმომავლობის სიწითლე.

სარკიდან საკუთარი თავის სულ სხვა ვერსია უმზერდა, დაბერილი ტუჩები, გარუჯული კანი, სავარაუდოდ ცხვირის ფორმაც შეცვლილია და ეს ყველაფერი არ გახლავთ, მისი მკერდი ორჯერ ან სამჯერ უფრო დიდი იყო ვიდრე სალომეს ახსოვდა, სხეული კი იმაზე ბევრად უფრო გამხდარი ვიდრე ოდესმე ყოფილა.

„გერმანიაში ვარ, ამერიკელ ბარბის ვგავარ, ფრანგული სუნამო მასხია და ვიღაცამ მცემა. რა შარში გაყავი თავი სალომე?“

სილიკონით გაჟღენთილი სალომესგან პასუხის მიღება, გერმანელმა ქალმა არ აცადა, რადგან საუბარი მისთვის არც მთლად კარგად გასაგებ გერმანულ ენაზე დაუწყო. ნამდვილმა სალომემ გაჭირვებით გამოიტანა აზრი ქალის სიტყვებიდან, თუმცა მიხვდა, რომ ვიღაც მენეჯერი გესტუმრა და გელოდებაო.

„ჩავიცვამ და გამოვალ“ - გერმანულად როგორ უნდა ეთქვა ვერ გაიხსენა, ამიტომ ქალს ჟესტებით ანიშნა სათქმელი და მისი გასვლის შემდეგ ტანსაცმლის ძებნა დაიწყო, თან იმაზე ნერვიულობდა იმ მენეჯერს როგორ უნდა ველაპარაკოვო.

ოთახიდან გასული ტურისტივით ათვალიერებდა მდიდრულ სახლს, რომელშიც სავარაუდოდ თავად ცხოვრობს და გაშტერებული სახით ჩავიდა პირველ სართულზე.

-ჰელო მაი დეა ბეიბი, აი ემ სო სედ აბოუთ ით (გამარჯობა ჩემო პატარავ, ძალიან ვწუხვარ ამის გამოვო) - ინგლისურად მიესალმა მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ მენეჯერი იყო და სალომესდაგასაოცრად ინგლისურად ლაპარაკობდა.

-და რა მოხდა? - დაინტერესდა სალომე, რომელიც გახარებული იყო, რადგან გერმანულად საუბარი არ სჭირდებოდა.

-ეს უკვე მთელმა მსოფლიომ გაიგო პატარავ, იგნორირებას აზრი არ აქვს და სწორედ ამიტომ მოვედი - უპასუხა მენეჯერმა

„ჯერ ამ ბოტოქსიან სალომესთან უნდა მელაპარაკა და მერე ჩამოვსულიყავი, ალბათ ძალიან სულელური გამომეტყველება მაქვს“

-მართლა?

-ხო, ჟურნალები, გაზეთები, ინტერნეტი სავსეა ფოტოებით, უკვე ფან კლუბიც შექმნეს ჰანცი და მელისა, ძალიან ბევრ ადამიანს უნდა ჰანცმა მიგატოვოს და მელისაში გაგცვალოს. არ გეწყინოს, მელისა ცნობილი მოდელია, ბევრი ფანი ჰყავს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებთ.

სალომემ არ იცოდა ვინ იყო მელისა, მაგრამ იცოდა ვინ იყო ჰანცი.

ერთმანეთი ბერლინიდან მომავალ თვითმფრინავში გაიცნეს. სალომე საქართველოში ბრუნდებოდა, მისი თვითმფრინავი მწყობრიდან გამოვიდა და მგზავრები სხვადასხვა თვითმფრინავებში გადაანაწილეს, სალომეს ბიზნეს კლასის ბილეთი შეხვდა, სადაც გაიცნო კიდეც ჰანცი, გერმანელი ფეხბურთელი, რომელიც გუნდთან ერთად თურქეთში თამაშზე მიფრინავდა.

ჰაერში დაწყებული ნაცნობობა ინტერნეტით გააგრძელეს. ორი თვის შემდეგ ჰანცი თბილისში ჩამოვიდა 2 დღით. სალომემ ქალაქი დაათვალიერებინა, საღამოს კი სასტუმროში მიაცილა. ჰაცმა ნომერში ასვლა შესთავაზა, სალომემ უარი უთხრა და ბიჭმა ეს სწორად ვერ გაიგო.

სალომემ იცოდა, ევროპელ მამაკაცს ვერ აუხსნი ქალიშვილობის ინსტიტუტისა და ქორწილის ლოდინის ფენომენს, ამიტომ ახსნა არც უცდია. ამ გაუგებრობამ მათ ურთიერთობას ჯერ მძიმე, შემდეგ კი მძიმე წერტილი დაუსვა.

თბილისიდან ჰანცის წასვლის შემდეგ სალომეს მისგან წერილი აღარ მიუღია, მხოლოდ ერთხელ დაურეკა გერმანელმა, მაგრამ სალომემ ტელეფონის ზარი ვერ გაიგო. მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, შემოსავალი არ ჰქონდა, საზღვარგარეთ ზარები ძალიან ძვირი ღირდა, ზარს ხომ არ გაუშვებდა, ეს ქალისვილობის ინსტიტუტივით გაუგებარი იქნებოდა გერმანელისთვის, ამიტომ არ გადაურეკა.

მას შემდეგ ჰანცთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა ინტერნეტით შეიტყო პერსპექტიული გერმანელი ფეხბურთელის მიერ ალპებში სნოუბორდზე სრიალისას ტრამვის მიღებისა და კარიერის დასრულების შესახებ.

-გეგმა უკვე მოფიქრებული მაქვს, კიდევ ერთხელ უნდა მომენდო - მოგონებებიდან ინგლისურად მოსაუბრე მენეჯერის სიტყვებმა გამოაარკვია. - სასწრაფოდ უნდა დატოვო მადრიდი, ჟურნალისტებს უნდა ეგონოთ, რომ ქმარი მიატოვე, მერე ერთ-ორ ჭორს გავავრცელებთ იმის შესახებ თუ როგორ დარდობს ჰანცი, ენატრები დეპრესიაშია, ნანობს შეცდომას, მერე შერიგდებით და მორჩა

-რა უნდა დავტოვო? - მადრიდის ხსენებამ გააოცა სალომე

-მესმის შენი მაღაზიის გახსნისთვის ემზადები, მაგრამ დამიჯერე ეს შენ ბიზნესსაც წაადგება

-ეხლა მადრიდში ვართ?

-დიახ - გაოცებით დაუქნია თავი მენეჯერმა.

„მადრიდში ვარ, ჩემს მაღაზიას ვხსნი, გერმანელმა ქმარმა ვიღაც მოდელთან მიღალატა და სავარაუდოდ მცემა ან კიდევ უარესი მცემს ხოლმე. სილიკონით გაჟღენთილ სალომეს უნდა დაველაპარაკო და ამ გლამურულ ნაგავში უნდა გავერკვე“

მენეჯერს სთხოვა ცოტა ხანს დამელოდე, საკუთარ თავთან სალაპარაკო მაქვს და მოვალ მალეო. ოთახიდან გავიდა და კარის გახურვისას გაოცებული მენეჯერის ბუტბუტი გაიგონა „მგონი, ამჯერად ძალიან მაგრად მოარტყა ქმარმაო“

საძინებელში დაბრუნდა და სილიკონით გაჟღენთილი სალომეს მოგონებებში გადაეშვა.

იმ დღეს ჰანცის სატელეფონო ზარის ხმა გაიგო.

„ძალიან მაგარი კონტრაქტი გავაფორმე, კარგ საფეხბურთო კლუბთან, ჩემს კარიერაში ახალი ეტაპი იწყება და აღსანიშნავად ალპებში მივდივარ სასრიალოდო, წამოდი შენცო. ვერ წამოვალო, ვიზა არ მაქვსო, შენ ჩამოდიო, ალპები არა, მაგრამ გუდაური და ბაკურიანი გვაქვსო“

ჰანცი ჩამოვიდა, ამჯერად სალომემ გერმანელს აუხსნა ქართული ტრადიციები და ისიც დაამატა ბიჭისთვის ნაკოცნიც კი არ მაქვსო.

გერმანელი გაოცებისგან ლამის გაგიჟდა, ეგონა მერვე საოცრებას გადავეყარეო. ეგზოტიკა ან უმანკო გოგოები მოსწონდა თუ მიხვდა ქორწილის გარეშე სექსი ვერ გვექნებაო არავინ იცის, მაგრამ ფაქტია ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ სალომეს ცოლობა სთხოვა.

ჰანცს დიდი დრო არ ჰქონდა, ამიტომ უცებ მოაწერეს ხელი, ქორწილი არც კი გადაუხდიათ, პატარა სუფრა გაშალეს სალომეს მშობლების სახლში და პერსპექტიული ფეხბურთელი ქართველ ცოლთან ერთად დაუბრუნდა სამშობლოს.

ქმარს მისთვის არასოდეს ეცალა. ვარჯიში, თამაში, სამწუხაროდ სხვა ქალებიც, რომლებიც მუდმივად ეხვივნენ გარს და დასდევდნენ კუდში, ამიტომ ქართულ-გერმანულ ამ ოჯახს სიმდიდრისა და პოპულარობის მიუხედავად ბედნიერს ვერ ვუწოდებთ.

ჰანცი სახელს იხვეჭდა, მილიონობით ფეხბურთის ფანის კუმირი ხდებოდა, სალომე კი მოწყენილი იჯდა სახლში.

თავიდან კულინარიის კურსებზე დაიწყო სიარული, 6 თვე ამით გაერთო. ეგონა გემრიელ გერმანულ კერძებს თუ გავუკეთებ ქმარს, შევუყვარდებიო, მაგრამ შეცდა, ჰანცს მხოლოდ ფეხბურთი და საკუთარი თავი უყვარდა.

წარუმატებელი ქორწინების მიუხედავად განქორწინებაზე არცერთი ფიქრობდა. სალომეს ვერ წარმოედგინა მილიონობით ადამიანის კუმირსა და უამრავი ქალის ოცნების მამაკაცთან განშორება. ჰანცსაც არ უნდოდა მისი დაკარგვა, თან მიჩვეული იყო ცოლს და თან სალომე მისი სტატუსის მქონე მამაკაცის მეუღლისთვის აუცილებელ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა. ლამაზი იყო, საზოგადოებაში თავის დაჭერა იცოდა, შესანიშნავი აქსესუარი გახლდათ ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას და რაც ჰაცისთვის ყველაზე მთავარი იყო მის ფანებს მოწონდათ მისი ცოლი, ფანების აზრი კი ღმერთის აზრზე მნიშვნელოვანი იყო მისთვის.

კულინარიის კურსების შემდეგ შოპინგმა გაიტაცა გერმანელი ფეხბურთელის ქართველი ცოლი, უამრავ ტანსაცმელსა და აქსესუარს ყიდულობდა.

რაღაც პერიოდის შემდეგ მაღაზიებში გამოფენილი სამოსი აღარ აკმაყოფილებდა და პირადი მკერავი დაიქირავა, თავად იგონებდა სამოსის დიზაინს, მკერავი კერავდა და მოკლე დროში ჩაცმის სტილით საზოგადოების დიდი ყურადღება მიიქცია, ხოლო როცა გერმანელებმა TOP 10 it girls - ში შეიყვანეს სალომემ ტანსაცმლის საკუთარი ხაზის გამოშვება გადაწყვიტა.

ამასობაში ჰანცი ესპანურმა კლუბმა იყიდა, მადრიდში მათი ჩასვლის შემდეგ ესპანური მედია წერდა სალომე და ჰანცი ჩვენს ქვეყანაში დასახლდნენო. ამ დროს სალომე უკვე სილიკონშერეული გლამურული ქალი იყო, რომელსაც სახლში ჯდომისთვის აღარ ეცალა, დადიოდა ფეშენ ვიქებზე, სხვადასხვა წვეულებებზე და კოკო შანელობაზე ოცნებობდა.

ჰანცის კარიერაში კი რთული პერიოდი იყო, გუნდის შეცვლამ მის თამაშზე ცუდად იმოქმედა, ძველებურად ვეღარ ახერხებდა სტადიონზე მაყურებელში მისი სახელის სკანდირების გამოწვევას. ცოლსაც აღარ ეცალა მისთვის, სახლში დაბრუნებულს სალომე ძველებურად არ ხვდებოდა, მის თავს კალთაში არ იდებდა და თმებში თითების სრიალით აღარ უმშვიდებდა ნერვებს.

იდეალური ოჯახი არც აქამდე ჰქონიათ, მაგრამ ახლა ცოლ-ქმარს შორის ჩხუბებმა იმატა, გაბრაზებულმა ჰანცმა ცოლს რამდენჯერმე ხელიც კი დაარტყა.

ბოლო ანუ წუხანდელი ჩხუბი განსაკუთრებით მძიმე იყო. ყვითელ მედიაში ჰანცისა და ცნობილი მოდელის ინტიმური ფოტოები გავრცელდა, რამაც სალომეს ისტერიკა გამოიწვია. ფეხბურთელი აქამდეც ღალატობდა ცოლს, მაგრამ ამას ისე აკეთებდა, სალომე მხოლოდ ქალური ინტუიციით ხვდებოდა ქმრის ცხოვრებაში სხვა ქალების არსებობას.

სილიკონით გაჟღენთილი სალომეს მოგონებებიდან საბაზისო ინფორმაციის მიღების შემდეგ ნამდვილი სალომე იმ მენეჯერთან დაბრუნდა, რომელიც ქვედა სართულზე ელოდა. ცნობისთვის ეს კაცი ემანუელი გახლავთ, ჰანცის გუნდის პიარ მენეჯერი, რომელიც ქართულ-გერმანულ ოჯახს არაერთხელ დახმარებია იმიჯის შენარჩუნებაში.

-მაპატიე ემანუელ, გესმის ალბათ ემოციური შოკი მაქვს და წეღან არაადეკვატური ვიყავი. ახლა გისმენ

-არაუშავს ბეიბი - გაუღიმა ემანუელმა - შენს სამშობლოში უნდა წახვიდე და სანამ არ გეტყვი არ უნდა ჩამოხვიდე, მე აქ ისე მოვაწყობ ყველაფერს ტრიუმფით დაბრუნდები და არავის ემახსოვდება ვიღაც მელისა

-კარგი - დაეთანხმა სალომე, რომელსაც ერთი სული ჰქონდა იქაურობას მოშორებოდა.

"დამპალი გერმანელი, მე რომ მაშინ ყურმილი არ ამეღო და თბილისში არ დამეპატიჟებინა, ალპებში წავიდოდა, ფეხს მოიტეხავდა და კარიერას დაასრულებდა. მე უნდა მიმადლოდეს ყველაფერს და ეგ კიდევ მღალატობს. ყველა კაცი ერთნაირია!"

***

აეროპორტში ის ნათესავები და ნაცნობ-მეგობრებიც კი დახვდნენ, რომელთა არსებობა აღარ ახსოვდა. სახლამდე პრადოს ჯიპით მიიყვანა მამამისმა, გზაში დედამისი ენას არ აჩერებდა, მთელი გზა იმაზე საუბრობდა თუ როგორი კარგი სიძე ჰყავს და როგორ უყვარს ჰანცი ყველას.

მშობლები მისთვის უცხო მდიდრულ სახლში ცხოვრობდნენ. არ უკითხავს, მაგრამ მიხვდა ეს სახლიც და პრადოს ჯიპიც ჰანცის ფულით იყო ნაყიდი.

მის საპატივცემლოდ მშობლებს დიდი სუფრა გაეშალათ და მისი მეგობრები მოეწვიათ, მათ შორის იყო ნინოც, რომელმაც ჰკითხა ამ შაბათ-კვირას კოჯორში წვეულებას გავმართავ და ხო მოხვალო?

-აუცილებლად - უპასუხა სალომემ და გული აუჩქარდა, რადგან უკვე იცოდა იქ დათის გაიცნობს კიდევ ერთხელ.

***

რამდენიმე დღე მოუთმენლად ელოდა ნინოს აგარაკზე ასვლას, მაგრამ იქ მისულს მოულოდნელი სურათი დახვდა. ნინოს ტრადიციული სუფრის ნაცვლად ალა ფურშეტი მოწეყო და სტუმრებიც სულ სხვა მოეწვია. სახლი ცნობილი ქართველებით იყო სავსე, დიზაინერები, მოდელები, ფეხბურთელები და პოლიტიკოსებიც კი.

-რა ხდება აქ, სად მომიყვანე? - უკმაყოფილოდ ჩასჩურჩულა მასპინძელს სალომემ.

-საუკუნეა თბილისში არ ყოფილხარ, აქ ხალხი შენს გაცნობაზე ოცნებობს და ისინი დავპატიჟე ვინც ყველაზე მეტად იმსახურებდა

-კაცმა რომ გკითხოს სნობი არ ხარ - ნინოს წყენინება არ სურდა და უკმაყოფილება ღიმილით დამალა სალომემ.

მთელი საღამო ეკლებზე იჯდა, დათის ელოდა და ეშინოდა არ მოვაო. ძალიან უნდოდა ქმარს მისი ასეთი ვერსია ენახა, ბარბის თოჯინასავით მოვლილი და არმანის კაბაში გამოწყობილი.

უხასიათოდ იყო, დამსწრე საზოგადოებამ მისი განწყობა ვარსკვლავურ სენს დააბრალა, თუმცა აპატიეს და მაინც აღფრთოვანებულნი შესციცინებდნენ თვალებში, რადგან ის მსოფლიოში სახელგანთქმული კაცის ცოლი იყო.

დათის გამოჩენის იმედი საბოლოოდ, რომ გადაეწურა სწორედ მაშინ შემოვიდნენ ოთახში ნინოს ბიძაშვილი და მისი ძმაკაცები. ქმრის დანახვაზე გული ისე შეუხტა შეეშინდა არ გამისკდესო, მთელ სხეულში ჭიანჭველებმა დაუწყეს სირბილი, მუცელში პეპლები შეფრინდნენ და ზურგზე უხილავი ფრთებიც იგრძნო.

ეგონა დამინახავს და ჭკუიდან გადავაო, მაგრამ დათიმ მხოლოდ ერთხელ შეათვალიერა და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ჰანცის ცოლი იყო. სალომეს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როგორ შეიძლება დანახვისთანავე არ შევყვარებოდი, მე ხომ ცოცხალ ბარბის ვგავარო.

მთელი საღამო ფარულად უყურებდა ქმარს და როცა დათი ოთახიდან გავიდა სალომე უკან გაყვა. დერეფანში სწორედ მაშინ გავიდა, როცა დათი იმ სიტყვებს ამბობდა, რომელიც სალომეს უკვე ორჯერ ჰქონდა მოსმენილი ზუსტად ამ ადგილას.

-სადაც დამტოვე იქ მომაკითხე - უთხრა დათიმ ვიღაცას ტელეფონში და ამჯერად სალომემ არ აცადა ლაპარაკი.

-ნურავის ამოიყვან ამხელა გზაზე, მანქანით ვარ და მე წაგიყვან - უთხრა ქმარს, რომელიც მას პირველად ხედავდა და წესით შენობით არ უნდა დალაპარაკებოდა. დათი მობრუნდა და გაოცებისგან პირი დააღო.

- მე მეუბნებით?

-ხო შენ - გაუღიმა სალომემ

ეზო მდუმარედ გაიარეს, ჭიშკრიდან გასვლის შემდეგ კი სალომემ დათის ხელი ჩაჰკიდა. ბიჭი თავიდან გაოცდა, გაფართოებული თვალებით შეხედა სილიკონით გაჟღენთილ ქალს, მერე კი მანაც მოუჭირა ხელზე ხელი და უკვე მესამედ მოიცვა ორივე იმ გრძნობამ, რაც მათი ხელების შეხებას რეალურ ცხოვრებაშიც მოჰყვა და ადრეგათხოვილი სალომეს ცხოვრებაშიც.

სილიკონით გაჟღენთილი სალომეს და დათის რომანი სწრაფად განვითარდა. ყოველდღე ხვდებოდნენ ერთმანეთს და ცეცხლოვან ღამეებს ატარებდნენ ერთად.

ჰანცისგან არაფერი ისმოდა. შეიძლება ისევ გაბრაზებული იყო ცოლზე, რომელმაც სკანდალის მოწყობა გაბედა ან უბრალოდ ტკბებოდა თავისუფლებით და სულაც არ აწუხებდა სალომეს არ ყოფნა. თამაშიც უკეთ დაიწყოვო წერდნენ სპორტული გამოცემები, შეიძლება მელისასაც ისევ ხვდებოდა, თუმცა ეს ამბავი აღარ მოხვედრილა მედიაში.

სამაგიეროდ ხშირად რეკავდა ემანუელი და სალომეს ამბებს კითხულობდა. გაურკვეველი მეთოდით დათის არსებობაც გაეგო და ფეხბურთელის ცოლი დაარიგა ფრთხილად იყავი, ჰანცმა არაფერი გაიგოსო. სალომეც ფრთხილობდა და ცნობისმოყვარე ხალხის თვალისგან დასამალად დათის მშობლების აგარაკზე წავიდა საყვარელ მამაკაცთან ერთად.

არაჩვეულებრივად ატარებდნენ დროს, მიუხედავად იმისა რომ სახლიდან არ გასულან.

კვარიათიდან წამოსვლის წინა დღეს დათის ძმაკაცებს აღარ დაურეკავთ, რადგან არავინ იცოდა სად იყო დათი. ის და სილიკონით გაჟღენთილი სალომე ყველას საგულდაგულოდ ემალებოდნენ.

შებინდებისას წამივიდნენ თბილისში. დათი საჭესთან იჯდა, სალომეს სიჩქარის გადამრთველზე ედო ხელი და სიჩქარის ყოველი გადართვისას ნაზად ეხებოდა საყვარელი მამაკაცის თითები მის სოლარიუმში გარუჯულ კანს. წყნარი მუსიკა ჰქონდათ ჩართული და უზომოდ ბედნიერები იყვნენ.

ნეტარებიდან სალომეს ტელეფონის ზარმა გამოარკვიათ, მადრიდის კოდით იწყებოდა ნომერი და ქალმა იფიქრა, ემანუელი მირეკავს მორიგი მითითებებითო, მაგრამ ტელეფონში ჰანცის ხმა გაიგო.

„გერმანელები არავის პატიობენ ღალატს შე ძუკნა“ - ჩურჩულით უთხრა ფეხბურთელმა ქმარმა და რამდენიმე წამში სალომემ ჯერ თითქოს ციდან ჩამოვარდნილი ტრაილერი დაინახა, რომელიც მათკენ მოდიოდა, მერე დაჯახების ხმა გაიგო და მერე ყველაფერი ბნელმა მოიცვა.

სილიკონით გაჟღენთილი სალომე პლასტმასის ბოთლივით დაჭეჭყილ მანქანაში დარჩა, ნამდვილი სალომე კი სულთან ერთად ამოვიდა მისი სხეულიდან და ზემოდან დაჰყურებდა სხეულებს, რომლებსაც სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდათ.

***

აკანკალებული გამოვიდა ჰიპნოზიდან, ტიროდა და შეშინებული, შეშლილილი სახით ცდილობდა გონს მოსვლას.

-დამშვიდდით ეს მხოლოდ სიზმარია -მხარზე ხელი დაადო ოკრამ

-დათი, დათი როგორაა?

-არ ვიცი, მაგრამ ისე არა როგორც სიზმარში ნახეთ

-დათი უნდა ვნახო - თქვა და ფეხზე წამოდგა

-კიდევ სამი სეანსი დაგვრჩა - შეახსენა ოკრამ

-არ მჭირდება თქვენი სეანსები - მიახალა და გასასვლელისკენ წავიდა. თაკოც უკან მიყვა.

-დაბრუნდება - ჩაილაპარაკა ოკრამ გოგონების წასვლის შემდეგ - ყველა ბრუნდება.

***

დათი სახლში დახვდა, დივანზე იწვა და ჭერს მიშტერებოდა, მის გვერდით საბავშვო ეტლში ნოკოლოზს ეძინა.

სალომე აკანკალებული მიუახლოვდა ქმარ-შვილს, დივნის კიდეზე ჩამოჯდა, ქმარს მკერდზე თავი დაადო და მაგრად მიეკრა სხეულზე. ჰიპნოზის დროს ნანახი სიზმარი ისეთი რეალური გახლდათ, მას შემდეგ ცოცხალი დათის დანახვა და მისი სუნთქვის მოსმენა ისეთი ბედნიერება იყო იმ წამს სალომესთვის როგორიც არასოდეს განეცადა. კიდევ ერთხელ იგრძნო რა ძალიან უყვარდა ქმარი და რა ძვირფასი იყო მისთვის მისი სიცოცხლე. დათიც მოეხვია და კარგა ხანს იყვნენ ასე, ხმას არცერთი არ იღებდა.

-განქორწინინება მინდა, უნდა დავშორდეთ - დაარღვია ბოლოს სიჩუმე ცოლმა და იგრძნო როგორ აჩქარდა დათის გულისცემა.

გაგრძელება იხილეთ ლინკზე: http://droni.ge/?m=5&AID=27153

კომენტარი