საგანმანათლებლო პროგრამები აჭარის მუზეუმებში

წელს პირველად აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიცირებით დაიწყო პროექტი, რომლის მიზანია რეგიონში მოქმედ მუზეუმებში საგანმანათლებლო საქმიანობის გააქტიურება და მუზეუმის შემეცნებითი როლის გაზრდა, სკოლისა და მუზეუმის დაახლოება.

პროექტის ფარგლებში შემუშავდება რეგიონში მოქმედი მუზეუმების ექსპოზიციის სპეციფიკის შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები 6-18 წლის ასაკობრივი კატეგორიის ვიზიტორებისათვის. აღნიშნული პროგრამები საშუალებას მისცემს ბავშვებსა და მოზარდებს არტეფექტების მეშვეობით ახლებურად გაიაზრონ, შეეხონ, შეიგრძნონ მუზეუმებში დაცული წარსული.

პროექტს ახორციელებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო დეპარტამენტი, რომელშიც ჩართულია რეგიონში მოქმედი 9 მუზეუმი. პირველ ეტაპზე მოეწყო გაცნობითი ტური რეგიონის მუზეუმებში. ასევე, 28 ივნისს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დაიწყო ტრენინგები მუზეუმების თანამშრომლებისთვის, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. პირველი ეტაპის მიზანია საგანმანათლებლო პროგრამების კურიკულუმის შემუშავება და შესაბამისი დამხმარე მასალის შექმნა. II ეტაპზე მოხდება თითეული საპილოტე ვერსიის აპრობაცია არანაკლებ სამ სამიზნე ჯგუფთან, მათი შეფასება და საბოლოო სრულყოფა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ნათია სიარაბიძის განმარტებით ამ ტიპის პროექტების მეშვეობით მუზეუმებში დაინერგება საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ტრადიცია, რაც ახალგაზრდა თაობას საშუალებას მისცემს აქტიურად იყვნენ ჩაბმულები დამატებით შემეცნებით საქმიანობაში. ეს კი, თავის მხრივ, დადებითად აისახება ადგილობრივ მუზეუმებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობადობის ამაღლებაზე.

კომენტარი