სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გელა დაიაური - როცა სხვის ცხოვრებას ეხები, მეტი სიფრთხილეა საჭირო

იმდენად დადებითია, ტკივილისთვის გენანება... პირველი, რაც თავში მოგდის - ის ამხელა უბედურებას არ იმსახურებდა... ეს არის ადამიანი, რომელიც ბედნიერია იმით, რომ სხვებს ანიჭებს ბედნიერებას. ძალიან ძლიერია, ემოციებს აკონტროლებს, მაგრამ...

ძალიან გამიკვირდა, ინტერვიუზე მისულს პირველი, რაც მკითხა, ჩემს შესახებ საიდან გაიგეთო. არადა არ მგონია, რომ ვინმემ არ იცის ეს სახელი და გვარი - გელა დაიაური, პოეტი, ფოლკლორისტი და უბრალოდ, შესანიშნავი ა დ ა მ ი ა ნ ი...

"ხმა წარსულიდან"

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მასთან ინტერვიუს ჩაწერა გადავწყვიტე, ეს გადაცემა იყო - "ხმა წარსულიდან". ერთ-ერთ რადიოში შემთხვევით მოვისმინე და გამიკვირდა, როცა აღმოვაჩინე, რომ სწორედ გელა დაიაურს მიჰყავდა. რადიოს სახელიც კი არ ვიცოდი...

გელა დაიაური: ეს არის რადიო "პროგრესი" FM 97.5. საერთოდ, რადიოში მუშაობის გამოცდილება არ მქონია. დამიკავშირდნენ და მთხოვეს, გამეკეთებინა გადაცემა, რომელსაც ჰქვია "ხმა წარსულიდან". გადაცემა არის ფოლკლორზე. თავიდან ჩემს თავზე ვერ ავიღე პასუხისმგებლობა და ვთხოვე, გამსაუბრებოდნენ. უნდა მცოდნოდა, რა ფორმატის იქნებოდა. ამის შემდეგ, მთხოვეს, თვითონ გამეკეთებინა გადაცემის გეგმა. მთლიანად ფოლკლორზე არ გადავერთე, ნამდვილი ფოლკლორი ძალიან მძიმე მოსასმენია. თავიდანვე ვუთხარი, რომ, თუ იქნებოდა აწყობილი მთლიანად ფოლკლორზე, ნაკლები მსმენელი გვეყოლებოდა. ამის შემდეგ გადავწყვიტე, ყველა გადაცემაში თითო კუთხე მყოლოდა, რათა გადაცემა უფრო საინტერესო ყოფილიყო. საუბარი მიდის ამ კუთხეზე, მისი ცხოვრების წესებზე, ადათებზე, არის რაიმე ლეგენდა, ასევე ერთი ლექსის ან სიმღერის ისტორია. თავიდან ცოტა მიჭირს, მაგრამ საინტერესო გამოვიდა. უკვე გავიდა სამი გადაცემა. პირველ გადაცემაში ვისარგებლე, რომ ხევსური ვარ და სტუმრად ხევსურები მყავდნენ, მეორე გადაცემა მივუძღვენი ნუგზარ ფსუტურის ხსოვნას, შემდეგი იყო რაჭა და ახლა უნდა მყოლოდა სამეგრელო, მაგრამ ხარვეზების გამო გადაცემა ეთერში ვერ გავიდა.

- გადაცემის მიმდინარეობის დროს თუ იგებთ რაიმე ახალს და საინტერესოს სტუმრებისგან?

- ახალს, ალბათ, უფრო მსმენელი იგებს. მე დამთავრებული მაქვს კავკასიური ენების სპეციალობა, ვსწავლობდი ეთნოგრაფიას, რა თქმა უნდა, ფოლკლორსაც. მეტ-ნაკლებად ვიცი ეს ტრადიციები, მაგრამ ახლებსაც ზოგჯერ მეც ვიგებ. იყო კურიოზული შემთხვევაც, შემომთავაზეს გამეშვა ემინემის ახალი სიმღერა.

- რამდენად აქტიურია მსმენელი?

- ჯერჯერობით არ ვაპიარებთ. ინტერნეტკაბელი დაზიანებულია და ამიტომ რადიო ინტერნეტში ვერ გადის, არადა ძირითადად იქ უსმენენ ხოლმე. ბევრმა ადამიანმა დამირეკა, რადიო არ გვაქვს და ინტერნეტში რატომ ვერ ვუსმენთო. ალბათ, ეს პრობლემაც მოგვარდება.

- ყველა გადაცემაში სტუმრად სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელი იქნება?

- კი და მკითხეს, რომ მორჩები, მერე რას იზამო, მაგრამ იმდენი საინტერესო რამ შეიძლება მოიფიქრო... მერე ვფიქრობ, ანსამბლების მოწვევას. ეს გადაცემა ჩემთვის ძალიან საინტერსოა, რადგან ზუსტად იმას ვემსახურები, რაზეც ვამბობ, რომ არ უნდა დავკარგოთ. არ უნდა დავკარგოთ ჩვენი ფესვები. ძალიან გამაოცა იმან, რომ ბევრმა არ იცოდა, ვინ იყო ნუგზარ ფსუტური. დღეს ძირითადად ანსამბლები მის სიმღერებს მღერიან. ბევრმა იცის სიმღერა, მაგრამ არ იცის, ვინ არის მისი ავტორი. სხვათა შორის, თვითონაც ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი იყო. ის დასახელდა 4 საუკეთესო მამაკაც ხმას შორის: გონაშვილი, ზაქაიძე, ბობოხიძე და ფსუტური.

- მოწვეული სტუმრები ძირითადად რაზე საუბრობენ?

- საუბრობენ სიმღერის ისტორიაზე, ლექსის ისტორიაზე, რომელიც მასშია გამოყენებული. შეიძლება მოყვნენ კუთხის ისტორია, ან რომელიმე სოფელზე, კოშკზე. სასაუბრო ბევრია.

- რაც შეეხება შერჩევას. პირველი გასაგებია, რომ იყო ხევსურეთი, მაგრამ რატომ რაჭა და სამეგრელო?

- როცა მიმყავს გადაცემა და იმ მომენტში მომეწონება სიმღერა, ვარჩევ იმ კუთხეს. არ ვარჩევ მორიგეობით. რადიოში 2 მეგრელი მყავს თანამშრომელი და მეუბნებოდნენ, ჩვენზე როდის უნდა გააკეთოო. მოსკოვიდან რომ ჩამოვედი გადავწყვიტე მათზე გამეკეთებინა. მე მეგობრები ყველა კუთხეში მყავს. ახლა გადაცემაში უნდა მყოლოდა გიორგი სახოკია, ანსამბლ "ჩვენებურების" წევრია. მრავალმხრივ განვითარებული ადამიანია. ვცდილობ, ისეთი ადამიანები მოვიწვიო, ვინც კარგად ერკვევა თავისი კუთხის ისტორიაში და ღირსეული შვილია.

წარმომადგენელი საკრებულოში

მუშაობს რადიოში, წერს ლექსებს, მაგრამ თავისი ხალხისთვის სხვა მნიშვნელოვან საქმეებსაც აკეთებს... პირიქითა ხევსურეთის წარმომადგენელია საკრებულოში.

- უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შატილის სკოლაში 10 წელი ვიმუშავე, რადგან სხვა ქართულის მასწავლებელი არ ჰყავდათ. შემდეგ ვიყავი სკოლის დირექტორი, შატილის რწმუნებული. ამის შემდეგ მთხოვეს, ვყოფილიყავი პირიქითა ხევსურეთის წარმომადგენელი საკრებულოში... 20 წლის მანძილზე ტრანსპორტი არ ყოფილა თბილისი-შატილის მიმართულებით. ავტობუსი მიდიოდა ბარისახომდე და იქიდან ან შემხვედრ მანქანას უნდა წაყოლოდი, ამ ფეხით გევლო. დავნიშნეთ მიკროავტობუსი, მგზავრობა თავიდან იყო უფასო. მერე ბევრი ტურისტი მიაწყდა და სიტუაცია ვერ დალაგდა, ამიტომ დავადეთ სიმბოლური ფასი. შატილში არ იყო სატელეფონო კავშირი. ძალიან დიდი თხოვნები დაგვჭირდა, რომ ანძა დადგმულიყო, რადგან იქ მოგებაზე კომპანია ვერ იმუშავებს, სულ 70 ადამიანამდე ცხოვრობს. ეს იყო მათთვის უფრო ჰუმანიტარული დახმარება. "მაგთიკომმა" დადგა ანძა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ. ახლა გვინდა იგივე გავაკეთოთ ხეობებში, მუცოს მხარეს თუ მთაზე არ ახვედი, მიღება არ აქვს. ახლა მუცოში ჰესზე მიდის მუშაობა, უკვე პროექტიც გაკეთებულია, უნდა გაიმარჯვოს ტენდერში და თუ ასე მოხდა, მაშინ ავტომატურად შეიძლება დაიდგას მაგთის ამრეკლი. გარდა ამისა, მუშაობა მიდის ძეგლთა დაცვის სამინისტოსთან, დაიწყება რამდენიმე კოშკის რეაბილიტაცია, ასევე ვაპირებთ მუცოს სრულ რეაბილიტაციას. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ერთი წლის საქმე, დაახლოებით 6 წელი დაგვჭირდება. სამანქანო გზა იქ სულ 5-6 თვეა, აქედან დაახლოებით 3 თვეა ისეთი, როცა ტვირთის გადაზიდვაა შესაძლებელი, ამიტომაც იწელება დროში. რამდენიმე დღის წინ შეხვედრა მქონდა ლაშა მოისწრაფიშვილთან, ეს არის გარემოს დაცვის სააგენტოს უფროსის მოადგილე. საუბარი მიდის იმაზე, რომ ფშავ-ხევსურეთი გამოცხადდეს დაცულ ტერიტორიად. ასე რომ, საქმე ბევრი მაქვს და მოსაწყენად არ მცალია. ახლა მე და ჩემი მეგობარი პაატა ვფიქრობთ ხევსურული ლუდის ჩამოსხმას, უკვე სარეალიზაციოდ.

ხევსურული საღამო

პირველად პოეტისა და ფოლკლორისტის, გელა დაიაურის შესახებ ხევსურული საღამოებიდან გავიგე. ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, როცა ამ საღამოებს ჩაეყარა საფუძველი და რადგან ჩემს უნივერსიტეტთან ძალიან ახლოს, მზიურის პარკში ტარდებოდა, ერთხელაც მე და ჩემი მეგობრები დავესწარით. ემოციებზე არ ვილაპარაკებ, რადგან ვერ გადმოვცემ... ძალიან მიყვარს მთის ხალხი... უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა საღამომ... მას შემდეგ ტრადიციად გვექცა, ყოველ წელიწადს დავდიოდით. წელს თურმე უკვე მეექვსედ ტარდება, საკმაო დრო გასულა...

იდეა: მე ვასწავლიდი მთის სკოლაში. მაშინ გადმოვიდნენ ინტერნეტფორუმ "კარავი.ჯი"-დან, რომლის წარმომადგენელიც არის ჩემი მეგობარი პაატა ვარდანაშვილი და შემომთავაზეს ჩაგვეტარებინა თბილისში ჩემი საღამო, ასევე დაგვებეჭდა ჩემი წიგნი. დიდი მსჯელობის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ჩამოვიდოდი და გავაკეთებდი. თარიღი თვითონ გადაწყვიტეს, რომ ყოფილიყო 26 ივნისი. ვფიქრობდით, რომ ეს იქნებოდა ერთჯერადი საღამო. საღამოს გაკეთებაში დაგვეხმარა "კარავი.ჯი"-ს ადმინისტრატორი ლელა პავლიაშვილი, რომელსაც დღესაც ძალიან დიდ მადლობას ვეუბნები, რადგან მას შემდეგ ყოველ წელს გვეხმარება. როცა ამ საღამომ ჩაიარა, მე და პაატამ გადავწყვიტეთ, რომ ტრადიციული სახე მიგვეცა. იმდენი ხალხი მოვიდა, რომ მივხვდით, სჯობდა, არ გავჩერებულიყავით. მახსოვს, ერთ-ერთი საღამო გავაკეთეთ 100 ლარით. აპარატურის ფული რომ გადაგვეხადა, ჩემი წიგნები იყო დარჩენილი და ისინი გავყიდეთ. ვერ ვპოულობთ სპონსორებს. ერთ წელს გვყავდა "მაგთი" და მინდა მას დიდი მადლობა ვუთხრა, ასევე "ოლიმპიურ ვარსკვლავს". დანარჩენი საღამოები კი საკუთარი ძალებით გავაკეთეთ. მერე გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ხალხური ნაწარმის გამოფენა, ვხარშავთ ლუდს, ისევ საკუთარი ხარჯებით. სხვათა შორის, ერთხელ გავყიდეთ, ერთხელაც საერთოდ უფასოდ დალია ხალხმა. საღამოებზე დასწრება თავისუფალია და დაახლოებით 5 000 კაცი იყრის თავს. ახლა მზიურის აღდგენა-რესტავრაცია მიდის და არ ვიცით, რამდენად შესაძლებელი იქნება იქ ჩატარება. თუ იმ დროისთვის სამუშაოები დასრულებული არ იქნება, მოგვიწევს სხვა ადგილის ძებნა. თუ თანხა გვაქვს ხოლმე ამ საღამოებისთვის, ვუშვებთ რომელიმე უცნობი მთის პოეტის წიგნს, თუ მომღერალია - მის ალბომს. ხალხი ძალიან ელოდება 26 ივნისს. ძალიან ბევრი ხალხი იყრის თავს. ბევრი ნაცნობი ერთმანეთს ხვდება. მე და თეომაც ამ საღამოზე გავიცანით ერთმანეთი. ბევრი საინტერესო რამ ხდება, ეს არ არის მხოლოდ კონცერტი.

- რის მიხედვით ირჩევიან მონაწილეები? ყველა მონაწილეობს ვისაც სურვილი აქვს?

- ძირითადად კი. საკმაოდ თავისუფალი პროგრამა გვაქვს. ვთავაზობთ აქაურ ანსამბლებსაც და მთლიანობაში კარგი ქართული საღამო გამოდის. ჩამოგვყავს მთიდანაც, ვპოულობთ ახალ სახეებს. წელს გამოვიყვანთ მოხევე გოგონებს, რომლებიც ძალიან კარგად მღერიან. სხვათა შორის, მოხევეების ნაკლებობა გვქონდა სიმღერის მიმართულებით. გვყავდა ანსამბლი "ჯვარული", მაგრამ ისინი მღერიან ძალიან ძველ ფოლკს, ეს გოგონები კი მღერიან ცოტა გათანამედროვებულს.

"ამ წიგნს მთლიანად ოჯახს მივუძღვნი"

ლექსები დაუგროვდა, თუმცა წელს მის გამოცემას არ აპირებს, ცოტა მძიმეაო, გვითხრა... ეს მისი მესამე კრებული იქნება. პირველი იყო "ამინდი გვნათლავს მარტის", ამის შემდეგ კი "ბეჭებგაბზარული მუცო".

- ეს წიგნი არ იქნება ადვილად საკითხავი. მოგეხსენებათ ჩემი ისტორია და ამ წიგნს მთლიანად ოჯახს მივუძღვნი. ლექსები იწერება და გროვდება, ვინახავ და ძირითადად არ ვამზეურებ, მინდა ერთ წიგნად მოვუყარო თავი და ერთად გამოვცე.

თეონა

2010 წლის 22 ივლისი... საქართველოში თავზარდამცემი ინფორმაცია გავრცელდა. მუცოს ხეობაში საზარელი ავტოავარიის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პოეტ გელა დაიაურის მეუღლე, თეონა ქუმსიაშვილი და მათი 2 მცირეწლოვანი შვილი.

ეს თემა იმდენად მესათუთებოდა მთელი ინტერვიუს განმავლობაში ვფიქრობდი, როგორ მეკითხა. უცნაური დამთხვევა იყო ის, რომ სწორედ ინტერვიუს დღეს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში სტუმრად ხევსური პოეტი, ტარიელ ხარხელაური გვყავდა. სწორედ მას ეკუთვნის ლექსი თეოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სიმღერაზე "არაგვს გავატან"... საოცრად ჩახლართული კითხვა დავსვი და თეოს სიმღერების ბედით დავინტერესდი...

- ახლა რუსეთში ვიყავი, პეტერბურგში ქართულმა სათვისტომომ გვთხოვა, რომ თეოს ხსოვნის საღამო ჩაგვეტარებინა და მიგვიწვიეს თავიანთი დაფინანსებით. მერე უკვე მოსკოვის სათვისტომომ ითხოვა და იქაც ჩავედით. ძალიან თბილი საღამოები გამოვიდა. ასეთი საღამოებით ვცდილობთ, მოვეფეროთ თეოს. მისი სიმღერები ალბომად მის სიცოცხლეშივე გამოიცა. 27 იანვარს ჰქონდა დაბადების დღე და გავაკეთეთ საღამო პროფკავშირების სახლში. დათო კენჭიაშვილმა გააკეთა ვიდეოკლიპი თეოს სიმღერაზე, საინტერესო გამოვიდა. იდეაში მაქვს, რომ თეოს სიმღერები გავაფორმო ინსტრუმენტებით, მას არ ჰყავდა ბენდი, თავად უკრავდა ფანდურზე. ეს უფრო იდეაა, ცოტა მეშინია, არ გავაფუჭო. არც ერთ დაბადების დღეს არ გამოვტოვებ საღამოს გარეშე. შარშან ასეთი დუშეთში ჩავატარე, წელს კი პროფკავშირების სახლმა ქალბატონ ეთერ მათურელის თანადგომით უფასოდ დაგვითმო დარბაზი.

იმდენად გულწრფელი იყო, თავში აზრადაც არ მომსვლია ის, რაც მოულოდნელად მითხრა.

- ბევრი ჭორი დადის, რომ ცოლი მოვიყვანე, შვილი მყავს... მინდა ყველამ იცოდეს, დაოჯახებას არ ვაპირებ. როცა სხვის ცხოვრებას ეხები, მეტი სიფრთხილეა საჭირო.

მთხოვა და გადმოგეცით... იმედია, ამ ჭორების ავტორებს ახლა სინდისი აწუხებთ...

ჩემი ბოლო ემოცია: ინტერვიუ მორჩა... თეონას ხმა მომესმა... გელას ტელეფონი რეკავდა...

"პრაიმტაიმნიუსი", ანა ყაზაიშვილი.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100