ცნობილმა ბრიტანელმა ტელეწამყვანმა რომის პაპს ტუალეტის ქაღალდი მოჰპარა

ყველა ბრიტანელის საყვარელმა ტელევარსკვლავმა, მეილინ კლასმა აღიარა, რომ რომის პაპის რეზიდენციაში ტუალეტის ქაღალდი მოიპარა. ისიც აღნიშნა, რომ პოლიციასთან ადრე პრობლემები ჰქონია, როცა ის დანის თვითნებურად ტარებისთვის დააკავეს, მაგრამ პაპის რეზიდენციაში მომხდარი შემთხვევა თვითონ მას უნიკალურ ეპიზოდად მიაჩნია. კლასი ამბობს, რომ ქურდობის ჩადენისკენ „შინაგანმა ხმამ“ უბიძგა და ძალა არ ეყო, მას შეწინააღმდეგებოდა. ამიტომაც, ერთ-ერთი შოუს დროს, რეზიდენციაში მყოფი ტელეწამყვანი პაპის ოთახში შეიპარა და მისი ტუალეტის ქაღალდი მოიპარა.

მეილინის თქმით, ამ ფაქტის შემდეგ, როცა მის მეგობრებს დაბადების დღეები ჰქონდათ, მათთვის შერჩეულ საჩუქრებს სწორედ იმ ქაღალდში ახვევდა და სათანადო წარწერასაც ურთავდა, რომ ქაღალდი რომის პაპის იყო. ასე რომ, პაპის ტუალეტის ქაღალდი ამ დრომდე არამარტო კლასის, მისი მეგობრების ძვირფასი რელიქვიაცაა.

მით უმეტეს, რომ ეს ტუალეტის ქაღალდი, როგორც კლასი ამბობს, განსხვავებული ყოფილა: მასში ტვიფრის სახით მცირე ზომის პაპის გვირგვინის გამოსახულებები იყო დატანილი, რასაც სხვა ტუალეტის ქაღალდებში, ბუნებრივია, ვერ შეხვდებით. ბოლოს ტელეწამყვანმა ისიც დაამატა, რომ მსგავსი სუვენირები მას თითქმის ყველა საგასტროლო გასვლის დროს ჩამოაქვს.

კომენტარი