მშობლებმა 32 წლის წინ გატაცებული შვილი იპოვეს

ჩინელმა მშობლებმა იპოვეს შვილი, რომელიც 1988 წლის 17 ოქტომბერს სასტუმროდან გასტაცეს. ამის შესახებ BBC წერს.

34 წლის მაო ინი ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა ბიოლოგიურ მშობლებს. ის ორი წლის იყო, როცა გაიტაცეს.

მშობლების ინფორმაციით, ბავშვი მამას საბავშვო ბაღიდან სახლში მიჰყავდა, როცა მას მოსწყურდა და მამას წყალი სთხოვა. მამამ ავტომობილი ახლომდებარე სასტუმროსთან შეაჩერა, თუმცა უკან დაბრუნებულს ვაჟი მანქანაში აღარ დახვდა.

შემთხვევა შენსის პროვინციაში, ქალაქ სიანში მოხდა.

ბავშვის დაკარგვის შემდეგ დედამისმა სამსახური მიატოვა და ჩინეთის 10-ზე მეტ პროვინციაში დაიწყო შვილის ძებნა, დაარიგა 100 ათასზე მეტი საინფორმაციო ბუკლეტი, თუმცა ათწლეულების განმავლობაში ქალს არავინ გამოხმაურებია.

ამის მიუხედავად, მშობელს შვილის ძებნა არ შეუწყვიტავს; დადიოდა ტელევიზიებში და ცდილობდა ასე მიეწვდინა ხმა იმ ადამიანებისთვის, ვისაც შესაძლოა, მისი შვილის შესახებ რაიმე სცოდნოდა.

2007 წელს ქალმა მოხალისეთა ჯგუფიც კი შექმნა. გაერთიანებას დაარქვა „შვილო, დაბრუნდი შინ“ და უკვე სხვა მშობლების დახმარება დაიწყო. ჯგუფის მიზანი დაკარგული ბავშვების მოძიება იყო. ამ დრომდე, მოხალისეებმა 29 დაკარგული ბავშვი დაუბრუნეს ოჯახს.

2020 წლის აპრილში სიანის პოლიციაში შევიდა შეტყობინება; სიჩუანის პროვინციიდან (გატაცების ადგილიდან 1 000 კილომეტრის მოშორებით) 34 წლის კაცი იტყობინებოდა, რომ მცირე ასაკში იშვილეს და ჰქონდა ეჭვი, რომ სწორედ ის ქალი იყო მისი მშობელი, რომელიც ათწლეულები ყველა საშუალებით ცდილობდა მის მოძებნას.

მას დნმ-ის ანალიზი ჩაუტარეს და დადგინდა, რომ ის მართლაც ის ადამიანია, რომელიც 32 წლის წინ გაიტაცეს.

როგორც ირკვევა, მოტაცების შემდეგ ბავშვი სხვა ოჯახს მიჰყიდეს.

კომენტარი