სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„გულში დარდს ატარებდა, რომელიც მხოლოდ ახლობლებმა ვიცოდით...“ - რას ჰყვება ნუგზარ კვაშალი

ნატახტართან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ბევრისთვის საყვარელი მომღერალი მამუკა ონაშვილი შეეწირა. 55 წლის ხელოვანი რამდენიმე დღე იბრძოდა სიცოცხლისთვის, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს... მისი მეგობარი, მსახიობი ნუგზარ კვაშალი “გზასთან” საუბარში ერთად განვლილ წლებს, მათ მეგობრობას იხსენებს.

გული მიკვდება. ისეთი ადამიანები, როგორიც მამუკა იყო, ასეთ შეცდომებს ეწირებიან. ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის და სამწუხაროდ, არც ბოლო იქნება... ის იყო ადამიანი, რომელსაც თავგანწირული თანადგომა შეეძლო. ახლა, მისი გარდაცვალების შემდეგ გაირკვა, რომ ხალხს ძალიან ჰყვარებია - ეს ასე ხდება, განსაკუთრებით საქართველოში. სიცოცხლეში ვერ ვაფასებთ ადამიანებს.

ნიჭიერია და მორჩა, ასეთების მეტი რა გვყავსო? მაგრამ რომ გარდაიცვლება, მერე ხდება მისი აღზევება, ნათელი მხარეების წარმოჩენა. ეს ალბათ, სხვა ერსაც ახასიათებს, მაგრამ განსაკუთრებით ქართველებს. თუნდაც იმიტომ, რომ აქ სხვაგვარი მეგობრობა, ახლობლობა ვიცით და ადამიანს რომ დავკარგავთ, მის ფასს მერე ვიგებთ. ალბათ, ამ შემთხვევაშიც ასეა.

მამუკას ახლობლებისთვის კი არა, სრულიად უცნობი ადამიანისთვის შეეძლო გვერდში დგომა. ჩვენ არ გვიკვირდა მისი საქციელი, რადგან ვიცოდით, როგორი იყო. იმას, იმ უცნობს გაჰკვირვებია, მერე დამეგობრებულან... მამუკამდე მამამისთან ვმეგობრობდი. მისნაირი კაცის შვილი სხვანაირი არ შეიძლებოდა ყოფილიყო. გენო უნიჭიერესი ადამიანი იყო, ისეთივე უანგარო და კეთილი.

მამუკაზე 16 წლით უფროსი ვარ, მაგრამ ჩვენ შორის ასაკობრივი ბარიერი არასდროს ყოფილა. მახსოვს, ჯარიდან რომ ჩამოვიდა, ძალიან გამხდარი იყო, შემდეგ მოიმატა. ყოველთვის და თანაც, მხოლოდ სცენაზე კი არა, მის მიღმაც ვმეგობრობდით, რაღაც საქმეებზე უცხოეთშიც წავსულვართ მარტო, არც იქ იცვლებოდა.

- ამბობენ, რომ ძალიან უყვარდა მოლხენა...

- დიახ, ქორწილებში სულ თამადად ირჩევდნენ და არაჩვეულებრივად გამოსდიოდა. თავისი ბუბუნა ხმით, გარშემო სიყვარულსა და სიკეთეს აფრქვევდა, იუმორით აღსავსე იყო. ნებისმიერი სიტუაციის განმუხტვა შეეძლო. ადამიანებს რაღაცის მიხედვით არასდროს გამოარჩევდა. ისეთ დაძაბულ სიტუაციაშიც აღმოვჩენილვართ, ტყვია რომ უნდა გავარდნილიყო და ერთმანეთი დაეხოცათ, მამუკა უცებ ჩაერეოდა საქმეში და რამდენიმე წუთში მეგობრებად შორდებოდნენ. ამის ნიჭი ჰქონდა...

სასცენო ხელოვნებას მამამისმა აზიარა. ისიც არაჩვეულებრივად მღეროდა და ცეკვავდა. მამუკაც ბოლომდე ემსახურა ამ საქმეს. ბუთქუნა იყო და სიარული, ძველებურად აქტიურობა უჭირდა, მაგრამ საქმე ხატვით გააგრძელა. მართლაც, ყოველმხრივ ნიჭიერი ადამიანი იყო... გულში დარდს ატარებდა, მაგრამ ამაზე სხვას არასდროს უყვებოდა, მხოლოდ ახლობლებმა ვიცოდით. არასდროს გაგრძნობინებდა, რომ რაღაც აწუხებდა. ამიტომაც იყო დიდებული ადამიანი“,- ამბობს ნუგზარ კვაშალი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100