უიტნი ჰიუსტონის დაკრძალვა მისმა ყოფილმა მეუღლემ პროტესტის ნიშნად დატოვა

უიტნი ჰიუსტონის სკანდალურად ცნობილი ექს-მეუღლე, ბობი ბრაუნი მომღერლის დაკრძალვის ცერემონიალზე საინფორმაციო გამოშვებების მთავარი გმირი გახდა, დატოვა რა ცერემონიალი მის დასრულებამდე. ბობი ბრაუნმა ეს ნაბიჯი იმით ახსნა, რომ აღარ შეეძლო აეტანა დაცვის მხრიდან მისი შევიწროება.

ბრაუნი ამტკიცებს, რომ დაკრძალვის დაწყებისთანავე აითვალწუნა დაცვამ და რამდენჯერმე მოსთხოვა, შეეცვალა ადგილი. მისივე თქმით, დაცვამ არც იმის საშუალება მისცა, ცერემონიალზე ბრაუნისა და ჰიუსტონის საერთო ქალიშვილს ბობი ქრისტინა ბრაუნს შეხვედროდა.

„არ ვიცი, რამ გამოიწვია დაცვის ზემოთაღნიშნული საქციელი. ასეთ სიტუაციაში მე ვამჯობინე, ყოფილი მეუღლის სასახლისთვის მეკოცნა და იქაურობა დამეტოვებინა, რადგან სცენების მოწყობა არ მსურდა“, - განაცხადა ბობი ბრაუნმა მოგვიანებით.

მისივე თქმით, უიტნის ნამდვილად არ მოეწონებოდა დაცვის მოპყრობა ბრაუნის მიმართ, ცოცხალი რომ ყოფილიყო.

შეგახსენებთ, რომ უიტნი ჰიუსტონმა და ბობი ბრაუნმა ერთად 15 წლის განმავლობაში იცხოვრეს. 2007 წელს მომხდარ განქორწინებამდე მათი თანაცხოვრება სავსე იყო სკანდალებითა და ურთიერთბრალდებებით. უიტნის ახლობლები ამტკიცებენ, რომ სწორედ ეს სკანდალები გახდა მომღერლის შემოქმედებითი კრიზისისა და ნარკოტიკებით გატაცების მიზეზი.

კომენტარი