ჩქაროსნულ სლალომში შეჯიბრი GYMKHANA Tbilisi გაიმართება

"რომპეტროლ საქართველო" საავტომობილო ფედერაციასთან და BMW Club–თან ერთად, ჩქაროსნულ სლალომში "GYMKHANA Tbilisi", ავტოშეჯიბრი მუხრუჭების გარეშე" შეჯიბრს გამართავს.

შეჯიბრში მონაწილეობის მიღება ყველა იმ პირს შეუძლია, ვისაც აქვს მართვის მოწმობა და ყავს საკუთარი ავტომანქანა.

საავტომობილო ფედერაციის ინფორმაციით, შეჯიბრი ძველი აეროპორტის #20 სადღეღამისო ავტოსადგომის ტერიტორიაზე 8 მაისს, ზუსტად 11.00 საათზე დაიწყება. მონაწილეთათვის რეგისტაცია კი შაბათს, 7 მაისს 17:00-დან 20:00 საათამდე ვაჟა-ფშაველას გამზირზე (რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე) იწარმოებს.

"შეჯიბრი ჩატარდება 3 კლასად, მათ შორის მანდილოსნებისთვისაც. მონაწილეებმა უნდა დაძლიონ 3 სხვადასხვა სირთულისა და ფორმის ფიგურა. ყველა კლასში, სამ საპრიზო კატეგორიაში გასული გამარჯვებულები გენერალური სპონსორის "რომპეტროლ საქართველოსგან" ფულადი პრემიით და საწვავით დაჯილდოვდებიან",-განაცხადა საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ.

"რომპეტროლ საქართველოს" მენეჯმენტის განცხადებით, კომპანია უკვე რამდენიმე წელია უკლებლივ ყველა საავტომობილო შეჯიბრის მუდმივი მხარდამჭერია. ამჯერადაც, ტურნირის ორგანიზებას და გამარჯვებულთა დაჯილდოებას "რომპეტროლი" საკუთარ თავზე იღებს.

"რამდენადაც ვიცი, ეს იქნება ყველაზე სწრაფი საავტომობილო შეჯიბრი. დარწმუნებული ვარ, ავტომოყვარულები აქტიურობას გამოიჩენენ და საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ. "რომპეტროლი" უკვე 4 წელის ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოში ავტოსპორტი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სპორტად იქცეს და ვფიქრობ, ამ მხრივ მიზანი მიღწეულია",- განაცხადა "რომპეტროლ საქართველოს" გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ალბინმა.

გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია ახალ სპორტულ კაფე "WRC kafe"-ში გაიმართება, რომელიც ავტომოყვარულებისთვის ლესელიძის ქუჩაზე ოფიციალურად სწორედ დაჯილდოებისას საზეიმოდ გაიხსნება. კაფეს ინტერიერიც მთლიანად საავტომობილო სტილშია გადაწყვეტილი. მაგიდის მაგივრობას აქ ძრავი სწევს, ხოლო სკამის მაგივრობას მანქანის სავარძელი.

"კაფეს ინტერიერი მოდერნისა და ავტომობილის თემაზეა აწყობილი. ვფიქრობ აქ ყველასთვის სასიამოვნო გარემოა, ვინაიდან არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ავტომობილი არ იტაცებს. ავტომობილის ნაწიილები აქ პრაქტიკული დანიშნულებისთვისაა გამოყენებული: ძრავი მაგიდად, მანქანის სავარძელი სკამად, კოქტეილი ანტიფრიზი, რაც საბოლოო ჯამში შესაბამის განწყობას ქმნის ", -აღნიშნა კაფე "WRC"-ს მფლობელმა სანდრო ლომაძემ.

"რომპეტროლ საქართველო" 2008 წლიდან ავტოსპორტის აქტიური მხარდამჭერი და გენერალურო სპონსორია. წლეულსაც, უკვე მეოთხედ, სეზონი " "რომპეტროლის" სახელს ატარებს. "რომპეტროლის სეზონის 2011" ფარგლებში ყველა შეჯიბრი გასული წლებისგან განსხვავებულ ფორმატში გაიმართება და ავტომოყვარულებს საინტერესო სანახაობებს შესთავაზებს.

კომენტარი