მეფე აბდალა მეორის კორტეჟს ქვები და ბოთლები დაუშინეს

იორდანიის მეფის აბდალა მეორის კორტეჟს ქვეყნის სამხრეთში ვიზიტის დროს ახალგაზრდების ჯგუფმა ქვები და ცარიელი ბოთლები დაუშინა, – ამის შესახებ „ფრანს პრესი“ იტყობინება.

„ახალგაზრდების ჯგუფმა, რომელშიც დაახლოებით 20–დან 30 წლამდე ასაკის მოქალაქეები შედიოდნენ, მეფის კორტეჟს ქვები და ცარიელი ბოთლები მას შემდეგ დაუშინა, რაც კოლონა ქალაქ ეტ–ტაფილადან გამოვიდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზოგიერთი მონაცემებით, ეს უკვე მეორე შეტევა იყო დღის განმავლობაში, რომელიც მეფის კორტეჟზე განხორციელდა.

ქვეყნის სამხრეთში გამგზავრების შესახებ გადაწყვეტილება მეფემ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მრჩევლები ეტ–ტაფილაში წასვლას არ ურჩევდნენ. ქალაქი 200 კმ–ითაა დაშორებული იორდანიის დედაქალაქ ამანიდან და იქ მეფის მიმართ უარყოფითად განწყობილი მოქალაქეების რიცხვი დიდია. აბდალა მეორეს ქვეყნის სამხრეთით ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტები უნდა განეხილა.

შეგახსენებთ, რომ აბდალა მეორე გუშინ, თავისი აღსაყდრების 12 წლისთავთან დაკავშირებით ხალხის წინაშე გამოვიდა და პირობა დადო, რომ პოლიტიკურ და სოციალურ ცვლილებებს განახორციელებდა, თუმცა, დეტალები არ დაუკონკრეტებია.

კომენტარი