თელავის იზოლატორიდან 26 მაისს დაკავებული 11 პირი გაათავისუფლეს

თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან, 26 მაისის აქციის დარბევის დროს დაკავებული 11 ადამიანი გაათავისუფლეს. 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა წუხელ, 00:00 საათზე ამოიწურა. გათავისუფლებულებს შორის არიან საზოგადოებრივი მოძრაობა „ემსახურე საქართველოს" ხელმძღვანელი მურმან დუმბაძე და ჟურნალისტი ალეკო ჩუბინიძე.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, დაკავებულებმა თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორი 00:35 საათზე დატოვეს. მათ იზოლატორთან ახლობლები დახვდნენ. პატიმრების გათავისუფლებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თელავის ოფისის ხელმძღვანელი მარეხ მგალობლიშვილიც დაესწრო. დაკავებულებს სოლიდარობა „თავისუფალი საქართველოს" კახეთის რეგიონული და „ახალი მემარჯვენეების" თელავის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებმაც გამოუცხადეს. იზოლატორთან იმყოფებოდა „სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერი ზაზა სოფრომაძეც.

ამ დროისთვის კახეთში, თელავის, სიღნაღისა და ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორებში 26 მაისს დაკავებული სულ 18 პატიმარი რჩება. აქედან, თელავის იზოლატორში 7 პატიმარია მოთავსებული. მათ 35, 40 და 60 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

კომენტარი