სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჟურნალისტებთან ვანო მერაბიშვილის შეხვედრა დაიწყო

რამდენიმე წუთის წინ დაიწყო შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის შეხვედრა ჟურნალისტებთან. შეხვედრა შს სამინისტროს შენობაში მიმდინარეობს და მასში რამდენიმე ჟურნალისტი და რედაქტორი მონაწილეობს: ლაშა ტუღუში, ია ანთაძე, ზვიად ქორიძე, ნინო ზურიაშვილი და სხვები. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, ანუ, დანარჩენი ჟურნალისტებისთვის იგი ღია არ არის.

შეხვედრის დაწყებამდე გაკეთებულ კომენტარებში ჟურნალისტები აღნიშნავდნენ, რომ მინისტრის წინაშე საქმის განსაჯაროებისა და დაკავებულთა თავდებით გათავისუფლების შუამდგომლობის დაყენებას აპირებენ.

თუმცა, შეხვედრის დაწყებამდე ქვეყნის მთავარმა პროკურატურამ უკვე გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დღეიდან დაკავებული ფოტოგრაფების საქმის გამოძიება მაქსიმალურად საჯარო და გამჭვირვალე იქნება.

ამასთან, პროკურატურა განმარტავს, რომ განსაჯაროება ეხება არა მთლიანად საქმეს, არამედ მის იმ ნაწილს, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოს არ შეიცავს. ანუ, საქმე რჩება კატეგორიაში „გრიფით საიდუმლო“, მაგრამ დაკავებულთა სასამართლო პროცესი დასწრების ნებისმიერი მსურველისთვის ღია იქნება და ის მხოლოდ იმ ნაწილის განხილვის დროს დაიხურება, რომელზეც სახელმწიფო საიდუმლოს დაცვის მოთხოვნა ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ „ეთიკის ქარტიის“ საბჭოს წევრმა ჟურნალისტებმა შს მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან შეხვედრა 11 ივლისს, შსს–ს წინ გამართული აქციის დროს მოითხოვეს. იმ დღეს ვანო მერაბიშვილი ქალაქში არ იმყოფებოდა, მისი დაბრუნების შემდეგ კი ჟურნალისტებს მინისტრის მისაღებიდან დაუკავშირდნენ და შეხვედრა დღეს დაუნიშნეს.

„ეთიკის ქარტიის“ საბჭოს წევრები დანიშნულ შეხვედრას წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ „მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა შედარებით ბევრს ნიშნავს, ვიდრე ქუჩიდან მოთხოვნების მიწოდება“.

უფრო ვრცელ კომენტარებს ჟურნალისტები შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100