ადვოკატი: თუ ბრალდება სხვა მასალებთან გიას დაკავშირებას შეძლებს, მას ჯაშუშობა დაუდასტურდება

ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძის ადვოკატის ლადო მაჭარაშვილის განცხადებით, "დღეის მდგომარეობით, ბრალდების მხარეს აბდალაძის აღიარებითი ჩვენების გარდა, სხვა მტკიცებულებებიც აქვს".

"ამ დროისთვის სიტუაცია ასეთია: ბრალდების მხარეს აბდალაძის აღიარებითი ჩვენების გარდა, სხვა მტკიცებულებები აქვს და სწორედ ამ მტკიცებულებების გამყარების მიზნით სურდა აღიარებითი ჩვენების მოპოვება. თუ მათ ამ მასალებთან აბდალაძის კავშირის დამტკიცება შეძლეს, მას ჯაშუშობა დაუდასტურდება. ჩვენ კი ამ მტკიცებულებების გაბათილებას, კერძოდ, მათთან აბდალაძის კავშირის არარსებობის დამტკიცებას ვცდილობთ",- განუცხადა "პირWელს" მაჭარაშვილმა.

ამასთან, ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობის პროცესში აბდალაძეს ბრალი გადაუკვალიფიცირდეს, ჯაშუშობა სახელმწიფო საიდუმლოების გაცემის მუხლით შეეცვალოს და სასამართლო დავაც აღნიშნული მუხლის ირგვლივ გაგრძელდეს.

"საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ყველაფერი მოსამართლეზეა დამოკიდებული, კერძოდ, იმაზე, რამდენად დააკმაყოფილებს იგი ჩვენს მიერ დაყენებულ შუამდგომლობებს. მხოლოდ ეს არის ის, რისი თქმაც ამ დროისთვის შემიძლია, რადგან საქმეს გრიფი "საიდუმლო" ოფიციალურად ჯერ კიდევ არ აქვს მოხსნილი" - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, "სადღეისოდ აბდალაძე ძალიან "ჩაკეტილია", არც იმაზე საუბრობს, რამ აიძულა იგი, დანაშაული ეღიარებინა და პირობას დებს, რომ ყველაფერს მხოლოდ მისი საქმის არსებითი განხილვის პროცესში იტყვის".

ამასთან, ადვოკატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პროკურატურას აბდალაძისთვის საპროცესო შეთანხმება ჯერ-ჯერობით არ შეუთავაზებია.

კომენტარი