ილჰამ ალიევს ირანი ,,შავი მომავლით“ ემუქრება

ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის სეიედ ხასან ფირუზაბადის თქმით, თუ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი არ შეცვლის თავის პოლიტიკას ისლამთან მიმართებაში, მაშინ მისი ბედი შავად და ბუნდოვნად განვითარდება.

,,ხალხის ნების წინააღმდეგ ვერავინ წავა. ზოგიერთი ჩვენი მეზობელი ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება გვსურს, ამ მეგობრობის იგნორირებას ახდენს და სიონისტურ რეჟიმს იმის საშუალებას აძლევს, რომ ქვეყნის საშინაო საქმეებში თავისუფლად ჩაერიოს. ეს ქვეყნები ისლამის კანონებს არაფრად აგდებენ. მე ყველას გასაგონად ვამბობ, რომ არანის (ირანელები აზერბაიჯანს ასე უწოდებენ) მოსახლეობაში ირანული სისხლი სჩქეფს, ხოლო მათი გულები ისლამისა და ყურანის სიყვარულით სცემს. იმედი მაქვს, რომ ილხამ ალიევი სწორედ ასეთ საკითხებს მიაღწევს ყურადღებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას შავი მომავალი ელოდება, რადგან არანის მოსახლეობის ნების წინააღმდეგ წასვლა შეუძლებელია,“– განაცხადა ირანელმა გენერალმა.

როგორც ცნობილია, ირანი უკმაყოფილოა აზერბაიჯანსა და ისრაელს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებით. ირანელები ასევე აზერბაიჯანის ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებამ აღაშფოთა, რომ მოსწავლეებს სკოლებში ხიჯაბის ტარება აუკრძალონ.

კომენტარი