14 მაღაროელი შიმშილობს, ორმა პირი ამოიკერა - ჭიათურაში პროტესტი გრძელდება

გაფიცული მაღაროელები „ჭიათურ მანგანუმის“ შენობასთან რჩებიან და სახალხო დამცველის მისვლას ელოდებიან.

ისინი ხელფასის მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

კომპანიამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს გაფიცული მაღაროელების ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამუშაოს დაბრუნებოდნენ.

კომპანიის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ აქციის მონაწილეები. მათი თქმით, მსგავსი ინფორმაციის გავრცელებით კომპანია მაღაროელებს შორის შუღლის ჩამოგდებას ცდილობს.

„ეს არის ცრუ ინფორმაცია, ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ, სანამ ცოცხლები ვართ და აქედან სანამ არ გაგვიტანენ, მანამდე ვაგრძელებთ შიმშილს. ეგენი ცდილობენ, რომ ხალხში პროვოკაცია მოახდინონ, მაგრამ ეს ასე არ არის, მთელი ქალაქი ფეხზე დგას,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მაღაროელმა.

კარვებში მყოფ გაფიცულებს სოლიდარობას უცხადებენ ჭიათურელები და მთავრობას მაღაროელების დახმარებისკენ მოუწოდებენ.

ცნობისთვის, დღეს ორმა მუშამ პირი ამოიკერა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი არ დაიშლებიან მანამდე, სანამ ხელფასების 50%-იან ზრდას არ დათანხმდა კომპანია.

„ჯერ 15 პროცენტი და წლის ბოლომდე 10 პროცენტს დაგიმატებთო და ასე ეტაპობრივად არ გვაწყობს, რისთვის ვშიმშილობთ და რისთვის არიან საცოდავი გაძვალტყავებული მუშები აქ,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

კომენტარი