სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკა გვარამია: დღეს, რუსთავი 2-ის ეზოში, ვიკრიბებით ყველა, ვისაც გაცნობიერებული გვაქვს ამ დღის ისტორიული მნიშვნელობა და გვწამს გამარჯვების

ნიკა გვარამია "რუსთავი 2"- თან დაკავშირებით ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"უკვე 18 ივლისია.

ყველას ბოდიშს ვუხდი, თუ ვაჭარბებ, თუ ზედმეტი მომდის ჩემს ქვემოთმოყვანილ შეფასებაში.

ნამდვილად მიკერძოებული ვარ. მაგრამ კიდევ უფრო ნამდვილად ვიცი, რომ დღეს, 18 ივლისს, დღის 12 საათზე, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ისტორიული მომენტია:

დღეს წყდება, საქართველოს დასავლური მომავლი გაიმარჯვებს თუ ბნელი საბჭოთა რუსული აწმყო დამკვიდრდება დიდი ხნით.

სიმბოლოებით რომ ვთქვათ (და უყვარს ისტორიას სიმბოლოები):

თანამედროვე, ნამდვილი ევროპელი ქართველი მაკო გომურის ფართე და გრძელ გზას დავადგებით თუ სისხლის მსმელი რუსი ჟანდარმი გახარიას, მაკოსთვის თვალის ამომთხრელის, ჩიხში შევალთ.

ასეა, რ2ზე გადის ეს ისტორიული გზაგასაყარი - ასე მოხდა, ასე გადაწყვიტა ქართველმა ხალხმაც და რაღაც სხვამაც, რისი სახელიც არ ვიცი, მაგრამ მსოფლიო წესრიგის კანონზომიერებებს ალაგებს.

ასეა, დღეს გადაწყდება, რომელი ფალავანი წააქცევს მეორეს, და ამ ორ ფალავანს რუსეთი და დასავლეთი ქვია.

დიახ, ასეთია ქართველების პროცესებზე დაკვირვების პარადიგმა: მარტივი და აზარტული, როგორც ჭიდაობა. ერთ ფალავანს გულშემატკივრობენ, ყველაზე მეტად ენდობიან და ყველაზე მეტად ეიმედებათ. მეორე - სძულთ, მაგრამ ეშინიათ, მისი უძლეველობის ყალბი მითებით ტვინარეულებს, რომლებსაც დიდი ხანი უბეჭდავდნენ თავში და დღესაც კიდევ უფრო ინტენსიურად უბეჭდავენ.

შეცდომა იქნება იმის ფიქრი, რომ რ2ის საქმის შედეგით ამ ჭიდაობაში გამარჯვებული არ წყდება. ზუსტად დღეს გავიგებთ არა რაუნდში გამარჯვებულს, არამედ დიდი ბრძოლის ჩემპიონს.

შეცდომა იქნება იმის ფიქრი, რომ კიდევ ერთხელ ჭიდაობის შანსი აუცილებლად იქნება და რომ ეს ბოლო შანსი არაა. ან კი, ან არა. უფრო, არა, ძალიან დიდი ხნით არა.

შეცდომა იქნება იმის არგათვალისწინება, რომ დასავლეთის ფალავანის წაქცევა, საქართველოს ისტორიის ბნელ მხარეს არ გადაგვაგდებს და ჩვენს ფანტასტიურ ახალ თაობას საკუთარ სამშობლოში განვითარების და წარმატების შანსს არ მოუსპობს. ჩვენი მაგრები ნამდვილად არ დაიკარგებიან 21ე საუკუნის მსოფლიოში, მაგრამ აი მათი სამშობლო დასასვენებლად ჩამოსვლისთვისაც აღარ გამოდგება - Back in the USSR მხოლოდ ბითლზის სიმღერად შეიძლება მოგეწონოს და მოგინდეს.

შეცდომა იქნება იმის არგათვალისწინება, რომ ქართველებს დამარცხებულები არ უყვართ, თან ძალიან არ უყვართ და დასავლეთის ფალავანის დამარცხება მინიმუმ ღრმა და ძალიან დიდხნიან იმედგაცრუებას და გულაცრუებას გამოიწვევს.

შეცდომა იქნება იმის ფიქრი, რომ დასავლელი ფალავანის უდიდესი და უპირობო სიყვარული, გარანტირებული და შეუცვლელი მოცემულობაა და ამას გაფრთხილება და განვითარება არ სჭირდება.

შეცდომა იქნება იმის არგათვალისწინება, რომ დიახ, ზუსტად დღევანდელ დღეზე და ზუსტად რ2ზე გადის ეს გზაგასაყარი. მოგვწონს ეს თუ არა, გვინდა ეს თუ არა, საჭიროა ეს თუ არა - ფაქტია, რომ ეს ასეა. და ეს ჩვენთვის, რ2ელებისთვის, შეუსაბამოდ დიდი ტვირთი და უმძიმესი პასუხისმგებლობაა, რაც ჩვენი არჩევანი სულაც არაა, მაგრამ რომელიც რა ხანია მიგვაქვს, და, მგონი, ძალიან ღირსეულად.

შეცდომა იქნება, ამ სტატუსით დაასკვნათ, რომ პესიმისტურად ვარ განწყობილი. სრულიად პირიქით - დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში. ზუსტადაც იმიტომ, რომ ეს საკითხი დასავლეთში წყდება. მაგრამ არ ვიცი როგორ მოიქცევა უზურპატორი, ზუსტადაც იმიტომ, რომ მისი ქმედება რუსეთში იგეგმება.

დღეს, რ2ის ეზოში, ვიკრიბებით ყველა, ვისაც გაცნობიერებული გვაქვს ამ დღის ისტორიული მნიშვნელობა და გვწამს გამარჯვების, დასავლეთის და თავისუფლების! ვიკრიბებით ყველა, ვინც მზად ვართ, ამისთვის ვიბრძოლოთ!

მინიმუმ, მთელი რუსთავი 2, ჩვენი ოჯახებით, იქ ვიქნებით, იმიტომ რომ ჩვენ გვჯერა და ჩვენ ვიბრძოლებთ! იქ ვიქნებით და დაგელოდებით ჩვენს გულშემატკივრებს და თანამოაზრეებს!

გელით შენც, ვისაც გჯერა და მზად ხარ იბრძოლო!

მოდი დღეს, 18 ივლისს, დღის 12 საათზე რუსთავი 2ის ეზოში და მოიპოვე ჩვენთან ერთად თავისუფლება!"- წერს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100