ლიცენზიას ჩამოართმევ, ჯარიმას მიარჭობ, თუ საჭიროა ციხეში ჩასვამ - ლევან ვასაძე ივანიშვილს კონკრეტული ჟურნალისტების დასჯას სთხოვს

გამორთეთ "რუსთავი 2" და აღარ იქნება არც მისი რეიტინგი და საერთოდ ყველაფერი იქნება კარგად - ბიძინა ივანიშვილის გზავნილებს ამჯერად რაინდი ლევან ვასაძე იმეორებს და ხელისუფლებას ურჩევს, მედიაზე ტოტალური კონტროლი დაამყაროს. ვასაძე ინიციატივით გამოდის, შეიქმნას მედიის რეგულირების მექანიზმი, ანუ დაწესდეს სახელმწიფო ცენზურა და საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული ჟურნალისტები და მედიასაშუალებები უმკაცრესად დაისაჯონ. ადამიანი, რომელიც სიძულვილით მოტივირებული ჯგუფის ლიდერია და ხშირად აყენებს შეურაცხყოფას უმცირესობებს, ახლა აცხადებს, რომ ყველა ის ჟურნალისტი უნდა დაისაჯოს, ვის საქმიანობასაც ის შეურაცხმყოფლად ჩათვლის.

„მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს და ჩვენს მთავრობას და ჩვენს ხელისუფლებას. უნდა შეიქმნას სასწრაფოდ რეგულატორი, რომელიც დასჯის ცილისწამებისთვის, შეურაცხყოფისთვის, მათ შორის რელიგიური და ტრადიციული გრძნობების შეურაცხყოფისთვის, უსასტიკესად დასჯის ამ მედიასაშუალებებს და პერსონალურად იმ ჟურნალისტებს, ვინც ამას იკადრებენ. ვერანაირ ეკონომიკას ბატონო ბიძინა და ძვირფასო მთავრობავ და ვერანაირ სტაბილურობას თქვენ ასეთი ფარღალალო, უპატრონო მედიაპოლიტიკის პირობებში ვერ შექმნით. ხო ხედავთ?! აქედან წამოგითაქებენ და ლამის გადმოგიყირავებენ სახელმწიფოს ერთი ჩვეულებრივი მედია პროვოკაციის მეშვეობით და გაზარალებენ კიდევ სამ მილიარდს. ბევრი არ დაჭირდება ამ ლაჩარი ხალხის პირობაზე - ერთს, ორს, სამს, ლიცენზიას ჩამოართმევ, ჯარიმას მიარჭობ, თუ საჭიროა ციხეში ჩასვამ და თქვენით ნახავთ, როგორ დალაგდება ეს ქვეყანა. გამოიბერტყეთ ყურები, გამოიფშვნიტეთ თვალები და გააკონტროლეთ უმკაცრესი სახით მედია, რომელიც არის დასახლებული უსინდისო და უკუღმართი ადამიანებით. სხვანაირად ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება“- განაცხადა ლევან ვასაძემ.

კომენტარი