10 კაცამდე შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც ეხება - გიორგი გახარია საგანგებო მდგომარეობის წესებზე

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 10 კაცამდე შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც ეხება.

ჟურნალისტის კითხვაზე, დღეს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ხომ არ უკავშირდება გუშინ წმინდა სინოდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, გახარიამ აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის შესახებ გადაწყვეტილება თეორიულად ორი დღის წინ იყო მომზადებული.

"მოგეხსენებათ, საგანგებო მდგომარეობა განისაზღვრება ქვეყნის მასშტაბით. შეკრების შეზღუდვა 10 კაცამდე ეხება ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი გახლავთ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა და მიზანი გახლავთ ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა.

ეს გადაწყვეტილება თეორიულად მომზადებული იყო ორი დღის წინ უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში. მე მაშინაც განვაცხადე და ვთქვი, რომ უსაფრთხოების საბჭოზე მოვიწვიეთ პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე იმისთვის, რომ როგორც კი დადგებოდა კონკრეტული ციფრობრივი მდგენელები, ჩვენ ამ გადაწყვეტილების სწრაფი შესაძლებლობა გვქონოდა. შესაბამისად, ხაზგასმით აღვნიშნავ, ამ გადაწყვეტილების ძირითადი მიზანი გახლავთ ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა, მიზანი არის, შევაჩეროთ ვირუსის სწრაფი და მასშტაბური გავრცელება ქვეყნის ფარგლებში" - განაცხადა გახარიამ.

კომენტარი