ვანში კორონავირუსი ქალს დაუდასტურდა, საავადმყოფოშია გადაყვანილი მისი მეუღლეც

ვანის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 75 წლის ქალს დაუდასტურდა, საავადმყოფოშია გადაყვანილი მისი მეუღლეც.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტთან ადგილობრივები აცხადებენ, ქალი დაახლოებით ორი კვირის წინ თბილისში, შვილთან იყო წასული. მას შემდეგ კი, რაც შვილიშვილს ტემპერატურა დაუფიქსირდა, ვანში დაბრუნდა. დაბრუნების შემდეგ რამდენიმე დღეში ის ცხელებით კლინიკაში გადაიყვანეს. ცხელება დაუფიქსირდა მის მეუღლესაც. ამ დროისთვის ცოლ-ქმარი ქუთაისის საავადმყოფოში მკურნალობს.

როგორც დაინფიცირებული ქალის შვილი აცხადებს, ჯერჯერობით მამისთვის კორონავირუსზე ტესტი არ ჩაუტარებიათ.

ქალის დაინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია.

ვანში დროებით დაიხურა კერძო კლინიკა, სადაც ინფიცირებული ქალი იყო შეყვანილი, კლინიკის თანამშრომლები კი იზოლაციაში არიან.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ვანის მუნიციპალიტეტის გასასვლელებში სპეციალური გამშვები პუნქტები მოეწყობა და მოქალაქეები თერმოსკრინინგის წესით შემოწმდებიან. ამის მიზეზი ის გახდა, რომ კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი ვანის მუნიციპალიტეტსაც უკავშირდება.

კომენტარი