გორის მერიის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

გორის მერიის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გორის მერმა განაცხადა.

კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, ინფიცირებულია საფინანსო განყოფილების უფროსის მოადგილე და ამავე განყოფილების ერთი თანამშრომელი. მერი ამბობს, რომ მათი მდგომარეობა სტაბილურია.

აღნიშნული შემთხვევის გამო საფინანსო განყოფილება მთლიანად თვითიზოლაციაში გადავიდა. ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლების ტესტის პასუხებს კი ხვალისთვის ელოდებიან.

"დაახლოებით 15 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება. ვესაუბრე ინფიცირებულ თანამშრომლებს და თავს ნორმალურად გრძნობენ. კონტაქტში მყოფი თანამშრომლების ანალიზების პასუხები ჯერ არ ვიცით"-აღნიშნა თავზარაშვილმა.

კომენტარი