ედუარდ შევარდნაძეს რუსეთთან გაერთიანებული საქართველოს ხილვა სურს

ედუარდ შევარდნაძე აცხადებს, რომ მუდამ ხალხთა შორის მეგობრობის მომხრე იყო და თუ მართლმადიდებელი ქვეყნები გაერთიანდებიან, ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მთელი მსოფლიოსთვის. ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზებას და ამ ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთის საპატრიარქო კრემლის ფილიალია, შეცდომა იყო.

„ხაზს ვუსვამ, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთთან, როგორც პარტნიორთან და მომავალ მოკავშირესთან ურთიერთობა“, - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ედუარდ შევარდნაძემ პროგნოზი მოსალოდნელ სამოქალაქო ომზე გააკეთა. ამავე გამოცემასთან საუბარში მან განაცხადა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება მოქალაქეობას არ დაუბრუნებს ბიძინა ივანიშვილს, ამან, შესაძლოა, ახალი სამოქალაქო ომი გამოიწვიოს.

მომზადებულია apsny.ge-ზე დაყრდნობით.

კომენტარი