ყველა ერთად თუ არ გავბრაზდით არაფერი გამოვა - დეკანოიძე

თუ საკმარისად, ყველა ერთად არ გავბრაზდით იმის გამო, რასაც ხელისუფლება აკეთებს, არაფერი გამოვა, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა აუცილებლად უნდა გაიხსნას და ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს.

"ჩემთვის ამ დრომდე გაუგებარია, მაგალითად, რატომ მოქმედებს კომენდანტის საათი საღამოს 9 საათის შემდეგ, ვერ ამიხსნა ვერავინ, რატომ არ ფუნქციონირებს დღემდე ზამთრის კურორტები, რატომ არ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი - უამრავი ადამიანი იყო, ვისაც მოსვლა უნდოდა აქ და ვერ მოვიდა, ყველა ვერ წამოვიყვანეთ, არადა, რამდენი ადგილიც გვქონდა, ყველამ ჩავისვით ვიღაც.

170.000-ზე მეტი ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე და ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ამ სფეროს ადამიანებთან, ვინც მოაწყო დღევანდელი აქცია და გეგმა, რომელიც ახლა არსებობს, ეს არის თბილისის სხვადასხვა უბანში პატარ-პატარა გამოსვლების მოწყობა, სადაც იმედია, ხალხი გამოვა და მოთხოვნა იქნება ერთი - ქვეყანა უნდა გაიხსნას და უნდა გაიხსნას სასწრაფოდ. მე, როგორც მოქალაქე და პოლიტიკოსი, ვიქნები ამ ხალხთან და ვეცდები მათ ავუხსნა, რომ თუ საკმარისად, ყველა ერთად არ გავბრაზდით იმის გამო, რასაც ხელისუფლება აკეთებს, არაფერი გამოვა", - განაცხადა დეკანოიძემ.

კომენტარი