ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს - რატი ბრეგაძის საგანგებო ბრიფინგი

ხელისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა: "მიხეილ სააკაშვილს ამ დრომდე არ შეუსრულებია სტრასბურგის სასამართლოს დაჟინებული მოწოდება შიმშილობის შეწყვეტის თაობაზე, რითაც საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ, ასევე სხვა ადამიანების ჯანმრთელობას. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ დესტრუქციულ ოპონენტებს ნაცვლად იმისა, გადაედგათ ჰუმანური ნაბიჯი და მოეწოდებინათ მისთვის შიმშილობის შეწყვეტისკენ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სრულიად გაუგებრად იყენებდნენ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისათვის, რასაც არაფერი აქვს საერთო ადამიანურ თანადგომასთან. ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად, რომელსაც ობსტრუქციული პოლიტიკური ძალის წაქეზებით არ ასრულებს პატიმარი სააკაშვილი, ვთავაზობთ შემდეგს, რომ იგი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული. ამ გადაწყვეტილებით ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც შიმშილობენ. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, იგი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ოპოზიციის მხრიდან, ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე", - თქვა რატი ბრეგაძემ.

კომენტარი