ვანო მერაბიშვილმა სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების შემდეგ ახალი წესების შემოღება გადაწყვიტა

საქართველოს შს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სოსო ქიმერიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, პოლიცია ადამიანთა უფლებებს იცავს ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ შემთხვევაში, მით უმეტეს ეს უნდა მოხდეს პოლიციის შენობებში.

მან ასევე აღნიშნა, რომ სწორედ იმისთვის შენდება გამჭვირვალე შენობები, რომ იქ ყველაფერი გამჭვირვალე იყოს.

"ჩვენი წინასწარი მოკვლევით, ამ შემთხვევაში ადგილი აქვს უბედურ შემთხვევას, თუმცა, ეს მაინც არის აღმაშფოთებელი ფაქტი, ამიტომ ახალი წესების შემოღება გადავწყვიტე. ჩვენ უფრო გამჭვირვალეს გავხდით პოლიციის შენობაში მისული ნებისმიერი სტუმრის, ნებისმიერი სტატუსის მქონე ადამიანის გადაადგილებისა და უსაფრთხოების დაცვის პროცედურებს. უახლოეს დღეებში გამოვცემთ შესაბამის ბრძანებულებას და ამ ბრძანებულების მთავარი ნაწილი იქნება ის, რომ დანაყოფის ხელმძღვანელი, რომელიც განყოფილებას ხელმძღვანელობს, ახალი ნორმების შესრულებაზე პირადად იქნება პასუხისმგებელი.

ის იქნება პასუხისმგებელი მათ შორის უბედური შემთხვევის თავიდან აცილებაზე და იმისთვის, რომ ამ ბრძანებულების აღსრულებაზე მონიტორინგი განვახორციელოთ, ყველგან დავაყენებთ ვიდეოკამერებს, რომლებზე კონტროლიც ჩვენს გენერალურ ინსპექციას დაევალება", - განაცხადა მერაბიშვილმა.

კომენტარი