სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით ოსეფაშვილი- ივანიშვილის რიტორიკა "პოლიტიკური ყაჩაღის" რიტორიკას ჰგავს

რეგიონალურ მედიასთან შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს დამოუკიდებელი ექსპერტი, დავით ოსეფაშვილი აფასებს. ექსპერტის განცხადებით, პრემიერი "ნაციონალური მოძრაობის" მისამართით დღესაც მუქარის ტონით საუბრობდა. ექსპერტის აზრით, ოპონენტების მიმართ პრემიერის დამოკიდებულება არანაირ პოლიტიკურ ჩარჩოებში არ ჯდება.

"თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება "ნაციონალური მოძრაობა" განადგურდება. პრემიერ-მინისტრის ეს სიტყვები, არანაირ პოლიტიკურ ჩარჩოში არ ჯდება, რადგან ეს დაუფარავი და პირდაპირი მუქარაა ოპონენტებზე. არსად ნორმალურ პოლიტიკურ ურთიერთობებში, პოლიტიკოსები ერთმანეთს ასეთ ულტიმატუმებს არ უყენებენ. გამოდის ისე, რომ თუ "ნაციონალური მოძრაობა" გამოიყენებს თავის კანონით მინიჭებულ უფლებას და მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, იგი ამისათვის დაისჯება. ეს ყველაფერი აბსურდია და არასერიოზული, რადგან არავის აქვს იმის უფლება, მით უმეტეს პოლიტიკაში, რომ ვინმე აიძულოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მას არ სურს"-განუცხადა "ივერონს" დავით ოსეფაშვილმა.

ექსპერტის განცხადებით, "ბიძინა ივანიშვილის რიტორიკა ჰგავს "პოლიტიკური ყაჩაღის" რიტორიკას, რომელიც მოწინააღმდეგე მხარეს დაუფარავად ემუქრება."

" ასეთი მუქარები არ არის ახალი ივანიშვილის მხრიდან, რაც ადასტურებს, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი დეპუტატებზე და მათ ოჯახის წევრებზე ზეწოლას. პრემიერის ეს განცხადება, უკვე შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც დაუფარავი მუქარა ოპონენტებზე, რაც ყოველგვარ მიღებულ ნორმას და აღიარებულ წესებს სცდება. ივანიშვილის ეს რიტორიკა ჰგავს "პოლიტიკური ყაჩაღის" რიტორიკას, რომელიც დაუფარავად ემუქრება მოწინააღმდეგე მხარეს, რაც საკმაოდ საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს მთელი პოლიტიკური სპექტრისთვის.წარმოიდგინეთ, თუ პრემიერ-მინისტრი საჯარო გამოსვლებში აძლევს თავს ასეთი რიტორიკითა და ლექსიკით საუბარს, რეალურად ის რას მოიმოქმედებს, თუ გავითვალისწინებთ, მის ხელთ არსებული მნიშვნელოვანი ბერკეტების არსებობას. შანტაჟისა და სიძულვილის ენის გამოყენება პოლიტიკურ ოპონენტებთან ურთიერთობაში, მაძლევს იმის საფუძველს, რომ ვთქვა, "პრემიერ-მინისტრი" გასულია სამართლებრივი ჩარჩოებიდან და იგი საშიშია ქართული სახელმწიფოებრიობისათვის",- განაცხადა დავით ოსეფაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100