სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას გვპირდება ცესკოს ახალი თავმჯდომარე და როგორ აფასებს მას ივანიშვილი?

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს, ზურაბ ხარატიშვილის პოსტი თამარ ჟვანიამ გუშინ დაიკავა.

ცესკო იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და კანონმორჩილი ადმინისტრაცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თამარ ჟვანიამ გუშინ განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე კომისიაში ძირეულ ცვლილებებს არ გეგმავს, თუმცა ძირეული ცვლილებები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იქნება.

"ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა ჩემს ცხოვრებაში. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორს, პოლიტიკურ მხარეებს, რომელთა კონსენსუსის საფუძველზე ვიყავი როგორც წარდგენილი, ასევე არჩეული. ეს იყო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების წინ. მე, როგორც თავმჯდომარემ, საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციის ფარგლებში მინდა ჩვენს ამომრჩეველს ვუთხრა, რომ ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად გამჭირვალე, ვიქნებით კანონის მორჩილი ადმინისტრაცია, აუცილებლად ვიქნებით პროფესიონალები ჩვენს საქმეში. რა თქმა უნდა, ვიქნებით მიუკერძოებლები. მთავარია ჩვენ ყველამ ერთად ავაშენოთ ნდობა და საპრეზიდენტო არჩევნები იყოს საუკეთესო, რაც საქართველოში აქამდე ჩატარებულა", - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ჟვანიას დანიშვნას მიესალმება ქვეყნის პრემიერი ბიძინა ივანიშვილი. როგორც ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, თამარ ჟვანია, რომელიც იყო გაეროს საარჩევნო პროგრამების კოორდინატორი და რომელსაც მხარს უჭერს ყველა პოლიტიკური ძალა და სამოქალაქო საზოგადოების ფართო წარმომადგენლობა, იქნება გარანტი იმისა, რომ ოქტომბერში პრეზიდენტის არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება. "თამარ ჟვანია არის კანდიდატურა, რომელსაც მხარს უჭერენ წამყვანი პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება. მჯერა, რომ ის გამოიყენებს თავის გამოცდილებას იმისათვის, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზრუნველყოს 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება თავისუფალ და სამართლიან გარემოში", - აღნიშნავს ივანიშვილი. მისივე თქმით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ორ სხვა კანდიდატთან ერთად წარადგინა თამარ ჟვანიას კანდიდატურა, რომელსაც ერთხმად გაუწიეს რეკომენდაცია სამოქალაქო საზოგადოების წამყვანმა ორგანიზაციებმა.
პრემიერი მიესალმება, რომ ხელისუფლების, ოპოზიციური პარტიებისა და წამყვანი სამოქალაქო საზოგადოების შეთანხმების შედეგად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თამარ ჟვანიას კანდიდატურა დაამტკიცა.

თამარ ჟვანია იყო ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (IშFED) აღმასრულებელი დირექტორი. 2007 წელს მან მუშაობა დაიწყო თბილისში გაეროს განვითარების პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო დახმარების უზრუნველყოფას. არჩევნების წინ, ორი თვით ადრე ზურაბ ხარატიშვილი ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100