ღარიბაშვილი საზოგადოებას ამშვიდებს და ნაცმოძრაობას ჭორაობაში ადანაშაულებს

არავითარი სამთავრობო ცვლილება, გადადგილება და სახელმწიფო გადატრიალება არ მოხდება. სამთავრობო ცვლილებებსა და მინისტრების გადადგომასთან დაკავშირებით ჭორებს 6%-იანინაციონალური მოძრაობააგორებს, „- ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებული სპეკულაციების კომენტირებისას განაცხადა.

„ძალიან მაინტერესებს, რომელი მინისტრი აპირებს გადადგომას ან გადატრიალების მცდელობას. მეეჭვება ჩვენს გუნდში იყოს ოთხი თუ ხუთი მოღალატე. მოღალატეებს საკადრისი პასუხი გაეცემათ, მაგრამ ძალიან მარტივი გასაგებია ეს სპეკულაციები. მათი მთავარი მიზანია, მოსახლეობაში შეიტანონ გარკვეული დაძაბულობა, არასტაბილურობის განცდა გააჩინონ და განწყობა გააუარესონ. საზოგადოებაში ძალიან პოზიტიური განწყობაა. მოსახლეობის 70%-ზე მეტი ძალიან ოპტიმისტურად უყურებს საქართველოს მომავალს და ჩვენი ხელისუფლების მიერ აღებული კურსი ბოლომდე იქნება მიყვანილი. მე ამას გპირდებით მთელი ჩვენი გუნდის სახელით და პირადად მე, როგორც პრემიერ-მინისტრი ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ არავითარი ცვლილება, გადაადგილება და სახელმწიფო გადატრიალება არ მოხდება. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ და იმ ადამიანების სპეკულაციები, რომლებიც არიან მათი ე.წ აგენტი ჟურნალისტები და ამ ჭორებს მარტივად და პროფესიონალურად ავრცელებენ“, - განაცხადა პრემიერი.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ამ თემის გაგრძელება იყო სპეკულაციები, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ბიზნესს ყიდის და საქართველოდან მიდის.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი არათუ მიდის, არამედ იგი საქართველოში დარჩა მაშინ, როდესაც ყველაზე რთული და სახიფათო, სარისკო იყო მისთვის საქართველოში დარჩენა, მაგრამ მან ეს გააკეთა, გადადო სიცოცხლე და შეასრულა ის, რასაც ვერავინ შეასრულებდა. ეს არის რეალობა, რომელსაც ყველამ თვალი უნდა გავუსწოროთ და ყოველთვის დიდი პატივისცემით ვაღიაროთ. ვინც არის გაქცეული ქვეყნიდან, ძალიან კარგად ვხედავთ. ეს არის 6%-ანი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ბატონი სააკაშვილი, რომელიც გუშინ „სკაიპით“ საოცრებებს საუბრობდა.

მოვუწოდებ, ჩამოვიდეს და ელაპარაკოს ხალხს, იმ საშინელ დანაშაულებზე, რომელიც 9 წლის გამავლობაში ჩაიდინა მისმა ხელისუფლებამ. მაინტერესებს, რა უნდა ასწავლონ, რა უნდა წააკითხონ ამ ბიბლიოთეკაში. ალბათ, თვითონ დაწერს წიგნებს, როგორ აწამებდნენ ადამიანებს, როგორ აუპატიურებდნენ, კლავდნენ ქუჩებში და ართმევდნენ ბიზნესებს“, - აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარი