ძიძიგურის ოინები

ოპოზიციის ნაწილში პრაიმერის თემა კვლავ აქტუალურია. ერთ დროს ერთიანი რადიკალები ადგილობრივი არჩევნებისთვის ერთ კანდიდატზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ.
ბურჯანაძე, სანიკიძე და ნათელაშვილი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავენ. მათი მიზნები საზოგადოებისთვის ჯერჯერობით გაუგებარია.
სამაგიეროდ, ცნობილია რას აპირებენ „კონსერვატორები“. „დრონი. ჯი“ „კონსერვატორების“ ლიდერს და ოპოზიციურ პრაიმერში ერთ-ერთ მონაწილეს, ზვიად ძიძიგურს ესაუბრა.
„დრონი.ჯი“: ოპოზიციის ნაწილი პრაიმერისთვის ემზადება, ნაწილი აქციებისთვის. რა ხდება განხეთქილებაა რადიკალურ
ოპოზიციაში?
ზვიად ძიძიგური: როცა პრაიმერის იდეა წამოვჭერით არასამთავრობო სექტორი და პარტიათა უმეტესობა წინააღმდეგნი იყვნენ, რადგან ეს იყო ახალი პოლიტიკური პროექტი.
- რომელი პოლიტიკური პარტიები იღებენ პრაიმერში მონაწილეობას?
- ესენი არიან, „ხალხის პარტია“ და ნოღაიდელის, „სამართლიანი საქართველოსათვის.“ ხოლო „დაიცავი საქართველო“ ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებს, ოღონდ არა როგორც კანდოდატი.
- ძალიან დიდი ხანია თქვენი პარტია პრაიმერზე საუბრობს, იმიტომ ხომ არ გაიწელა დროში ეს საკითხი, რომ ოპოზიციის უმეტესობა პრაიმერზე უარს აცხადებს?
- კონსულტაციები სხვადასხვა პარტიებთან ამ საკითხთან დაკავშირებით გრძელდება. პრაიმერი ალბათ მომავალი წლის ადრეულ გაზაფხულზე დასრულდება. ალბათ მალე გამოვაქვეყნებთ სამუშაო ჯგუფის მიერ პრაიმერის შესახებ შედგენილ დოკუმენტებს.
- გამოდის, რომ ოპოზიციური სპექტრის ძალიან ცოტა ნაწილი თანხმდება ერთიან კანდიდატზე?
- მინდა დაგარწმუნოთ, რომ პარტიები, რომლებიც არჩევნებში წავლენ მათი დიდი უმრავლრესობა პრაიმერში მონაწილეობას მიიღებს. ჩვენთვის ადგილობრივი არჩევნები ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზაა.
- თქვენი აზრით რატომ ამბობენ უარს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე სხვა ოპოზიციური პარტიები, მაგალითად ბურჯანაძე?
- მე, რა ვიცი, ეს მათ ჰკითხეთ. ბურჯანაძეს და სხვა დანარჩენს მიაჩნიათ, რომ ეს არაა გზა ხელისუფლების შესაცვლელად. ჩვენ საპირისპიროს ვფიქრობთ. მაგალითად მოვიყვან იმას, თუ როგორ მოვიდა ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა, როცა სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე გახდა. ეს იქცა მისი ხელისუფლებაში მოსვლის წინაპირობად.
ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს და რის საშიშროებასაც ვხედავ ისაა, რომ პრაიმერის შედეგად ერთიანი კანდიდატის გამოვლენის შემდეგ შესაძლოა რომელიმე პარტიამ დამოუკიდებელი კანდიდატი დააყენოს. ეს პირდაპირ ნიშნავს სააკაშვილის წისქვილზე წყლის დასხმას.
- აქციების დროს იგრძნობოდა, რომ რადიკალური ოპოზიცია ერთად იბრძოდით, ახლა კი ერთიან კანდიდატზე ვერ თანხმდებით...
- ქალბატონ ნინოსაც, გუბაზსაც და შალვასაც აქვთ თავიანთი მოსაზრებები და არ ვაპირებ მათ დარწმუნებასა და გადარწმუნებას. ღრმად მინდა ვიყო დარმუნებული, რომ ისინი სააკაშვილის გულის გასახარელ ნაბიჯს არ გადადგამენ.
- საარჩევნო კოდექსზე და საარჩევნო ბარიერზე რა აზრის ხართ?
- საარჩევნო კოდექსი და იქ მომუშავე ჯგუფი გვარწმუნებს ერთ რამეში, რომ ხელისუფლება ადგილობრივ არჩევნებში დათმობას არ აპირებს. თუ რომელიმე კონკრეტულ პარტიას და პარტიათა ჯგუფს ჰგონია, რომ სააკაშვილს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში მოუგებს, მწარედ შემცდარა. ოპოზიციამ ერთიანი რესურსი და კანდიდატები უნდა დაუპირისპიუროს სააკაშვილს, რათა არჩევნებში მოვუგოთ. ცალ-ცალკე ბრძოლა და ოპოზიციის კანდიდატების დაპირისპირება რეალურ შედეგს ვერ დაგვანახებს.
- თუმცა, გარედან იგრძნობა, რომ ერთ დროს ერთიანი ოპოზიცია დაიქსაქსა, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ პრაიმერზე პარტიათა უმეტესობა ვერ თანხმდებით...
- ასე ნამდვილად არაა. მარტივია ზოგს უნდა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, ზოგიერთი პარტია კი უარს ამბობს.
- ოპოზიციასა და თქვენ, „კონსერვატორებს“ ხომ ბურჯანაძე გაფინანსებთ?
- არა, არ გვაფინანსებს.
- აბა, ხალხის გარკვეულ ნაწილში რატომ გაჩნდა ასეთი ეჭვები?
- არ ვიცი.
- და ვინ გაფინანსებთ?
- სახელმწიფო-საბიუჯეტო დაფინანსებით ვარსებობთ, რომელიც გვაქვს წინა ადგილობრივი არჩევნებისა და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ყველა ოპოზიციური პარტია ამგვარად ფინანსდება
- ეს თანხები აქციებსაც წვდებოდა? საკმაოდ ხანგრძლივი იყო აქციები...
- შემოწირულობები გვქონდა წვრილი მეწარმეებიდან, ასევე საშუალო ბიზნესმენებიდან და მოქალაქეებიდანაც. სადამდეც „გავქაჩეთ“ მიტინგების დაფინანსება, აქციებიც მანამდე გაგრძელდა. როცა ამოიწურა რესურსი, ჩვენც გავჩერდით.
- პრაიმერის პარალელურად ხომ არ აპირებთ კვლავ აქციების წამოწყებას?

- არაფერს არ ვაპირებთ. დავიწყებ საარჩევნო კამპანიას. არჩევნები არაა მხოლოდ ხალხთან შეხვედრები. ეს კამპანია შესაძლებელია იყოს გაჯერებული აქციებითაც, სასამართლო პროცესებითაც და ასე შემდეგ. ჩვენი საარჩევნო კამპანია იქნება ქუჩაში და ძალიან მწვავეც.
- ბატონო ზვიად, საარჩევნო კამპანიას სერიოზული დაფინანსება სჭირდება...
- მე, პოლიტიკაში 22-ი წელია ვარ და საარჩევნო კამპანიებიც მრავლად მინახავს, მაგრამ ფული არასოდეს მქონია. არც მომავალში ველოდები, რომ ფული მექნება.
- ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველი მხარს დაგიჭერთ? აქციების შემდგომ ხალხში იმედგაცრუებაა...
- არა მგონია, რომ მოსახლეობაში იმედგაცრუება იყოს. ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც მივა თავის ლოგიკურ დასასრულამდე.

კომენტარი