ბურჯანაძე სპეცრაზმს მათი დარბევისკენ მოუწოდებს

გამოძინებული და გამაკიაჟებული ნინო ბურჯანაძე „ბრძოლის ველს“ დაუბრუნდა, თუმცა, იქ დამხვდური თანამოაზრეების კიდევ უფრო შემცირებული რიცხვის გამო ვერც შეშფოთება დამალა და ვერც აღშფოთება.

როგორც ჩვენი ჟურნალისტები იუწყებიან, „სადედოფლო კარავში“ შესვლამდე ბურჯანაძემ მობილური მოიმარჯვა და, როგორც ჟურნალისტებმა მისი საუბრის ფრაგმენტების მოსმენის შემდეგ დაასკვნეს, რამდენიმე რაიონული ორგანიზაციის თავკაცს დაურეკა.

ჟურნალისტები ამბობენ, რომ მისი ტონი საკმაოდ გაღიზიანებული იყო: ბურჯანაძის ხმამაღალი საუბარი „კარვიდან“ გარეთ გამოდიოდა.

მხარდამჭერთა სიმცირის გამო საკმაოდ განაწყენებულმა ნინო ბურჯანაძემ ვა–ბანკზე წასვლა გადაწყვიტა და სპეცრაზმელებს მიმართა. მისი მიმართვა ფრიად უცნაური იყო, თუ დავამატებთ, რომ მან სპეცრაზმელებს „სახალხო კრების“ დარბევისკენ მოუწოდა: „თუ მაგრები ხართ, გამოდით, დაგვარბიეთ და მერე ნახავთ, რასაც მიიღებთ“, – სპეცრაზმელების მისამართით თქვა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ მიტინგმა თავისუფლების მოედნიდან გადმოინაცვლა. ამ დროისთვის კოსტავას ქუჩაზე (რომელიც მომიტინგეებმა გადაკეტეს,) დაახლოებით 500 ადამიანამდეა დარჩენილი.

კომენტარი