სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია

მინდა ამ დღეს ემოციები და გრძნობები გაგიზიაროთ ჩემ მშობლიურ ენაზე. დღეს საქართველო დიდ ნაბიჯს დგამს თავისუფალი ევროპისკენ! ვულოცავ ამ დღეს მთელ საქართველოს! - ამგვარი მილოცვით დაიწყო სიტყვით გამოსვლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე. მან უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი დღე უწოდა 27 ივნისის თარიღს და აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის იყოს მშვიდობისა და თანამშრომლობის გარანტი რეგიონში.

“დღეს ჩემი სამშობლოს ისტორიაში იწერება ახალი დიდი თარიღი, რომელიც ჩვენ იმედს გვისახავს და რომლითაც ჩვენი შთამომავლობა იამაყებს. სწორედ ამ დღის დადგომაზე ფიქრსა და ზრუნვას შეალია ცხოვრება არაერთმა თაობამ. ამ დღეს დიდხანს ელოდა ჩემი ქვეყანა. მე ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ჩვენს თაობას ხვდა წილად პატივი, სინამდვილედ ექცია ჩვენი წინაპრების ოცნება,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს ეძლევა ისტორიული შანსი, დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ გარემოს - ევროპას, მის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სივრცეს.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა აფხაზ და ოს ძმებსაც მიმართა და მათ ევროპასთან დაახლოების შესაძლებლობა შესთავაზა.

“ჩემო თანამემამულენო, ჩვენ ყველანი ერთი ქვეყნის შვილები ვართ! თქვენ, დღეიდან, ჩვენთან ერთად, ამ პროცესის თანაზიარი ხართ! თქვენ გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, ისარგებლოთ ყველა იმ სიკეთით, რაც ევროპასთან დაახლოებას მოაქვს,”-აღნიშნა პრემიერმა.

მანვე ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაში დაწყებულ ახალი ეტაპზე და განაცხადა, რომ ასოცირების შეთანხმებით საქართველო იღებს ვალდებულებას ქვეყანაში ეტაპობრივად დანერგოს ევროპული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტები.

ირაკლი ღარიბაშვილმა გულწრფელად მიულოცა უკრაინელ და მოლდოველ ხალხებს ასოცირების შეთანხმების გაფორმება ევროკავშირთან და მათ წარმატება უსურვა.

“ვფიქრობ, სიმბოლურია, რომ სამივე ქვეყანა ერთ დღეს ვაწერთ ხელს ამ უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებას, რომელიც არა მარტო ევროკავშირთან დაგვაახლოვებს, არამედ რეგიონში დემოკრატიის გაძლიერებასა და სტაბილურობას შეუწყობს ხელს,”- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ჰერმან ვან რომპუის განმარტებით, ევროკავშირის საბოლოო მიზანი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის სრულფასოვანი გაწევრიანება და მათი ევროპულ ოჯახში დამკვიდრებაა.
“ევროკავშირი თქვენ გვერდით დგას, გაქვთ ჩვენი მხარდაჭერა, სოლიდარობა, ტერიტორიული მთლიანობის აღიარება. უფრო ძლიერი კავშირები დააკავშირებს ჩვენს ქვეყნებს და სრულიად ევროპულ კონტინენტს განვითარებას მოუტანს და სტიმულს მისცემს,”-განაცხადა ჰერმან ვან რომპუიმ.

თავის მხრივ, ისტორიული დღე უწოდა 27 ივნისის თარიღს ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ.
"დღევანდელი დღე არის სტრატეგიული მიზნის დასაწყისი, რომ ეს ქვეყნები გახდნენ ინტეგრირებული პოლიტიკურად და ეკონომიკურად ევროკავშირთან. სირთულეების მიუხედავად, ვაპირებთ შეთანხმების ხელმოწერას უკრაინასთან, მოდლოვასთან და საქართველოსთან. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ამ ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ კანონის უზენაესობის, რეფორმებისა და ღია საზოგადოების კონსოლიდირება, არამედ მთელი ევრიპისთვისაც", - აღნიშნა ბაროზომ.

დღეს, 2014 წლის 27 ივნისს, ბრიუსელში ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის შორის ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით. დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ხოლო ევროკავშირის მხრიდან - ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ. ხელშეკრულებაზე ხელი ასევე ხელი მოაწერეს ევროკავშირის 28 ქვეყნის მეთაურებმა.

ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერგაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100