სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აშშ-ის პრესა: ობამა-მედვედევის შეხვედრის მიმიკები და ჟესტები

ის, თუ როგორ ეჭირათ თავი ერთობლივ პრესკონფერენციაზე დიმიტრი მედვედევსა და ბარაქ ობამას, სრულ დისონანსშია მათ შეფასებებთან რუსეთ-ამერიკის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ. - ასეთი დასკვნა გამოიტანეს ამერიკულმა მედიასაშუალებებმა, როცა Wall Street Journal-ის რეპორტიორის, კეროლ ლის რეპორტაჟი წაიკითხეს.

„ორი ლიდერი ოთახში მკაცრი, მშრალი სახეებით იჯდა“, - წერს ლი,- „ობამამ თავისი განცხადება მშრალი სახითა და მკაცრი ტონით წაიკითხა, მედვედევმაც - ზუსტად ასევე. როცა განცხადებებს აკეთებდნენ, ლიდერები ერთმანეთს არ უყურებდნენ. ის, თუ როგორ ეჭირათ თავი, განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო იმის ფონზე, როგორ უსვამდნენ ხაზს მათ შორის ნორმალურ დამოკიდებულებას. ისინი ერთმანეთს არ უყურებდნენ, თუმცა, ბოლოს ხელის ჩამორთმევა მაინც შედგა.

„ასოშიეტედ პრესის“ კორესპონდენციის სათაური კი უამრავმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ გადაბეჭდა ტექსტთან ერთად: „ობამასა და მედვედევის მოლაპარაკებები ანტისარაკეტო თავდაცვის საკითხებში აშიშვლებს უნდობლობას, რომლითაც გამსჭვალულია აშშ-რუსეთის ურთიერთობა“.

„ობამას სახე ნაძალადევი ღიმილით ან საერთოდ, ღიმილის გარეშე აშკარად წარმოაჩენდა კონტრასტს ოთხი ქვეყნის ტურნეში აშშ-ის ლდერის სახესთან შედარებით. როგორც ჩანს, ორი ქვეყნის ლიდერის გაუღიმარი სახე იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ პირველ პირებთან აკრედიტირებული სხვადასხვა ქვეყნების ჟურნალისტები მათთან სულ რაღაც 15 წუთით შეუშვეს.“

„ჩვენ მეგობრები ვართ, გეფიცებით!“ - ამ სათაურით აქვეყნებს სხვა ამერიკული გაზეთი ობამასა და მედვედევის შეხვედრის ფოტოს და აღნიშნავს: „ისინი ცდილობდნენ, გარშემომყოფნი დაერწმუნებინათ, რომ მტკიცე სამუშაო ურთიერთობები აქვთ, მაგრამ არ არის აუცილებელი, მიმიკებისა და ჟესტების სპეციალისტი იყოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ამ წყვილს ერთმანეთზე მზე და მთავარე არ ამოსდის...“

„ობამა-მედვედევის შეხვედრა არაფრით განსხვავდებოდა ბუშისა და პუტინის შეხვედრებისგან, როცა ერთი მეორის სულში იჭყიტებოდა“, - წერს ერთ-ერთი გაზეთი და ბუშის განცხადებას იხსენებს იმასთან დაკავშირებით, როგორ ჩახედა პუტინს თვალებში და როგორ იგრძნო მისი სული.

Los Angeles Times კი წერს: „...ისინი, თითქოსდა იმდენად ახლოს არიან, რომ ერთად მიდიან ჰამბურგერების საჭმელად და ერთად ხუმრობენ საერთო ნაცნობზე (თუმცა, მას არ ასახელებენ). საერთოც აქვთ: ორივე იურისტია, არცერთი ჯერ 50 წლის არაა და ორივეს უყვარს აღნიშვნა, რომ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ ცივი ომის წლებში... მაგრამ დოვილის შეხვედრამ შეგვახსენა, რომ ცივი ომის ყველა ბრძოლა ჯერ დამთავრებული არ არის...“

„პრეზიდენტებმა ცალყბად მიულოცეს ერთმანეთს შედეგიანი სამუშაო ურთიერთობის დამყარება“, - აღნიშნავს ტელეკომპანია  АВС, -  „მაგრამ ობამას ადმინისტრაციაში დღეს აღიარეს, რომ მათი ქვეყნები ჯერაც არ ენდობიან ერთმანეთს ბოლომდე“.

ალბათ, საინტერესოა, რატომ გახდა ანტისარაკეტო ტავდაცვის საკითხი ასე მტკივნეული რუსეთისთვის. როგორც ჟურნალისტებს აშშ-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის საკითხების კურატორმა, მაიკლ მაკფოლმა უთხრა, 2020 წელს ვაშინგტონი გეგმავს SM-3 Block IIB ანტისარაკეტო სისტემის ამოქმედებას, რომელიც გათვლილი იქნება მცირე და საშუალო სიშორის, პოტენციურად კი, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგაც, რომელიც, შესაძლოა, აშშ-ის მიმართულებით შორეული აღმოსავლეთიდან გაუშვან.

„რუსები სიშობენ, რომ როცა ამ სტადიამდე მივალთ, ჩვენ მათი საკონტინენტთაშორისო რაკეტებისთვის პოტენციური საფრთხე გავხდებით“, - ამბობს მაკფოლი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100