ირაკლი ალასანიამ შალვა ნათელაშვილი იყიდა?

ირაკლი ალასანია საკუთარი გარემოცვის მძევალი ხდება. ახლა ყველგან დავით გამყრელიძესთან ერთად ხელკავით დადის და გამყრელიძის შეკვეთილ მუსიკაზე ცეკვავს.
ალასანიას, როგორც მისივე თანაპარტიელების ნაწილი პირად საუბრებში ამბობს, მერის არჩევნებში კანდიდატურის მოხსნა სურს, თუმცა „რესპუბლიკელები“ და „ახლები“ პრინციპულად თავისუფალი გადაწყვეტილების უფლებას არ აძლევენ.
ალასანია ამბობს, „ალიანსში“ პარიტეტია, მაგრამ ამ პარიტეტში გამყრელიძის ამბიციური „კლანჭები“ და უსუფაშვილის კოდექსითა და იურიდიული კაზუსებით დატენილი დოგმები მოჩანს. პრინციპში, უსუფაშვილსა და გამყრელიძეს შორის კარდინალურ, 10 განსხვავებასაც ვერ იპოვით.
ორივეს პოსტშევარდნაძისეული წარსული კომკავშირის ორდენებით აქვს დამშვენებული. ყველას კარგად ახსოვს, მაღაროსკარელი დავით უსუფაშვილი ბოლო მომენტამდე რომ არ ხევდა კომკავშირის რაიკომის მდივნის წითელყდიან მოწმობას, ხოლო დავით გამყრელიძე კი „გეპეის“ კიბეებზე არაფორმალებისა და „ეროვნულების“ გამოსვლების დროს, როგორც სამედიცინოს კომკავშირის ახალგაზრდული მდივანი, შეიძლება ითქვას, რომ თითქმის არბევდა აქციის მონაწილეებს.
მაშინდელი თვითმხილველები დღესაც იხსენებენ კომკავშირელ გამყრელიძეს, რომელიც ახალგაზრდა კომკავშირელების ჯგუფის ნაკადით „აწვებოდა“ მომიტინგეებს.
ასე რომ, უსუფაშვილსა და გამყრელიძეს შორის დიდი სხვაობა არაა. ეგაა მხოლოდ, ერთს პრემიერმინისტრობა სურს, მეორეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობაც აკმაყოფილებს. ალასანია კი, ბოლო დროს, რუსული „რულეტკის“ თამაშშია შემჩნეული.
როგორც „დრონი. ჯი“-ს წყარო ადასტურებს, რამდენიმე დღის წინ „ლეიბორისტების“ ოფისში მისული ბრძანდებოდა ირაკლი ალასანია და დავით გამყრელიძე.
ამ ინფორმაციას ადასტურებს სოსო შატბერაშვილიც, გაეროს ეგიდით არჩევნების ჩატარებაზე რომ ოპოზიციური პარტიები მოვიწვიეთ, ეგენიც უნდა ყოფილიყვნენ, იმ დღეს ვერ მოვიდნენ და მერე შემოგვიარესო. რისთვის შეიარეს ალასანია-გამყრელიძემ „პოდრუჩკით“ „ლეიბორისტებში“, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს.
„ლეიბორისტების“ მწარე კრიტიკამ, ბოლო დროს, ალასანიას მისამართით საგრძნობლად იკლო. შალვას ენა მტერს მოხვდა. ალასანიამ კი მოულოდნელ მემარცხენე „ლეიბორისტებთან“ მოლაპარაკებების გამართვა გადაწყვიტა.
რა უნდა ჰქონოდათ სასაუბრო, „მემარჯვენე“ გამყრელიძესა და მკვეთრად „პრომემარცხენე“ შალვას, ეს ალბათ შატბერაშვილმაც კი არ იცის. თუმცა იმაზე კი მიუთითებს, რომ ალასანიამ გეზი პრორუსულისკენ აიღო. ყოველ შემთხვევაში, „ლეიბორისტები“ პროდასავლურ ძალად ვერც ერთ ჩარჩოში ვერ მოთავსდებიან, თუნდაც იგივე მემარცხენეობის გამო.
როგორც „დრონი.ჯი“-ს უყვებიან, მათი მოლაპარაკების მთავარი თემა ადგილობრივი არჩევნებია. შალვამ მხარი ალასანიას უნდა დაუჭიროს.
ნათელაშვილს ამომრჩევლების დიდი არმია ჰყავს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არაფერზეა მიღებული. პოლიტიკურ კულუარებში იმაზეც საუბრობენ, რომ ალასანიამ შალვას რუსულ პოლიტიკურ წრეებზე „გასვლის“ ორგანიზებაც სთხოვა.
სხვა თუ არაფერი, ნათელაშვილი რუსულ დიპლომატიურ წრეებთან და „ფეესბეშნიკებთან“ შეხვედრებში თავად ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ ამხილა. რას იზამს ალასანია საბოლოოდ, ამას დრო აჩვენებს, თუმცა მერის სავარძლისთვის ბრძოლაში, როგორც ჩანს, მან ამჯერად რუსული პოლიტიკური „რულეტკის“ თამაში გადაწყვიტა.
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით) - მოითხოვეთ ყველგან და აღნიშნეთ საუკეთესო

კომენტარი