ხელისუფლების დამხობის რა სქემა აქვს რადიკალურ ოპოზიციას

რადიკალები სახელმწიფო გადატრიალებისთვის ემზადებიან. ლონდონში საშობაოდ გამართული გამალებული შეხვედრები ბორის ბერეზოვსკის ხალხთან, გადატრიალების გეგმის მხოლოდ ერთი შტრიხია.
მართალია, არც თუ ისე ურიგო „წილი“ აქვს ფინანსებს სახელმწიფო გადატრიალების საქმეში, მაგრამ ამჯერად ყურადღებას შიდა ოპოზიციურ გეგმებზე გავამახვილებთ, რომელსაც კრემლის ორი მეგობარი, ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ნოღაიდელი უწევენ კოორდინირებას.
„დრონი.ჯი“-ს ინფორმაციით, ხორბლის მარცვლის დედოფალი მოკავშირეებს რაზმავს, რათა არჩევნების შემდეგ ხალხი მასობრივად გამოიყვანონ ქუჩაში და სახელმწიფო სტრუქტურების სრული პარალიზება მოახდინონ.
რადიკალებისა და ე.წ. ინტელიგენციის შეხვედრებმაც ნათლად აჩვენა, რომ ოპოზიცია ძალის გამოყენებას, მასობრივ არეულობებს, ქაოსსა და საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო შენობების დაკავებას გეგმავს.
ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, დამარცხებული რადიკალები (კვლევები აჩვენებს, რომ ოპოზიციის კანდიდატებს გამარჯვების შანსი არც აქვთ) პირველ რიგში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბლოკირებასა და არჩევნების ჩაშლას შეეცდებიან.
სქემა, რომელიც ბურჯანაძის ხალხთან მუშავდება ასეთია: არჩევნების პარალელურად, ოპოზიციის ერთი ნაწილი ქუჩაში გამოვა, მედია-საშუალებებს გამოიყენებს და საზოგადოებას გააცნობს მათ ხელთ არსებულ „ინფორმაციას“, თითქოსდა არჩევნების კატასტროფულად გაყალბების, სახელმწიფო ტერორის, საარჩევნო კომისიების დარბევისა და ბიულეტენების ჩაყრის შესახებ. განაცხადებს, რომ რეგიონებში ხალხს ატერორებენ, აიძულებენ, რომ იმოქმედონ ხელისუფლების ინტერესების გათვალისწინებით.
ოპოზიციის მხარდამჭერთა მობილიზებას კი თავის თავზე ლევან გაჩეჩილაძე აიღებს. ფაქტობრივად, მნიშვნელობა არა აქვს, გრეჩიხა მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას ან რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს, მისი დავალება, ამ სქემის მიხედვით ხალხისთვის რაც შეიძლება მწვავე ინფორმაციის მიწოდებაა.
ნინო ბურჯანაძე უფრო კულუარებში მუშაობს და სხვებთან ერთად აგვარებს ფინანსებისა და ურთიერთკოორდინირების საქმეებს. „დრონი.ჯი“-ს მონაცემებით, ეს სქემა უცნობია ალასანიასთვის, თუმცა, გამორიცხული არაა, რომ ბატონი ირაკლი ანტისახელმწიფოებრივ ფერხულში ჩაითრიონ.
ბურჯანაძე-გრეჩიხას დუეტის გარდა, საკმაოდ სერიოზული როლი აქვს ზურაბ ნოღაიდელსაც. მას კრემლთან ოპოზიციური ურთიერთობების დალაგება, გადატრიალების ტექნოლოგიების დახვეწა, პრიმაკოვის ჯგუფის წევრებისგან რჩევების მიღება და რადიკალების ფსიქოლოგიური შემზადება ევალება.
„დრონი.ჯი“-ს წყარო ოპოზიციიდან გვიყვება, რომ ნოღაიდელმა უკვე მოახერხა მოკავშირეებისთვის სიტუაციის დაძაბვის რამდენიმე ვარიანტის გაცნობა, თუმცა, არის საკითხები, რომელზეც, დაღლილ ვირსა და მაგალითად, კონსერვატორებს სხვადასხვა აზრი აქვთ.
კერძოდ: ერთი ვერსიით, ნოღაიდელი ერთდროულად რამდენიმე ფრონტის გახსნას აპირებს და თვლის, რომ ის აჭარაში, მიტინგებით, არეულობითა და ქაოსით, სერიოზულად შეარყევს სახელმწიფოს პოზიციებს.
კონსერვატორების აზრით კი, აუცილებელია ერთიანი ფრონტის გახსნა მხოლოდ საქართველოს დედაქალაქში. კონსერვატორები, კონკრეტულად კახა კუკავა ნოღაიდელს უმტკიცებს, რომ მხოლოდ თბილისია ის ქალაქი, რომლითაც გაცილებით გაადვილდება ხელისუფლების თუნდაც ძალისმიერი გზით ჩამოგდება, რა თქმა უნდა, არჩევნების გაყალბების ეგიდით...
კიდევ ერთი ფიგურა, რომელიც ძალისმიერი მეთოდების მომხრეა, გოგა ხაინდრავაა. ხაინდრავა, სხვადასხვა ოპოზიციურ თავყრილობებზე ღიად ირწმუნება, რომ მას ხელისუფლების ჩამოგდების რესურსიც აქვს და „თავიც“.
როგორც გავარკვიეთ, ერთ-ერთ შეხვედრზე ხაინდრავას დაუქადნია: თუ არეულობისთვის ფულს ვიშოვით, შევკრიბავ 200-300 კაცს და პირველი მე შევვარდები ცესკოშიო.
სხვებს კი უთქვამთ, რომ 200-300 კაცით სააკაშვილის ხელისუფლებას ვერ დავამხობთ, ყველას დაგვიჭერენ და მსოფლიოს დაანახებენ, რომ იარაღისა და სისხლის მომხრეები ვართ, ამიტომ, თუ ძალისმიერ გზას ავირჩევთ, აუცილებლად უნდა დავამხოთ ხელისუფლება და როცა მსოფლიოს ფაქტის წინაშე დავაყენებთ - ხელისუფლებას ჩამოვაგდებთ, უკვე ჩვენ დაგვიჭერენ მხარსო...
მართალია, „დრონი.ჯი“-თან საუბარში ოპოზიის წარმომადგენლები ხელებს ასავსავებენ, ტყუილია, გადატრიალებას არ ვგეგმავთ თუ არჩევნები არ გაყალბდაო, თუმცა, კიდევ ერთი ფიგურა, რომელსაც ხალხის წინასწარ შემზადება ევალება - პატარა გრეჩიხა, იიგივე უცნობი, იგივე გია გაჩეჩილაძეა.
უცნობს „საკუთარი სფერო“ უკვე აქვს და თვლის, რომ ის ხალხის „დაგრუზვის“, „დაბოღმვის“ სპეციალისტია. უცნობის ეს ნიჭი კი, მისი აზრით გადაცემა „საკანშიც“ გამოჩნდა. ამიტომ, უცნობი ოპოზიციის ზოგიერთ ლიდერს, პირველ რიგში კი საკუთარ ძმას არწმუნებს, რომ „აუცილებელია არჩევნებამდე ხალხის მომზადება იმისათვის რომ ხელისუფლება გაყალბებისთვის ემზადება“. ასეთი მისია კი მისი თქმით, თურმე ტელეკომპანია „მაესტომ“ უნდა აიღოს საკუთარ თავზე.
ყოველივე ეს, „დრონი.ჯი“-ს ოპოზიციის ერთ-ერთმა ცნობილმა წარმომადგენელმა მოუყვა, რომელიც როგორც თავად ირწმუნება, „თუ ასე გაგრძელდა“, რადიკალური ოპოზიციის რიგებს დატოვებს.
ამჯერად კი ვითარება რადიკალებს შორის ასეთია: ლეიბორისტები არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, მაგრამ ბურჯანაძესა და გაჩეჩილაძეებს იმედი აქვთ, რომ როცა სიტუაცია გახურდება ისინი ქუჩაში გამოვლენ.
ალასანია „თავისას მიერეკება“ და არაამქვეყნიური აზრები აწუხებს, თუმცა, რადიკალები მემარჯვენეების გააქტიურებას არ გამორიცხავენ და იმედოვნებენ, რომ ლეიბორისტების გარდა, თავიანთ სიტყვას დავით გამყრელიძეც იტყვის, რომელიც ამჟამად ალიანსში შავი მუშის როლს ასრულებს.
სალომე ზურაბიშვილი და ეკა ბესელია კი, ბურჯანაძისტების გათვლებით ნინოს თამაშს ითამაშებენ და აქტიურად დაუჭერენ მხარს რადიკალურ, ძალისმიერ ცვლილებებს.
საეჭვოა ფორუმისა და პატარ-პატარა პოლიტიკური გაერთიანებების როლი ხელისუფლების დამხობის საქმეში, თუმცა, ორგანიზატორების ვარაუდით, როცა ისინი ფაქტის წინაშე დადგებიან, არჩევანს გადატრიალების სასარგებლოდ გააკეთებენ.
კიდევ ერთი თემა, რომელმაც რადიკალთა შეხვედრებზე რამდენჯერმე გაიჟღერა, იარაღია. „დრონი.ჯი“-ს წყარო დარწმუნებული არაა, თუმცა, აცხადებს, რომ ბურჯანაძემ კრემლისგან იარაღით მომარაგების გარანტიაც მიიღო. ვცადეთ ეს ინფორმაცია თავად ბურჯანაძესთან გადაგვემოწმებინა, თუმცა, შეუძლებელი აღმოჩნდა.
ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით კი, შეიარაღებული დაპირისპირების პროვოცირების შემთხვევაში, ახალი თენგიზ კიტოვანი ნინო ბურჯანაძის მეუღლე, ბადრი ბიწაძე იქნება.
წყარო იმასაც გვიყვება, რომ თუ სისხლი დაიღვარა, გამორიცხული არაა, კრემლმა და მისმა ქართველმა მეისრეებმა სიტუაცია 1991-92 წლების მსგავსი სცენარით წაიყვანონ. ყოველ შემთხვევაში, შეეცადონ, რომ სამოქალაქო ომის საშიშროება შექმნან.
ერთ-ერთი ვერსიით, ასეთი რამ ნოღაიდელი-პუტინის შეხვედრაზე და ნოღაიდელის ცხინვალში ვიზიტის დროსაც გაჟღერებულა.
ხელისუფლების გეგმები
იცის თუ არა ხელისუფლებამ იმის შესახებ რომ ოპოზიციის ერთი ჯგუფი სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს ან რამდენად რეალურია ასეთი გეგმების არსებობა?
მართალია, ნათქვამია, ყველა ვერსიას არსებობის უფლება აქვსო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ თუ ვინმე კანონს დაარღვევს ან ხელისუფლების დამხობას შეეცდება, მის წინააღმდეგ კანონი მთელი სიმკაცრით ამოქმედდება.
უმრავლესობის ლიდერთა განცხადებით, საქართველოში 1991-92 წლების მოვლენები აღარასოდეს განმეორდება, მიუხედავად იმისა, თუ რა გეგმებს დაამუშავენებ კრემლში და რა გზას აირჩევს რადიკალური ოპოზიცია.
პ.ს: „დრონი.ჯი“-მ ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა. დასმული იყო მხოლოდ ერთი შეკითხვა - დაუჭერთ თუ არა მხარს სახელმწიფო გადატრიალებას. აღმოჩნდა, რომ 100 გამოკითხულიდან, გადატრიალების მომხრე მხოლოდ ერთი ადამიანი იყო, ორს პასუხი არ ჰქონდა, დანარჩენებმა კი ერთხმად დაგმეს ყოველგვარი გადატრიალებები და რევოლუციები.
სტატია დაიბეჭდა ყოველკვირეულ გაზეთ „დრონი.ჯი“-ს 18 იანვრის ნომერში.


კომენტარი