პარლამენტში გულანთებული ადამიანები გვჭირდება - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ახმეტის მოსახლეობასთან შეხვედრისას, იმ გეგმების შესახებ ისაუბრა, რასაც "ქართული ოცნება" განახორციელებს, მათ შორის ინფრასტრუქტურასა და განათლების სისტემაში. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი კონკრეტული გეგმა აქვს, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში, განათლების სისტემაში ფუნდამენტური ცვლილებები შევიდეს, რათა პედაგოგები უფრო დაფასებულნი იყვნენ. მთავრობის მეთაურმა, მოსახლეობასთან შეხვედრაზე ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ტურიზმის განვითარებაზე გაამახვილა. "მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს ინფრასტრუქტურის სწრაფი განახლებისათვის, რათა დასრულდეს ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის, ასევე ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებით. აგრეთვე, დასრულდეს ტურისტული მიმართულებების გზების მშენებლობა, რათა ტურიზმი განვითარდეს. ეს განსაკუთრებით ახმეტას შეეხება, რადგან ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს, თუ როგორ გავზარდოთ ახეტის სატრანზიტო ფუნქცია. სერიოზული გეგმები გვაქვს თუშეთის მიმართულებით და, რა თქმა უნდა, მთიანი რეგიონების შემაერთებელი გზების მშენებლობა, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ. ყველაფერი ამისთვის, პარლამენტში გულანთებული ადამიანები გვჭირდება, რომლებიც თითოეული თქვენთაგანის ინტერესებს დაიცავენ",- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. (რ)

კომენტარი