შეხვედრა ქედის მოსახლეობასთან

საქართველო გახდება მართლაც თანამედროვე ქვეყანა, სადაც ყველა ოჯახში მივა კეთილდღეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქედის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში - ანზორ ბოლქვაძე და ხვიჩა შარაშიძე წარადგინა.

პრემიერმა გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე დეტალურად ისაუბრა, ასევე განსაკუთრებით აღნიშნა კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მასწავლებლებისთვის, ექიმებისთვის, ექთნებისთვის დაკერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის შეღავათებს ითვალისწინებს.

„ჩვენს ზოგიერთ ოპონენტს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი მთის კანონს, ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს მორალური უფლება, რომ თუნდაც აჭარის მაღალმთიანეთში ითხოვოს მხარდაჭერა”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მომავალი 4 წელი, განვითარების გეგმებით გაცილებით საინტერესო და დატვირთული იქნება. როგორც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ აღნიშნა, ფუნდამენტური რეფორმები იგეგმება, განათლების სისტემაში, მმართველობასა და ინფრასტრუქტურაში.

„პედაგოგი საქართველოში უნდა იყოს გაცილებით უფრო დაფასებული. მაშინ, როდესაც საქართველოს ძალიან უჭირდა, როდესაც ბავშვები მთიან რეგიონებში, სოფლიდან სოფლად ფეხით მიდიოდნენ სკოლაში, ჩვენი მასწავლებლები, თავიან მოწაფეებთან ერთად, აი ამ გაჭირვებში უზრუნველყოფდნენ განათლების უწყვეტობას. არ შეიძლება, მათ ეს არ დავუფასოთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავნიშნეთ მაღალმთიან სოფლებში ავტობუსები, რათა ბავშვებმა ფეხით აღარ იარონ სკოლებში. სწორედ ამიტომ, ჩვენ, მომავალი წლიდან, ვზრდით მასწავლებლის ხელფასს და საშუალო ხელფასი 800 ლარი გახდება საქართველოში. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავსინჯავთ უმაღლესი განათლების პრიორიტეტებს და ჩვენი ახალგაზრდები აღარ ისწავლიან იმ პროფესიების მიმართულებით, რომლებიც ნაკლებად საჭიროა და შეისწავლიან იმ პროფესიებს, რომლებიც უფრო მეტად არის საჭირო საქართველოში”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს ფიზიკური რეალობის შემცვლელ პროგრამას უწოდებს მთავრობის მეთაური ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთა განხორციელება მომავალი ოთხი წლის განმავლობაში იგეგმება. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ პერიოდში, ყველა მნიშვნელოვანი მაგისტრალი, როგორც ავტობანები, ასევე ტურისტული და რეგიონებთან დამაკავშირებელი გზები დასრულდება. პრემიერის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში იწყება ხულო-ადიგენის გზის მშენებლობა; თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება ბათუმიდან აჭარის მაღალმთიანეთთან დამაკავშირებელელი გზაც; ასევე, აქტიურად გაგრძელდება გაზიფიცირებისა და წყალმომარაგების პროექტები.

(R)

კომენტარი