ნოღაიდელი თითო აქტივისტს, არეულობის სანაცვლოდ 500 ლარს დაპირდა?

ზურაბ ნოღაიდელის მოსკოვურმა ვოიაჟებმა და „ედინაა რასიასთან“ გაფორმებულმა ხელშეკრულებამ საზოგადოების დიდი ნაწილის აგრესია გამოიწვია. მეტიც, მას მოღალატე და პრო-რუსული ძალაც კი უწოდეს, თუმცა ნოღაიდელისთვის ეს ფაქტი არაფერს ცვლის. როგორც ჩანს, კრემლის რჩეული მომავალშიც არ მოერიდება აწ უკვე, თავის პარტნიორებთან ჩასვლას და ინფორმაციების მიწოდებასაც კი, ექვსპუნქტიან შეთანხმებაში ერთ-ერთი პუნქტი ხომ სწორედაც ინფორმაციების გაცვლას გულისხმობს. ერთი-ერთი ვერსიით, „დაღლილი ვირი“ კრემლისგან მხარდაჭერის და გარანტიების მიღებას ცდილობს ხელისუფლების დასამხობად. როგორც ამბობენ, ყოფილი პრემიერის გეგმებში ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება სულაც არ შედის.
მისთვის ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის დამარცხება ბევრად უფრო მომგებიანია, რათა შემდეგ დაიწყოს ჩხავილი არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა და ყველანი ქუჩაშიო. მან ამაზე არაერთხელ გაააკეთა მინიშნება, არჩევნების გაყალბება უკვე დაწყებულიაო.
დაანონსებული აქციების მესამე ტალღა, რასაც ხელისუფლების პოლიტიკურ სანაგვეზე გაშვება უნდა მოჰყვეს, ვისი ფულით იქნება დაფინანსებული, ალბათ ძნელი მისახვედრი არც ეს უნდა იყოს.
„დრონი. ჯი“-ს ინფორმაციით, ექსპრემიერი ფულით ცდილობს საზოგადოების მოხიბვლას და „სამართლიანი საქართველოს“ რიგების გაფართოებას. როგორც შევიტყვეთ, ნოღაიდელი ხალხისთვის 500-500 ლარის დარიგებას აპირებს პარტიის რიგების შესავსებად და შემდეგ ამ ხალხის, ე.წ. მისი აქტივისტების ქუჩის აქციებზე გამოსაყვანად.
იგი თავისი პარტიის რიგების შევსებას სხვადასხვა პარტიებიდან ხალხის გადაბირებით რომ ცდილობს, ესეც ფაქტია, სწორედ ამისთვის საყვედურობდნენ და ადანაშაულებდნენ ყოფილ პრემიერს „ახალი მემარჯვენეები“. ნოღაიდელი პოლიტიკაში დამკვიდრებას ფულით და ჩვენი მომხრეების გადაბირებით ცდილობსო - აცხადებდა ფიქრია ჩიხრაძე.
„დრონი. ჯი“ კომენტარისთვის „სამართლიანი საქართველოს“ წევრს, პეტრე მამრაძეს დაუკავშირდა.

- „დრონი. ჯი“-ს ინფორმაციით, თქვენი პარტია აპირებს 500-500 ლარი დაურიგოს საზოგადოებას, რათა გაზარდოთ პარტიის რიგები და შემდეგ ეს ხალხი ქუჩის აქციებზე გამოიყვანოთ. თქვენ ხალხის მიზიდვას ამ ფორმით ცდილობთ?
პეტრე მამრაძე: ეს არის სრული აბსურდი, მორიგი პროვოკაცია, ასე ვთქვათ, ტალახის სროლის მორიგი მცდელობა და მეტი არაფერი. ჩვენ, არასდროს დავარღვევთ კანონმდებლობას და კორუმპირებული რეჟიმისგან განსხვავებით, არასდროს მოვისყიდით საზოგადოებას.
- არც ხელისუფლების დასამხობად და აქციების ე.წ. მესამე ტალღისთვის ემზადებით? საზოგადოების ქუჩის აქციებზე გამოყვანასაც არ გეგმავთ?
- კიდევ ერთი პროვოკაცია, მკითხველს ალბათ კარგად ახსოვს, რომ ჩვენ ვიყავით ის პარტია, რომელმაც ძალიან მტკიცედ გააკრიტიკა ჯერ კიდევ შარშან 9 აპრილამდე პერმანენტული აქციები. მით უმეტეს მაგისტრალების გადაკეტვა საკნების მეშვეობით. ამის თაობაზე, ჩვენ, არაერთი განცხადება გავაკეთეთ, რომ ეს დაუშვებელია და მხოლოდ კონტრშედეგს იწვევს, ანუ საპირისპირო შედეგს. ჩვენ ვართ არჩევნების მომხრე და მხოლოდდამხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის მომხრე.
- ანუ ამ ინფორმაციას არ ადასტურებთ?
- არამარტო არ ვადასტურებ, არამედ გაოცებას გამოვთქვამ. ჩვენ ხომ ხშირად გამოვდივართ და ვაფიქსირებთ პოზიციას სიტყვით და საქმით და სხვა ყველაფერი არის ცილისწამება და ტალახის სროლა.
პ.ს. ხშირად პოლიტიკოსები ჟურნალისტების მიერ მოპოვებულ ინფორმაციებს არ ადასტურებენ და მეტიც, ყურით მოთრეულ ჭორს და აბსურდსაც კი უწოდებენ. თუმცა, შემდეგ ეს ე.წ. ჭორი და აბსურდი რეალობად იქცევა ხოლმე.

კომენტარი