სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზურა აბაშიძე: გაჩეჩილაძე ამ არჩევნებში ალასანიას არ დაუპირისპირდება

ოპოზიციურ სპექტრში აზრთასხვადასხვაობა და დიდი აურზაურია. მეტიც, დაძაბულობამ პიკს მიაღწია.მოკლედ, ოპოზიცია კარზე მომდგარ არჩევნებს დაქსაქსული ხვდება. ალიანსი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია არჩევნებში წარმატების მიღწევას მხოლოდ ერთიანი ძალით შეძლებს და ყველას მოუწოდებს, ალასანიას დაუჭირეთ მხარიო, მათ შორის ლევან გაჩეჩილაძესაც.
მხარდაჭერის რა მოგახსენოთ და ამას წინათ გაჩეჩილაძემ კი განაცხადა ალიანსმა მიხედოს თავის გზასო. მართალია, მას შემდეგ გაჩეჩილაძის და ალასანიას შეხვედრა შედგა, თუმცა რაც შეიტანეს ისევ ის გამოიტანეს. ანუ შეხვედრას ამ ეტაპზე ერთიანი კანდიდატის ირგვლივ გაერთიანება არ მოჰყოლია. რა გადაწყვეტილებას მიიღებს გაჩეჩილაძე ჯერჯერობით უცნობია. ალიანსი კი გაჩეჩილაძის გადაწყვეტილების მოლოდინშია.

დრონი. ჯი ამ და სხვა საკითხებზე ,ალიანსის წევრს, ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა.
- ირაკლი ალასანიას და ლევან გაჩეჩილაძის შეხვედრა შედგა, რა იყო მათი საუბრის ძირითადი თემა და რაზე შეთანხმდნენ?
- მათ პირველ რიგში ოპოზიციის მთლიან კოორდინირებულ მუშაობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ირაკლი ალასანია უკვე ჩართულია წინასაარჩევნო კამპანიაში, საარჩევნო კამპანია პრაქტიკულად დაწყებულია და ამიტომ ჩვენ, ოპოზიციასთან კონსულტაციებში დასახარჯი დრო ნამდვილად, აღარ გვაქვს.
- ვრცელდება ხმები, რომ ალასანიამ გაჩეჩილაძეს თხოვნით მიმართა მერის კანდიდატურა არ დააყენოო, სთხოვა მსგავსი რამ ალასანიამ გაჩეჩილაძეს რეალურად?
- ასეთი რამ ირაკლის ლევანისთვის ნამდვილად არ უთხოვია. მათ შორის მსგავსი საუბარი არ ყოფილა.
- საუბრობენ, სანამ ერთმანეთს შეხვდებოდნენ კონფლიქტიც კი მოსვლიათ, დაუპირისპირდება თუ არა არჩევნებში გაჩეჩილაძე ალასანიას?
- მათ შორის არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა და მე მგონი, არც იქნება მომავალში. რაც შეეხება არჩევნებში მათ დაპირისპირებას, დაუპირისპირდებიან თუ არა ერთმანეთს, ამას დრო გვაჩვენებს. გაჩეჩილაძე გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს. ლევანი, ვგრძნობ, რომ პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს. როგორც ჩათვლის საჭიროდ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა, არ მგონია, რომ ირაკლის დაუპირისპირდეს.
- ალიანსმა ოპოზიციურ ძალებს არჩევნებში ალასანიას კანდიდატის ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდა, უფრო მომგებიანი ხომ არ იქნებოდა, რომ ამ არჩევნებში გაჩეჩილაძეს ალასანიასთვის დაეჭირა მხარი და საერთოდაც, უნდა დააყენოს თუ არა მან თავისი კანდიდატურა?
- ეს, ლევანმა უნდა გადაწყვიტოს, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მხარს უჭერენ. თუ გადაწყვიტავს, რომ უნდა დააყენოს თავისი კანდიდატურა, დააყენოს და თუ ჩათვლის, რომ დღეს, არ არის საჭირო თავისი კანდიდატურის დაყენება, ამასაც გავიგებთ. ჩვენ, მარჩიელობით ვერ ვიცხოვრებთ, ამ ადამიანმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და მან ისაუბრა, რომ ის მხარს დაუჭერს იმას, ვინც ამ ბრძოლაში გამარჯვებას მოიპოვებს. ასე რომ, დაველოდოთ მის გადაწყვეტილებას.
- იმ შემთხვევაში, თუ გაჩეჩილაძე თავის კანდიდატურას დააყენებს ალასანია ხომ არ გადაიფიქრებს და მოხსნის თავის კანდიდატურას, როგორც ამბობენ, იგი მერყევი პოლიტიკოსია და აქედან გამომდინარე გეკითხებით...
- ალასანია თავისი კანდიდატურის მოხსნის საკითხს არ განიხილავს და ეს მისი საბოლოო გადაწყვეტილებაა. მერყევი პოლიტიკოსია? სასაცილოა.
- იმასაც ამბობენ, რომ ხიდაშელი და გუნცაძე ერთმანეთს დაპირისპირებიან, და მეტიც, შეიძლება უახლოეს მომავალში გუნცაძე ნოღაიდელის გუნდში გადაბარგდესო...
- ქალბატონ თინასა და კოკა გუნცაძეს შორის არანაირ დაპირისპირებას არ ჰქონია ადგილი, ნუ, ყოველ შემთხვევაში, ამის თაობაზე მე, არანაირ ინფორმაციას არ ვფლობDდა ასეთი რამ, რომ მომხდარიყო აუცილებლად მეცოდინებოდა. არ მგონია, რომ გუნცაძე ნოღაიდელის გუნდში ვიხილოთ.
- ე.წ. პრაიმერისტებმა თქვენი გულის მოსაგებად პრაიმერზე უარი თქვეს და სოციოლოგიურ გამოკითხვას დათანხმდნენ, თუმცა თქვენთვის ამ ფაქტს არაფერი შეუცვლია, მათთან მოლაპარაკებების განახლებას გამორიცხავთ?
- ე.წ. პრაიმერისტებთან მოლაპარაკებების დაწყება გამორიცხულია, ჩვენ ამ ძალასთან არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს. ისე, მათვე განაცხადეს, რომ ჩვენთან კონსულტაციებს არ აპირებენ. ჩვენც ბუნებრივია, საარჩევნო კამპანიაში ვართ ჩართული, არსებობს ალიანსი და მასში შემავალი სამი პოლიტიკური პარტია, ამას დამატებული სოზარ სუბარი, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატია, ჩვენ დაწყებული გვაქვს საარჩევნო კამპანია და მივდივართ არჩევნებზე.
- კუკავამ აღნიშნა, ალასანიას საქმიანობა ჩვენთვის საინტერესო აღარ არისო და აქვე დაამატა, უგულავას დამარცხება გაჩეჩილაძეს შეუძლიაო.
- ჩვენდამი მათი დამოკიდებულება ასეთია და რას ვიზამთ. მათ თავიანთი პროცესი აქვთ და ჩვენ, ერთმანეთს ხელს არ ვუშლით.
- რას ნიშნავდა ალასანიას ბოლოდროინდელი ნაბიჯები, ალასანიამ საზოგადოების ნაწილს იმედებიც კი გაუცრუა და რამდენად აქვს მას არჩევნებში გამარჯვების შანსი?
- მე, ვერ ვგრძნობ, რომ ირაკლიმ საზოგადოებას იმედი გაუცრუა. იცით რა არის, ვისაც სჯერა და სჯეროდა მისი, დარწმუნებულია მის გამარჯვებაში. იმედების გაცრუებაში რა იგულისხმება, არ ვიცი. ალბათ, საჭიროა კონკრეტიკა, რა იმედები ჰქონდათ და რა იმედები გაუცრუა. თუ საუბარია იმაზე, რომ ირაკლიმ ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის გამო გადადგა გარკვეული ნაბიჯები, ვფიქრობ, რომ პირიქით - ეს საზოგადოებისთვის პოზიტიურად იყო აღქმული და თუ ეს პროცესი გარკვეულწილად რაიმე კონკრეტული შედეგით არ დასრულდა, ეს ალასანიას ბრალი არ არის.
რეალურად, ეს იმ პოლიტიკური აზროვნების და იმ პოლიტიკურ პარტიებს შორის წლების განმავლობაში დაგროვილი გარკვეული უნდობლობის, წყენის და თანამშრომლობაში გამოხატული აზრთასხვადასხვაობის შედეგია. როდესაც ირაკლიმ პირველმა განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებდა, მაშინ ძირითადი ოპოზიციური ძალები, კონკრეტული პირები წინააღმდეგი იყვნენ საერთოდ ამ არჩევნების და ამბობდნენ რა დროს არჩევნებია, როგორ შეიძლება საერთოდ ამაზე ლაპარაკიო. დღეს კი დავინახეთ, რომ თითქმის ყველას აქვს ამ პროცესში მონაწილეობის სურვილი. ასე რომ, ვფიქრობ პროცესმა ალასანიას დამსახურებით გაიღვიძა.
- ალასანიაზე ასევე ამბობენ, რესპუბლიკელებისგან დამოუკიდებლად ვერ იღებს გადაწყვეტილებებს, მათი მძევალია და ალიანსში ამიტომაც დაბრუნდაო, კობა დავითაშვილმა გაჩეჩილაძეს ალასანიასთან საუბრის ნაცვლად რესპუბლიკელებთან შეხვედრაც კი ურჩია.
- კობა დავითაშვილი რამდენ რამეს იტყვის იმაზე კომენტარის გაკეთებას ნამდვილად არ ვაპირებ. მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ, ალიანსში საბოლოო გადაწყვეტილებას ირაკლი ალასანია იღებს. რა თქმა უნდა, ალიანსში შემავალ პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციების შედეგად. ძალიან ცუდია ამას რომ ამბობენ, თუმცა ამას ის ხალხი და ის პოლიტიკური ძალა აცხადებს, რომელიც მტრულად არის განწყობილი ალასანიას მიმართ. ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის და არც შეიძლება, ასე იყოს. ალასანია ჩვენი ლიდერია და პოლიტიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელია და ეს რომ ასე იყოს, მაშინ ლიდერიც სხვა იქნებოდა და არა ის.
- თქვენი აზრით, რატომ ვერ მოახერხა ოპოზიციამ არჩევნებში ერთიანი კანდიდატით გასვლა, დაქსაქსულ ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების რა შანსები აქვს?
- ოპოზიციის გაერთიანება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა, მაგრამ არ არის გამორიცხული ბოლო ეტაპზე მოხდეს გაერთიანება. ოპოზიციაში შემოვიდნენ ისეთი პიროვნებები, რომლებიც ბევრი ოპოზიციონერი ძალისთვის, რომელიც დიდი ხანია ოპოზიციაში იმყოფება და იბრძვის გახდა მიუღებელი. ეს ბუნებრივი პროცესია და ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. ეს ჯანსაღი პროცესია და ჩვენ, მთავარია შედეგზე ვიყოთ ორიენტირებული და შედეგი იყოს გამარჯვება.
- ალიანსის რიგები აბაშის ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს და ნოღაიდელთან გადაბარგდნენ, მიზეზად კი ალასანიას მერყევობა დაასახელეს.
- არ ვიცი, ამის მიზეზი რა არის. იცით, თუ ამ ადამიანებს ამ პარტიაში ყოფნა არ უნდოდათ, ეს მათი ნება იყო. არა მგონია, მათი პარტიიდან წასვლის მიზეზეი ირაკლის ფიგურა იყოს. ეს, ჩემთვის ძნელად ასახსნელი და გაუგებარია.
- რუსეთში ოპოზიციის წარმომადგენლების ვოიაჟები რამდენად მართებულია, ჯერ ნოღაიდელი, შემდეგ ბურჯანაძე, ვინ იქნება შემდეგი?
- ყველა, თვითონ ირჩევს თავის გზას. თუ მათ ვიზიტებს კონკრეტული შედეგები მოჰყვება, ანუ თუ მოხდება ქვეყნის გამთლიანება, დევნილების დაბრუნდება და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი იქნება და ამას მივესალმები, მაგრამ სიმართლე გითხრათ ვერ ვხედავ რესურსს, რომ ოპოზიციას გააჩნია ამის ძალა და შეძლებს ამ საკითხების მოგვარებას. ამ ყველაფრის მოგვარება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია, ეს მხოლოდ ხელისუფლებას ხელეწიფება და მისი პრეროგატივაა.
- აბა რას ემსახურება ოპოზიციის ვიზიტები რუსეთში, რისთვის ჩადიან და ელაპარაკებიან პუტინს? ერთი ვერსიით, რუსეთი ქართულ ოპოზიციაში დასაყრდენს ეძებს ხელისუფლების დასამხობად და ამბობენ, იპოვა კიდეცო...
- არ ვიცი, რისთვის ჩადიან მოსკოვში, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. ალბათ, ცდილობენ, რომ ამ პრობლემების მოგვარების პროცესში მონაწილეობა მიიღონ, მაგრამ არ მგონია, რომ რამეს მიაღწიონ. თუ ხელისუფლებაში არ ხარ ვერ გადაჭრი ამ პრობლემებს. არ მინდა დავიჯერო, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა დღეს საქართველოში მზად არის ამაში ხელი შეუწყოს რუსეთს. ეგ არის პირდაპირ სახელმწიფოებრივი ღალატი და არა მგონია, რომელიმე პოლიტიკური ძალა ამას ფიქრობდეს და ამისკენ იყოს მიმართული.
- დაბოლოს, ნოღაიდელმა განაცხადა ხელისუფლების შესაცვლელად რუსულ ტანკებსაც კი გამოვიყენებო, ეს რაზე მიანიშნებს და საერთოდაც, ნოღაიდელს ქართულ პოლიტიკაში ყოფნის უფლება აქვს?
- მე, არ მომისმენია ასეთი განცხადება და ვერაფერს გეტყვით. თუ ასეთ განცხადებს აკეთებს, მაშინ სხვა ორგანოები უნდა დაინტერესდნენ ამ საკითხით. პოლიტიკაში ყოფნის უფლება აქვს ყველას, მათ შორის ბატონ ნოღაიდელსაც. ყველა თავის არჩევანს თვითონ აკეთებს და საზოგადოებამ უნდა განსაჯოს ვის აქვს პოლიტიკაში ყოფნის უფლება, და ვის - არა. და ვის უნდა დაუჭიროს მხარი ამ არჩევნებში და ვის არა.
აი, ეს არის მთავარი. დღეს, შეიძლება ბევრს მორალურად არ ჰქონდეს პოლიტიკაში ყოფნის უფლება, მაგრამ ეს არის საზოგადოების შესაფასებელი. ალბათ, არიან გარკვეული ადამიანები, რომლებსაც სჯერათ და მოსწონთ ნოღაიდელის პოლიტიკური შეხედულებები და გზა. აბა რატომ შეიქმნა მისი პარტია და რატომ ჰყავს თანაპარტიელები?
ჩვენ, დავინახეთ, რომ ნოღაიდელი ჩავიდა რუსეთის ფედერაციაში, ხელი მოაწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას. ეს ჩემთვის არის ყოვლად მიუღებელი და წარმოუდგენელი. როგორც ჩანს, არსებობს ხალხი ვისთვისაც მისი ეს ნაბიჯი მისაღებია. ზოგადად, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა კი ყველას სურს, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ პუტინმა საქართველოში შეცვალოს ხელისუფლება. შემოვიდეს საქართველოში დაამხოს ხელისუფლება და შემდგომ სათავეში თავისი კაცი დასვას. ეს ყველა ქართველისთვის მიუღებელი უნდა იყოს და ალბათ, არის კიდეც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100