რატომ აგროვებდა ქვებს ნინო ბურჯანაძე და ვინ არის ქართველი შერლოკ ჰოლმსი?

ნინო ბურჯანაძემ ინგა გრიგოლიას გადაცემაში ძველი კასეტა დაატრიალა, სადაც ნათლად ჩანდა, თუ როგორ ესროდნენ ახალგაზრდა ოპოზიციონერები ქვებს ბოლნისელ პოლიციელებს. ნინო ნიშნის მოგებით აცხადებდა - ხედავთ, ქვების სროლა ვინ დაიწყო, ჩვენგან თუ ვინმემ ისროლა ქვა და მცირე აგრესია გამოამჟღავნა აქციების დროს, რატომაა დასაძრახიო?
არადა, როცა მაშინდელი ოპოზიცია ქვებს ისროდა, ბურჯანაძეც ან იქ იყო, ან ქვებს აგროვებდა. თუმცა, მთავარი სხვა რამეა - თუ იმის პრეტენზია გაქვს, რომ უფრო დემოკრატიული, სამართლიანი და ცივილიზებული ხელისუფალი იქნები, თუ გეღირსა გახელისუფლება, ჯერ ოპოზიციაში ყოფნისას დაგვიმტკიცე ეს, რას ეჯიბრები სხვას კანონდარღვევებში, თქვი, რომ ისიც ცუდი იყო, ესეც ცუდია და აღარ გავიმეორებთო. არაო, ჯიქური იყო ქალბატონი ნინო, რაკი მაშინდელი ოპოზიცია არღვევდა კანონს, ქვებს ისროდა, ჩვენც უნდა ვისროლოთ, რაკი იმას ეპატია, ჩვენც უნდა გვეპატიოსო.
აი, ასეთი სამართლიანობით მოდის “დემოკრატი” ქალბატონი ხელისუფლებაში, ორმაგი სტანდარტებით და არა კანონის უზენაესობის მოთხოვნით. ახლა, ბურჯანაძე ხელისუფლებაში რომ მოვა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა “სამართლებრივ ნაკრძალად” იქცევა მისი გუნდი, მომხრეები. ქვეყანა რომ დააქციონ, კაცი არ იქნება პასუხის მომთხოვნი.
ოპოზიციამ არც ცნობილი ბერლინური სკანდალის განხილვა-კომენტირებისას “დაიმორცხვა” და ისევ იმით აპელირებს - რაკი იმათ შერჩათ, სოროსის დაფინანსება, ჩვენ უარესი უნდა გავაკეთოთო.
დავით გამყრელიძემ ბრძანა: “ორი წყარო შემიძლია დავასახელო, საიდანაც რევოლუციის დროს დღევანდელი ხელისუფლება დააფინანსეს: ჯორჯ სოროსი და ტარიელ ონიანი, ორივენი უცხო ქვეყნის მოქალაქენი არიან. ონიანი კრიმინალური წარსულის მქონე პიროვნება იყო და ორივე წყარო დაფინანსებისა, უკანონო იყო”. ჯერ ტარიელ ონიანზე ვთქვათ - კრიმინალური წარსულისა იყოო. ახლა, ბატონო დათო, ტარიელ ონიანი გამოსწორდა, წითელ ჯვარში მუშაობს და ერაყშია მივლინებული ჰუმანიტარული მისიით?
კაი, ხელისუფლება ადრე “მიჰქარავდა” და კანონს არღვევდა, უცხო ქვეყნის მოქალაქიდან იღებდა დაფინანსებას, მერე თქვენ რა? რაკი სხვამ კანონი დაარღვია, უარესი უნდა გააკეთოთ? ჯერ ერთი, თუ ტარიელ ონიანი მაშინდელ ოპოზიციას აფინანსებდა, რატომ ერთი კონკრეტული დოკუმენტი ვერ დაიდო?
ჯორჯ სოროსზე არავინ დაობს, სანამ სოროსი საქართველოსკენ ფულს მომართავდა, მაშინდელმა ოპოზიციამ ათეულობით ფონდი, არასამთავრობო დააარსა სხვადასხვა განხრით - დემოკრატიის, მედიის, სასამართლოს, ადამიანის უფლებების, სამართლიანი არჩევნების და სხვა, დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვისთვის, ამ არასამთავრობოების მეშვეობით იღებდნენ ფულს სოროსიდან, კეისით კი არ დარბოდნენ ევროპის სასტურმოების ბურუსში?
ასეთია ძია ჯორჯის სტილი. 20 წელია ეს კაცი დემოკრატიას აფინანსებს, ფილანტროპობს და ჯერ ერთი კომპრომატიც ვერ დაუდეს წინ, რაღა გამყრელიძე გამოვა შერლოკ ჰოლმსი? და თუ ეს ყველაფერი ცუდია, რაღა კახა თარგამაძისგან, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქისაგან დაფინანსებაა კარგი?
რატომ იშვერს ხელს გამყრელიძე ხელისუფლებისკენ - თუ მან კანონი დაარღვია, შენ დაიცავი. სხვამ დაარღია და ეპატია? ხომ იძახი, ის ბინძურია, მე უკეთესი ვარო. შენ ნუ დაარღვევ, რა, დალოცვილო, ოპოზიციაშივე დაიცავი კანონი, იქნებ მართლა დაგიჯეროს ხალხმა, ესენი რომ მოვლენ ხელისუფლებაში, ნორვეგია მიგვიქარავს, ისეთი ქვეყანა ვიქნებითო?
არა! სხვამ ერთი დააშავა, ჩვენ ათასს დავაშავებთ და ხელისუფლებამ რა პირით უნდა მოგვთხოვოს პასუხი - აი, ლოგიკა გამყრელიძისეული, როცა ბერლინურ ისტორიას ყვებოდა, სხვათა შორის, ნირწამხდარი და ფერწასული.
თუმცა, არა, ოპოზიცია მაინც “თავისას ერეკება” და ზუსტად იგივეს სჩადის, რის გამოც სხვებს აკრიტიკებს. თუ რომელიმე ოპოზიციონერს თავიდან თმის ღერი ჩამოუვარდა, ეს კატასტროფა, ტრაგედია და ქვეყნის დაქცევაა, ხოლო თუ დავუშვათ ხელისუფლების წევრს აგინე, წყალი ასხი, აფურთხე და კვერცხები დაახალე – გმირობა და მისაბაძი მაგალითი.

კომენტარი