როგორ იკვებებიან პუტინი, პრინცი ალბერტი, ტაილანდის მეფე და სხვა „პირველები“

კრემლის შეფ-მზარეულის, ფრანგი ჟერომ რიგოს მოწვევით რუსეთში 20 ქვეყნის მეთაურთა შეფ-მზარეულები ჩავიდნენ. ისინი მოჰყვნენ, თუ რატომ შიმშილობდა პუტინი ისრაელში, ვინ წველის პრინც ალბერტის სამეფო ძროხებს და რას მიირთმევს საუზმეზე ტაილანდის მეფე.

მზარეულების ჩაჩისა და ხალათის მწარმოებელმა, ჟილ ბრაგარმა ერთხელ ათი სახელმწიფოს მეთაურთა შეფ-მზარეულებს შესთავაზა, ერთად ესადილათ საფრანგეთში „სამზარეულოს მეფედ“ ცნობილი პოლ ბოკუზის რესტორანში. ასე დაიბადა კლუბი Chefs des Chefs, რომელიც უკვე 30 წელიწადია, ფუნქციონირებს. ამჟამად კლუბის წევრი სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირის 30 შეფ-მზარეულია - თითო 26 ქვეყნიდან და ორ-ორი ჩინეთიდან და იტალიიდან (მათთვის გამონაკლისი დაუშვეს, რადგან ამ ორი ქვეყნის პირველი პირისთვის ორი, მსოფლიოში ყველაზე დიდი მზარეულთა გუნდი მუშაობს).

ამ კლუბის წყალობით მოქმეებს ე.წ. „ზარი მეგობართან“ - ანუ, მზარეულები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და კერძებს „ცვლიან“.

„თითქმის ყველა სახელმწიფოს მეთაური ან ხანდაზმული, ან ჭარმაგი ასაკისაა და ყველას სხვადასხვა სახის პრობლემები აქვს ჯანმრთელობის მხრივ: ზოგს შაქარი, ზოგს გული... ჩვენ არ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ მათ ჭამა უყვართ, უბრალოდ, ერთმანეთს ვუყვებით, რა კერძი სჭირდებათ მათ და იმ დროისთვის რომელ დიეტაზე არიან“, - ამბობს ტაილანდის მეფის შეფ-მზარეული ნორბერტ კოსტნერი.

რასაკვირველია, ჟურნალისტებს აინტერესებდათ, რას მიირთმევენ ყველაზე დიდი ნეტარებით ქვეყნების პირველი პირები საუზმეზე, მაგრამ შეფ-მზარეულებმა დაინტერესებულებს ცივი წყალი გადაასხეს და განუმარტეს, რომ ამ საიდულოს გაცემა არ შეუძლიათ, რადგან სავსებით შესაძლებელია, რომ მათი დამსაქმებლების საყვარელი კერძების გამჟღავნების შემდეგ მათ ყველგან და ყიველთვის სწორედ ამ კერძებით გაუმასპინძლდნენ, რაც, საბოლოოდ, „პირველების“ მხრიდან კერძების მოძულებას გამოიწვევს.

და მაინც, ცალკეულ ინტერვიუებში შეფ-მზარეულებმა რამდენიმე საიდუმლო მაინც გასცეს. მაგალითად, ბარაკ და მიშელ ობამები, თურმე, უპირატესობას ბოსტნეულს ანიჭებენ, რომელიც იქვე, თეთრი სახლის ბოსტანშია მოწეული, სილვიო ბერლუსკონის სიგიჟემდე მოსწონს ზეთისხილის ზეთმოსხმული პასტა, პრინცი ალბერტი კი ბოსტნეულს მიირთმევს და რძეს აყოლებს, რომელსაც მისივე, სამეფო ფერმის ძროხები იწველებიან...

Chefs des Chefs-ის პრეზიდენტმა და პრინც ალბერტის შეფ-მზარეულმა, კრისტიან გარსიამ განაცხადა, რომ შარლინ უიტსტუკზე დაქორწინების შემდეგ პრინც ალბერტს სამხრეთაფრიკული სამზარეულოს „დამხეცება“ მოუწია, ასევე სასწრაფოდ დაამუღამა ანტილოპას ბარკლის შეწვა, რაც ასე ძალიან უყვარს მის მეუღლეს. ამ ამბების მოყოლის შემდეგ კრემლის პოვარმა, ჟერომ რიგომ გაამხილა, რომ დიმიტრი მედვედევს თევზეული, ვლადიმირ პუტინს კი - ხორცეული ნაწარმი იზიდავთ.

როგორც ბრაგარი ამბობს, ქვეყნის პირველი პირის შეფ-მზარეული „ნაციონალური სამზრეულოს დესპანია“ და მისი მოვალეობა მხოლოდ ის არ არის, რომ სამთავრობო მაგიდასთან მოხვედრილთ გემრიელად გაუმასპინძლდეს. „პოლიტიკა გვყოფს, საჭმელი კი - გვაერთიანებს“, - მიაჩნია ბრაგარს.

სხვათა შორის, ქვეყნის კულინარიის წარმოება ზოგჯერ სრულიად გაუგებარ ამბამდე მიდის. ასე მაგალითად, ისრაელის პირველი პირის შეფ-მზარეულმა, შალომ კადოშმა გაიხსენა, რომ ისრაელში მყოფმა ვლადიმირ პუტინმა, ოფიციალური სადილის დროს მორიდებით შენიშნა, რომ სუფრაზე პურის მიტანა დაავიწყდათ. „იძულებული გავხდით, პრემიერისთვის აგვეხსნა, რომ ჩვენ ქაშრუტს ვიცავთ და პასექის დროს (მაშინ პასექი იყო) ცომეულს არ გეახლებით...“, - ამბობს შალომ კადოში.

მზარეულებს კიდევ ერთი პასუხისმგებლობა აკისრიათ: ქვეყნების პირველი პირებისთვის მომზადებული საკვების უვნებლობა. ჟერომ რიგო გამოტყდა, რომ კრემლში სპეციალური ლაბორატორიაა, სადაც მას უწევს კერძის შემადგენელი ინგრედიენტების ჩაბარება შემოწმების მიზნით...

კომენტარი