სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანქვაბმა გალში მასობრივი დაპატიმრებების სერია წამოიწყო

გალის რაიონში აფხაზური პასპორტების არმქონე პირთა მასობრივი დაკავება დაიწყო.

როგორც "პირWელს" გალის რაიონიდან აცნობეს, გუშინ აფხაზური მილიციის წარმომადგენლებმა რაიონის დაბალი ზონის სოფლებიდან 25-მდე პირი აიყვანეს.

"წინასწარ არავის გავუფრთხილებივართ. ე.წ საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით რუსი მესზღვრეები გვაკავებდნენ და ჯარიმის გადახდის შემდეგ ყველას გვათავისუფლებდნენ. გუშინ დაკავებული 25-მდე პირიდან უმრავლესობას 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, ზოგიც ჯარიმის საფუძველზე გაუშვეს, მაგრამ იმდენად დიდ თანხაზეა საუბარი, რომ მოსახლეობას მის გადახდას 15 დღის საკანში გატარება ურჩევნია", - განუცხადა "პირWელს" ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა.

ცნობისთვის, ახლადარჩეული დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი წინასაარჩევნო შეხვედრებზე ხშირად აკეთებდა აქცენტს იმაზე, რომ დე ფაქტო არჩევნების ჩატარების შემდეგ მოსახლეობას პასპორტების არქონის შემთხვევაში პრობლემები შეექმნებოდა და ადგილობრივ ქართველებს მოუწოდებდა, აფხაზური პასპორტები დე ფაქტო არჩევნებამდე აეღოთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ გალის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ზემოაღნიშნულის შიშით აფხაზური პასპორტების ასაღებად განაცხადები შეავსო, თუმცა უკვე დამზადებული პასპორტების გაცემა შეფერხებით მიმდინარეობს. მოსახლეობას რიგში დგომა ყოველდღიურად საათობით უწევს.

ამასთან, პრობლემები ექმნებათ იმ პირებსაც, რომლებსაც პასპორტები უკვე აქვთ, თუმცა არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ. არჩევნებში მონაწილეობის ფაქტს აფხაზური პასპორტის მე-17 გვერდზე არსებული სპეციალური ბეჭედი ადასტურებს, რომელსაც აფხაზები არჩევნებზე მისულ მოსახლეობას ურტყამდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100