მედვედევის დაცვის ყოფილი წევრი მედვედევისა და პუტინის უცნობ ფოტოებს აქვეყნებს

26 სექტემბერს „იუთუბზე“ აიტვირთა ვიდეო, სადაც სილუეტი იმიტაციური ხმით ჰყვება, რომ 2010 წლიდან გარკვეული დროის მანძილზე რუსეთის პრეზიდენტის დაცვაში მუშაობდა და მას შემდეგ, რაც მიზეზების აუხსნელად დაითხოვეს, გადაწყვიტა, გამოაქვეყნოს დიმიტრი მედვედევის აქამდე უცნობი, გამოუქვეყნებელი ფოტოსურათები, რომელთა გადაღება თვითონ მოახერხა.

ვიდეოზე აღბეჭდილი სილუეტი ამბობს, რომ გასაგები მიზეზების გამო საკუთარ ვინაობას ვერ დაასახელებს და აგრძელებს:

„ახლა მე სხვა ქვეყანაში ვცხოვრობ და მსურს გავყიდო ის უამრავი სურათი, რომელიც მედვედევთან ურთიერთობის დროს დამიგროვდა. გამოგიტყდებით, რომ მათში სენსაციური არაფერია, მაგრამ ისინი ექსკლუზიურია და შესაძლოა, ბევრი დააინტერესოს. ერთი ფოტოს ფასი 10 000 ფუნტია. ვისაც დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ მომწეროთ. გმადლობთ“.

ვიდეოს ავტორი უთითებს ბმულს, სადაც საჩვენებელ ნიმუშად გამოტანილია დიმიტრი მედვედევისა და ვლადიმირ პუტინის რამდენიმე ფოტო. ვიდეოს კომენტატორები აღნიშნავენ, რომ ფოტოები „ფოტოშოპშია“ შექმნილი, თუმცა, არიან განსხვავებული აზრის მქონენიც. ერთი საკითხი, რაზეც ყველა კომენტატორი თანხმდება, ის გახლავთ, რომ ვიდეოდან საშინელი აქცენტის ინგლისური ისმის. კომენტატორების უმრავლესობამ ვიდეოტექსტის აუდიომხარე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სხდომაზე რუსეთის სპორტის მინისტრის, ვიტალი მუტკოს გამოსვლას შეადარა, როცა მინისტრმა გადაწყვიტა, ინგლისურად მიემართა დამსწრეებისთვის და მისი აქცენტი კარგა ხანს იყო საყოველთაო დაცინვის საგანი.

„დრონი.ჯი“ გთავაზობთ ვიდეოს ავტორის მიერ გამოქვეყნებული 6 ფოტოს სკრინ-ვარიანტს.

ბმული ვიდეოზე

კომენტარი