სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რაკეტასაწინააღმდეგო თავდაცვასთან დაკავშირებულ მედვედევის განცხადებას ნატო შეისწავლის

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის განცხადებას რაკეტასაწინააღმდეგო (რს) თავდაცვასთან დაკავშირებით დეტალურად შეისწავლის.

ამის შესახებ ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოანა ლუნგესკუმ განაცხადა.

"ჩვენ რუსეთის პრეზიდენტის განცხადება ცნობად მივიღეთ და მას დეტალურად შევისწავლით. ამასთან, ნატო მიესალმება იმ ფაქტს, რომ რუსეთი დიალოგის კარს არ ხურავს და ამ სფეროში პრაქტიკული თანამშრომლობისთვის მზად არის", - განაცხადა ალიანსის წარმომადგენელმა.

შეგახსნებთ, რომ დღეს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ევროპულ სისტემასთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის მინისტრსა და შეიარაღებულ ძალებს დავალება მისცა, კალინინგრადში სარაკეტო თავდასხმის გამაფრთხილებელი სისტემის რადიოლოკაციური სადგური საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანონ და სტრატეგიული ბირთვული ძალების ობიექტების დაცვა გააძლიერონ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ "რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის დრო ჯერ კიდევ არის".

"დრო იმისთვის, რომ ურთიერთგაგებამდე მივიდეთ, ჯერ კიდევ არის და რუსეთს აუცილებელი შეთანხმების მისაღწევად პოლიტიკური ნება აქვს, რომელიც რუსეთის აშშ-სა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსთან ურთიერთობებში ახალ ფურცელს გადაშლიდა", - განაცხადა მედვედევმა.

რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, "სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტები რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის დაძლევის პერსპექტიული კომპლექსებით აღიჭურვება, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კი უნდა შეიმუშავონ ზომები, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის საინფორმაციო და მმართველ საშუალებებს დაშლის".

"სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტები, რომელიც ჩვენი სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის შეიარაღებაში შემოდის, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის დაძლევის პერსპექტიული კომპლექსებით და ახალი, მაღალეფექტური სამხედრო ბლოკებით აღიჭურვება", - განაცხადა მედვედევმა.

მისივე თქმით, "შეიარაღებულმა ძალებმა ისეთი ზომები უნდა შეიმუშავონ, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის საინფორმაციო და მმართველ საშუალებებს დაშლის".

"თუ ეს ზომები საკმარისი არ იქნება, რუსეთი ქვეყნის დასავლეთ და სამხრეთ ნაწილებში თავდასხმის თანამედროვე შეიარაღებას განათავსებს, რომელიც რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ევროპული კომპონენტის საცეცხლე განადგურებას უზრუნველყოფს. ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი კალინინგრადის განსაკუთრებულ რაიონში სარაკეტო კომპლექს "ისკანდერის" განთავსება იქნება", - განაცხადა მედვედევმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100