რატომ არ ასწავლა პუტინმა მედვედევს ბადმინტონის თამაში? (ვიდეო)

გასული წლის ოქტომბერში მთელი მსოფლიო მოიარა დიმიტრი მედვედევის სააგიტაციო კლიპმა ბადმინტონის თამაშის სკოლებში დანერგვის შესახებ. მედვედევმა თქვა, რომ „ვინც კარგად თამაშობს ბადმინტონს, ის სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს, აქვს შესაშური ნებისყოფა და მაღალი შედეგიანობის მიღწევის უნარი“. იქვე ხდება მიკროფილმის დემონსტრირება, სადაც მედვედევი პუტინს ეთამაშება.

რუსეთის განათლებისა და სპორტის მუშაკებმა დიდი დაინტერესება გამოხატეს პრეზიდენტის სიტყვების გამო, ხოლო დასავლეთში კარგა გვარიანად იხალისეს – დასავლურმა მედიამ ამ ვიდეოსიუჟეტს უწოდა „კრემლის პოლიტტექნოლოგთა ბოროტი ხუმრობა“; „ფაინენშლ ტაიმსმა“ დაწერა, რომ „მედვედევმა საკუთარი შინაგანი ვოლანი აღმოაჩინა“, ხოლო „გარდიანის“ მიმომხილველმა, დევიდ ნოვაკმა, არაორაზროვნად შენიშნა – „60 წლის მამაკაცისთვის პუტინის თამაშს არა უშავდა რა, ხოლო მედვედევი დედაჩემივით თამაშობდა.“

თუკი დასავლური მედია–საშუალებები აკეთებენ დასკვნებს პოსტ–ფაქტუმ, ჩვენ ვცადოთ პირიქით, მოვლენის წინაპირობა დავადგინოთ: რადგან ოთხი წლის მანძილზე მედვედევს არცერთხელ არ გადაუდგამს დამოუკიდებელი ნაბიჯი, შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ ბადმინტონის რეკლამისათვის სპორტულ მოედანზე მედვედევი პუტინმა გამოიყვანა, ათქმევინა წინასწარ მომზადებული ტექსტი და სპარინგ–პარტნიორად საკუთარი თავი დაუყენა. პუტინის გათვლა, ცხადია, შეუმცდარი იყო: მედვედევი საკუთარმა სიტყვებმა ამხილეს – ვინც ცუდად თამაშობს, ის გადაწყვეტილებებსაც ცუდად იღებს; ვერც ნებისყოფის სიმტკიცით გამოირჩევა და არც მაღალი შედეგიანობის მიღწევის უნარი გააჩნია. პუტინის „დახმარებით“ მედვედევმა თავი გაიმასხარავა!

მაგრამ ეს არ იყო მედვედევის საცინლად აგდების პირველი შემთხვევა პუტინისაგან – ერთი თვით ადრე, 25 სექტემბერს, „ედინაია როსიას“ ყრილობაზე უფრო დიდ კონფუზში ჩააგდო, როდესაც საკუთარი პირით ათქმევინა მომავალ პრეზიდენტობაზე უარი და ისედაც ცირკის ჯამბაზის როლში მყოფ რეალურ ნომინალურ პრეზიდენტს მარიონეტული თოჯინის სამოსელი საჯაროდ მოარგო: – მე უღირსმა, ჩემი ადგილი უფრო ღირსეულს უნდა გადავაბაროო!

მეტი დამაჯერებლობისათვის პუტინმა მაშინ სამღვდელო პირი, ეკლესიის და საზოგადოების ურთიერთობათა სინოდალური განყოფილების ხელმძღვანელი, ვსევოლოდ ჩაპლინიც გამოიხმო არენაზე და ბეჭედი დაასმევინა:

„აქამდე როდის ყოფილა, რომ რუსეთში უმაღლესი ხელისუფლება ასე მშვიდობიანად, ღირსების დაცვით, პატიოსნად, მეგობრულად გადაცემულიყოს? ეს არის პოლიტიკაში სიკეთისა და ზნეობრიობის ნამდვილი მაგალითი, მაგალითი, რომლისაც შეშურდებოდათ არათუ მხოლოდ ჩვენს წინაპრებსა და საბჭოთა დროში მცხოვრებ ადამიანებს, არამედ მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნების მცხოვრებთაც, იმათი ჩათვლით, ვინც ჩვენს განსწავლაზეა გაფაციცებული“!

მაგრამ არ უშველა პუტინს საეკლესიო პირის დამწყალობებამ – სხვისთვის ორმოს მთხრელი ზუსტად ანალოგიურ ორმოში ჩავარდა: 20 ნოემბერს უჩვეულო სიტუაციაში აღმოჩნდა – ფეოდორ ემელიანენკოსა და ამერიკელ ჯეფ მონსონს შორის შერეული სტილით მოჩხუბართა ორთაბრძოლის შემდეგ იგი ავიდა ტრიბუნაზე, გამარჯვებულისათვის მისალოცად. და აი, ამ დროს, დარბაზში ხმამაღლა დაუსტვინეს. პუტინმა სცადა ხმისთვის აეწია სტვენის ჩასახშობად, მაგრამ ხმა გაუწყდა და მოულოდნელობისაგან ხმის ტემბრიც შეეცვალა.

მოგვიანებით ამ შემთხვევას მოყვა სრულიად ლოგიკური შედეგი – თუკი შარშან და შარშანწინ პუტინს მყარი რეიტინგი, შენარჩუნებული რეპუტაცია ჰქონდა და ორთქლის გამოსაშვებად პრემიერ–მინისტრის რანგში არ უფრთხოდა ცენტრალურ ტელევიზიაში მედვედევთან ტანდემში დაფდაფიანი და გარმონიანი კარიკატურული კლიპის დემონსტრირებას, წელს პუტინმა ეს ვეღარ შეძლო – პაროდია რაღა საჭიროა, როდესაც უკვე პაროდიის გარეშეც იცინის მასზე ხალხი, ხოლო მან დაჰკარგა თანამოქალაქეებთან ერთად საკუთარ თავზე სიცილის უნარი!

ეს კიდევ იმასაც უჩვენებს, რომ სიდიადიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯია – შარშანწინ და შარშან პუტინს ჯერ კიდევ შეეძლო საკუთარ თავზე სხვაც გაეცინებინა და თვითონაც გასცინებოდა, გასცინებოდა თითქმის უწყინარ პაროდიაზე – და აი, საახალწლოდ სრულიად უბოროტო სკეტჩი ამოღებულია რუსეთის სატელევიზიო პროგრამიდან – კლიპი შეიცვალა ობამასა და კლინტონზე გადაღებული ლამის რასისტული სიუჟეტით, სადაც ისინი მღერიან ტუნისზე, ეგვიპტეზე, ალჟირსა და ბაჰრეინზე; თანაც ობამას ტექსტში ნათქვამია, რომ „წელს აპირებს გაცილებით მეტი სამხედრო ოპერაციის ჩატარებას“.

რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ აშკარაა პანიკისა და პარანოიის ნიშნები! და კიდევ იმას, რომ რუსეთში ისევ ძალაში შემოდის ძველი, საბჭოური დროის ვითარება და აქტუალური ხდება ანეკდოტი რუსისა და ამერიკელის შესახებ, რომლებიც სიტყვის თავისუფლებაზე მსჯელობენ. ამერიკელი ამბობს: „მე შემიძლია დავდგე „თეთრი სახლის“ წინ და ვიძახო, რომ ამერიკის პრეზიდენტი იდიოტია.“ რუსი მიუგებს: „ეგ რა დიდი ამბავია, მეც შემიძლია დავდგე „წითელ მოედანზე“ და ვიყვირო, რომ ამერიკის პრეზიდენტი იდიოტია“.

ამ შეცვლილი პოლიტიკური კონიუნქტურის დასტურია ზემოთ უკვე მოხსენიებული მღვდელმსახურის, ვსევოლოდ ჩაპლინის ახალი ინიციატივა, რომელმაც განაცხადა, რომ ბოლო უნდა მოეღოს ინტერნეტ–ფორუმზე ანონიმურ ხელმოწერებს. მისი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ რეალურ ცხოვრებაში ადამიანები არ იყენებენ ნიღბებს. ჩაპლინი თვლის – ყველა ინტერნეტ–მომხმარებელი ხელს უნდა აწერდეს თავისი ნამდვილი გვარ–სახელით.

ამგვარი ღონისძიებით ქვეყანაში დაცული იქნება წესრიგი – მშობლიურ გრუ–სა და სუკ–ს აღარ გაურთულდება მტრული ქვეყნების აგენტურის ამოცნობა!

კომენტარი