კორუფციული შეთავაზების გამო „ქართუ ბანკი“ მაღალი თანამდებობის ორმა პირმა დატოვა (ვიდეო)

„ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი კორუფციულ გარიგებებში ივანიშვილის სტრუქტურების თანამშრომელთა ჩაბმას ისევ აგრძელებს: დღეს ცნობილი გახდა, რომ „ქართუ ბანკის“ ფასიანი ქაღალდების განყოფილებისა და იურიდიული განყოფილების უფროსებმა თანამდებობები დატოვეს.

როგორც ირკვევა, ხელმძღვანელობამ მათ კორუფციულ გარიფებაში მონაწილეობა შესთავაზა, რამაც ამ უკანასკნელთა უკმაყოფილება გამოიწვია. მეთოდი უკვე აპრობირებულ-დამუშავებულია - ბანკის თანამშრომელთა პირად ანგარიშზე, თითქოსდა პრემიის სახით ხვდება სოლიდური თანხა, შემდეგ კი მათ ვერტიკალიდან უკავშირდებიან და სთხოვენ, ეს თანხა „ქართული ოცნების“ ანგარიშზე გადარიცხონ. გასულ კვირას კონტროლის პალატამ მსგავსი ფაქტი უკვე გამოავლინა და მოქალაქეებს მოუწოდა, უარი თქვან ამ კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობაზე, რასაც დღეს ორი პირის მხრიდან „ქართუ ბანკში“ დაკავებულ თანამდებობებზე უარის თქმა და სამსახურის დატოვება მოჰყვა.

ზვიად ხუხნაშვილმა და მიხეილ ქურდაძემ უარი განაცხადეს ამ ოპერაციაში მონაწილეობაზე. თებერვლის დასაწყისში ზვიად ხუხნაშვილს პირად ანგარიშზე 37.000 ლარი, ხოლო მიხეილ ქურდაძეს 45.000 ლარი ჩაურიცხეს. ეს უკანასკნელი ბანკში დაარსების დღიდან მუშაობს.

ზვიად ხუხნაშვილის თქმით, ის აპოლიტიკური პიროვნებაა და მსგავსი შემოთავაზება მისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო. სწორედ ამიტომ, მან ფულზეც და თანამდებობაზეც უარი თქვა. ასევე მოიქცა ქურდაძეც, რომელიც ბანკში იურიდიულ განყოფილებას ხელმძღვანელობდა - ორივე ზემოთაღნიშნულმა პირმა თანხა არათუ არ გადარიცხა „ქართული ოცნების“ ანგარიშზე, საერთოდ უარი თქვა მის გამოყენებაზე.

ცნობისთვის: ეს პირველი შემთხვევაა ბიძინა ივანიშვილის მთელი ბიზნეს-კარიერის განმავლობაში, როცა მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურის, ამ შემთხვევაში, ბანკის თანამშრომლები კორუფციულ გარიგებებს ღიად ამხელენ: ზვიად ხუხნაშვილმა და მიხეილ ქურდაძემ დეტალებზე დღეს ჟურნალისტებთან, მათ შორის „რუსთავი-2“-ის გადამღებ ჯგუფთან ისაუბრეს.

კომენტარი