მოსკოვმა ჩასძახა, ნინომ და პეტრემ ამოსძახეს...

ოპოზიციამ შოკიდან ისე სწრაფად გადაინაცვლა კომატოზურ მდგომარეობაში, ანდერძის დატოვებაც კი ვერ მოასწრო. ამბობენ, ოპოზიცია ჯერ არ გარდაცვლილა და შოკიდან საშემოდგომოდ გამოვაო. მორიგი აპოკალიფსური თარიღიც დათქვეს – 15 სექტემბრიდან აპირებენ დიდი და მასობრივი აქციების დაწყებას, მაგრამ იმას აღარ კითხულობენ, თხასავით გაყიდულ ამ ოპოზიციას გაჰყვება ვინმე? ეტყობა, სასექტემბროდ ოპოზიცია საკუთარი ხელით აპირებს დასამარებას – 2-3 დღე ივლიან დროშებით და "მიშა გადადექის" პლაკატებით წინ და უკან და ვინც მათთან იქნება, იმ ხალხს შინ გაუშვებენ. ჩვენ ისღა დაგვრჩენია საპანაშვიდოდ გავემზადოთ, მიწას თავიანთი აქტივისტები მიაყრიან ჩვენს რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს.

ვიდრე ოპოზიცია სატინგიცოდ ემზადება, საქართველოში უცხოური დელეგაციები ჩამოდიან და ჩამოდიან... ჰილარი კლინტონმა გახსნა სეზონი, ამას პოლონეთის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მოჰყვნენ – სიკორსკი და კუშნერი, ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი – ეშტონი და ბოლოს ილჰამ ალიევი, მეზობელი, ძმა და მეგობარი. ოპოზიციური ტყუილი – ხელისუფლება საერთაშორისო იზოლაციაშიაო, ამ ვიზიტებმა საბოლოოდ გააშიშვლა. რაც მთავარია ყველა ერთხმად აღიარებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს და რუსეთმა ჯარები გაიყვანოს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან.
ამ ყველაფერს რუსეთი მშვიდად უყურებს, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, ევროპა-ამერიკას რუსეთი რაღაცაში ჰყავს გამოჭერილი და სილას სილაზე აწნავს. ევროპულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს აშშ-ის სპეცსამსახურებს გააჩნიათ უტყუარი მტკიცებულება, რომლის თანახმადაც სმოლენსკის ტრაგედია – პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნა ტერაქტი იყო და არა უბედური შემთხვევა, რომელიც რუსეთის ფე-ეს-ბე-მ დაგეგმა და მოაწყო, ბოლო კვალი ვლადიმერ პუტინამდე მიდისო. თუ ეს ასეა და მტკიცებულებები გახმაურდა, რუსეთს მთელი ევროპა წაეკიდება, არავინ შეარჩენს კაჩინსკისა და პოლონეთის პოლიტიკური და სამხედრო ელიტის განადგურებას, მითუმეტეს, კაცმა არ იცის, ვინ იქნება შემდეგი. მოკლედ, ასეა თუ ისე, რუსეთი გაყუჩებულია, თბილისში ხან ოკუპანტს ეძახიან უცხოელები და ხან აგრესორს, პუტინი და მედვედევი ხმას არ იღებენ.
მარტო სერგეი ლავროვი ამოიკნავლებს ხოლმე, მთლად ეგრე არ არის, როგორც ეგენი ამბობენო. რუსეთს ხმაში რიხი დაეკარგა, ეტყობა, მართლა ძალიან უჭირს, თორემ ადრე ამდენს ვერ უბედავდნენ. რაც მთავარია, თბილისშიც და ევროპის სხვა დედაქალაქებშიც დიდი სტუმრიანობა, დელეგაციების გაცვლა-გამოცვლაა – "ნაბუკოდან" დაწყებული, თუ რუსეთის გვერდის ავლით რაიმე ენერგოპროექტი არსებობს, ყველა გაცოცხლდა და ყველას დაჩქარებული წესით განხორციელებას აპირებენ. რუსეთს ზრდილობისთვისაც კი არავინ ახსენებს.

პროცესები საჩვენოდ მიდის. ევროკავშირი უკვე სერიოზულად ალაპარაკდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში თავის მონიტორების შესვლის აუცილებლობაზე და მათთვის პოლიტიკური ფუნქციების მინიჭების შესახებ. ეუთო-მ, ამდენი ხნის დუმილის მერე, აუცილებლად უნდა აღდგეს კონფლიქტის რეგიონებში ჩვენი წარმომადგენლობა და მოლაპარაკება დაიწყოს მოსკოვთანო, – მეთიუ ბრაიზამ, არც მეტი, არც ნაკლები, შიგ სოხუმში განუცხადა სერგეი ბაღაფშს და სეპარატისტთა სხვა ლიდერებს, – ცივილიზებული სამყაროს დამოუკიდებელ ქვეყნად არასდროს გაღიარებთ და ტყუილად ნუ ოცნებობთო. ამით აშშ-ის პოზიციაც დაადასტურა, რომ რუსეთი, ნაურა და ვენესუელა არაცივილური ქვეყნები არიან. ევროკავშირმა საქართველოსთან ასოცირებული წევრობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა, მალე გამარტივდება ევროკავშირთან სავიზო და სავაჭრო რეჟიმი, სხვა ბევრი სასიკეთოც მოჰყვება ამას. მოკლედ, საქმე იქით მიდის, უნდა დაიწყოს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაცია და ევროინტეგრაციის პროცესი სწრაფი ტემპით განვითარდეს.

და რას აკეთებენ ამ დროს ჩვენი სულთმობრძავი ოპოზიციის ნარჩენები? ახლა, იმას ხომ არ იტყვიან, რუსეთს დედა აქვს ნატირებიო! ცხადია, არ იტყვიან, რადგან საკუთარ დედას თუ მამობილს ხომ არ შეაგინებენ? რუსეთიდან იკვებებიან ფულით და იმედებით.
არადა, რუსეთის იმედი სომხეთსაც დაეკარგა. აქ კი, მეტი ვერაფერი მოიფიქრა დავით გამყრელიძემ და ხელისუფლებას ცოტა ხნის წინ სამშობლოს ღალატში დასდო ბრალი – სტრატეგიული მილსადენი უნდა მიჰყიდონ რუსეთს და ამას ჩუმად აპირებენო. მაინც, როგორ ჩუმად, ბატონო დავით, ღამით შემოიპარებიან პუტინი და მედვედევი, გაიდებენ იმ "ტრუბას" და "ჩერეზ" ცხინვალი გაიპარებიან? ცოტა ფრთხილად იარონ, იმხელა "ტრუბაა" და როკის გვირაბში არ გაიჩხირონ. აი, ჯანდაბას გამყრელიძეს, მოდით დავუჯეროთ, რომ არ არის გამორიცხული, "ტრუბის" ყიდვით მართლა იყოს დაინტერესებული რუსეთი. ცხადია, საქართველოს ხელისუფლებამ არასგზით არ უნდა დაუშვას, რომ ის რუსეთმა ხელთ ჩაიგდოს.
მერედა ვინ იცავს აშშ-ის ინტერესებს საქართველოში და ვინ აცხადებს: სააკაშვილი პრორუსია, რუსეთს "ტრუბას" უთმობსო?
შალვა ნათელაშვილი და მისი ამქარი დღეში ორ ბრიფინგს ატარებენ, ხან ევროსაბჭოს, ხან ვენეციის კომისიას და ხანაც გაეროს სთხოვენ, მოგვხედეთ, იქნებ ჩვენს კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ თუ საპარლამენტო ქვეყნად იქცა საქართველო, სააკაშვილს 2013 წლის მერე აეკრძალება პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, მისი მოადგილის, უშიშროების საბჭოს მდივნისა და მინისტრის პოსტის დაკავებაო.
ნინო ბურჯანაძემ დიდი ბრიფინგი გამართა. ეგეთი გახარებული კარგა ხანია არ მინახავს. რამ გაახარა, იცით? ბერნარ კუშნერმა რომ სიტყვა "ოკუპაცია" თავის გამოსვლებში არ ახსენა, ეგ უხაროდა. ჟურნალისტებს უმტკიცებდა: ხომ ნახეთ, კუშნერიც ჩემსავით მოზომილი პოლიტიკოსია, როცა რუსეთთან მოლაპარაკებებს მართავ, ამ პროცესში ოკუპანტი არ უნდა ახსენო და არ გააღიზიანო. მეც ეგრე მოვიქეცი და მაგარი ვარო! ხომ არ დაგავიწყდათ, რომ კუშნერი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრია და თქვენ საქართველოს ბედკრული, მაგრამ მაინც ოპოზიციის წარმომადგენელი? კუშნერის დიპლომატიური რიტორიკა გასაგებია რუსეთთან.
საქართველოს გამო საფრანგეთი, ცხადია, რაკეტას არ ესვრის რუსეთს, მაგრამ არ გრცხვენიათ კუშნერის გამონათქვამებით თავს რომ იმართლებთ? ქართველი პოლიტიკოსი ფრანგზე ხისტი და კატეგორიული როგორ არ უნდა იყოს რუსეთთან მიმართებაში, რა ენის მოჩლექვით ელაპარაკებით იმ რუსეთს, ახალგაზრდა ბიჭები რომ ჩაგვიხოცა ცხინვალში! ნინო ბურჯანაძეს ერთიც უნდა შევახსენო, დაავიწყდა ეტყობა: ნინო ანზოროვნა, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი საქართველოს მიწა-წყალია და არა საფრანგეთის. რუსეთმა საქართველოს ძირძველი კუთხეები დაიპყრო, განა პარიზში და მარსელში შეიჭრა ტანკებით. აი, რატომ უნდა განსხვავდებოდეს ქართველი პოლიტიკოსის, გნებავთ სახელისუფლებო და გნებავთ ოპოზიციონერის მიდგომა რუსეთისადმი ფრანგი დიპლომატის მიდგომისაგან, თუ გნებავთ მოლაპარაკების პროცესშიც.
არა, ამას რაღა უხარია, ეგ ვეღარ გავიგე?! პეტრე მამრაძე კუშნერთან შეხვედრით კმაყოფილია, სახეგაბრწყინებული იძახდა: ხომ ხედავთ, რასაც მე და ნოღაიდელი ვამბობდით, კუშნერმაც ისა თქვა. რუსეთთან მოლაპარაკება აუცილებელია, სასწრაფოდ დიალოგი უნდა დაიწყოსო. ჯერ ერთი, ბატონო პეტრე, კუშნერმა თქვა, დიალოგი უნდა დაიწყოთ კონფლიქტის ზონებიდან ჯარების გაყვანის თაობაზე, ლტოლვილების დაბრუნებაზეო და არა სააკაშვილის ხელისუფლების დასამხობადო, რისთვისაც ნოღაიდელი დადის მოსკოვში პუტინთან და ხუბუტიასთან.

ლუკაშენკო რომ ლუკაშენკოა, ისიც გაურბის რუსეთს, როცა დღე-დღეზე რუსეთ-ბელარუსის გაერთიანებას და ერთ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას აპირებდნენ. მთავარი და ყველაზე სტრატეგიული პარტნიორი აღარ ემორჩილება რუსეთს და ოპოზიციის ლიდერები კი ისევ რუსეთს მიშტერებიან.
იქნებ ვინმემ გააგებინოს ამათ, რომ რუსეთს თავისი გასჭირვებია და ამათთვის აღარ სცხელა?

კომენტარი