სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი: „თხუნელები საქართველოს წინსვლას ვერ შეაჩერებენ!..“

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ საწარმო "დელტაში" იმყოფებოდა.

პრეზიდენტმა საწარმო პროცესი დაათვალიერა და დასაქმებულ პერსონალს შეხვდა. "2008 წელს ეს ქარხანა იყო აგრესორის სამიზნე. ჩვენ ვალში ვართ თქვენს წინაშე, რადგან პერსონალს მაშინ არ დაუტოვებია აქაურობა. გახსოვთ, რა სიტუაცია იყო: ადრე 5, 6, 9 თვე აქ ხალხი არ იღებდა ხელფასს, იძულებით შვებულებაში იყო გაშვებული ათასობით ადამიანი. დღეს ამ ქარხანაში მუშაობს 2500-ზე მეტი ადამიანი და არის პერსპექტივა, რომ ამ სფეროში მომუშავე ადამიანების რიცხვი გასამმაგდეს“, -თქვა პრეზიდენტმა.

"დელტაში" ყოფნისას, საწარმოს მნიშვნელობაზე საუბრის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ნებაყოფლობით რეზერვზე და აღნიშნა, რომ ზაფხულში საქართველოს 70 ათასი გადამზადებული რეზერვისტი ეყოლება.

მანვე განმარტა, რომ რეზერვი საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა:

"საქართველოში რეზერვის სისტემის ხელახლა აწყობა დავიწყეთ. ჩვენ გვყავს 30 ათასკაციანი შეიარაღებული ძალები, მაგრამ ამის გარდა გვჭირდება რეზერვი. მივიღეთ ფენომენალური შედეგი. ყველა სოფელში, სადაც თავდაცვის სამინისტრო შევიდა, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, რეზერვში ყველა ზრდასრული მამაკაცი ჩაეწერა. მაგალითად, აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში მამაკაცების 100 % ჩაეწერა. იგივე იყო სომეხი ეროვნების მოსახლეობით დასახლებულ სოფლებშიც. ეს გამაოგნებელი შედეგია, რაც ჩვენს მტერს და მათ ქართველ აგენტებს – ე.წ. პოლიტიკოსებს ძალიან აღიზიანებთ. ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, ქვეყნის პირველი პირის თქმით, უკვე მომავალ წელს საქართველოში 150 ათასი გადამზადებული რეზერვისტი იქნება. "ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა სოფელს ეყოლება საკუთარი რაზმი და ესაა მშვიდობის ყველაზე მყარი გარანტი. 2008 წელს კარგად დავინახეთ, რომ შიდა ტერიტორიული დაცვა გვჭირდება და არავინ გააკეთებს საქმეს ჩვენს ნაცვლად", - აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ გადამზადების შემდეგ რეზერვისტები სწორედ საქართველოში გამოშვებული იარაღით აღიჭურვებიან.

"ესაა ჩვენი ამოცანა, ჩემი ამბიცია და არა ჩემი ფანტაზია. ესაა ის, რაც საქართველოში მაინც ხდება, მიუხედავად მტრის ყველა ხრიკისა, გარე თუ შიდა შერყევის მცდელობისა. ხან ერთ თხუნელას თუ კატას თხრის ჩვენი აგრესორი, ხან მეორეს, მაგრამ საქართველოს წინსვლას ვერანაირი თხუნელები ვერ შეაჩერებენ. ჩვენ უკვე გავიგეთ საქართველოს დამოუკიდებლობის არსი", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100