რუსეთს „კავკასიური“ პანღური ამოსცხეს...

13–14 ოქტომბერს რუსეთს ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი ქლინთონი სტუმრობდა. მას შეხვედრები ჰქონდა საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან და პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან. ქლინთონი ვიზიტით კმაყოფილია და საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი. იმდენად, რომ რუსეთსა და ამერიკას შორის სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ ახალ შეთანხმებაზე მუშაობის დასრულებას 5 დეკემბრისთვის ვარაუდობს.
ზემოთ ჩვენს მიერ ნახსენებ, „ეხო მოსკვისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ქლინთონმა მედვედევის ნახევრად ხუმრობით გაკეთებული შეთავაზებაც გაიხსენა: „ბატონმა პრეზიდენტმა შემოგვთავაზა, რომ ის გამოუშვებს თავის სპეციალისტებს და ისინი იქამდე ჩავკეტოთ ოთახში, სანამ დოკუმენტი მზად არ იქნება“, - განაცხადა ქლინთონმა.
სწორედ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს დაამთხვია რუსულმა ოფიციოზმა საქართველოს საწინააღმდეგო კიდევ ერთი მძიმე ბრალდება და უშიშროების საბჭოს მდივნის, პატრუშევის განცხადება პრევენციული ბირთვული დარტყმების შესახებ.
13 ოქტომბერს, რუსულმა მედიამ გაავრცელა რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის თავმჯდომარისა და „ფსბ“–ს დირექტორის, ალექსანდრე ბორტნიკოვის განცხადება, რომელიც მან ამ კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
„ბოევიკებს აღმოაჩნდათ აუდიომასალა, რომლებიც მოწმობს, რომ „ალ–ქაიდას“ ემისრებთან ერთად მათ დაამყარეს კონტაქტები ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან. სწორედ ამ უკანასკნელთა დახმარებითაა ორგანიზებული ტერორისტების მომზადება და მათი შემდგომი გადასროლა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე“– განაცხადა „ფსბ“–ს ხელმძღვანელმა რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის სხდომაზე. ბრალდება აბსურდულია, მაგრამ ამას მნიშვნელობა ნაკლებად აქვს. ამ შემთხვევაში, უფრო მნიშვნელოვანი ის არის, თუ რა გახდა მისი მიზეზი და რისი მიღწევა სურდათ ამით მის გამხმოვანებლებს.
ბორტნიკოვის ბრალდებებს რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. იყო უფრო ვიწრო, რუსულ დუუმვირატში რეალური ძალაუფლებისთვის ბრძოლის კონტექსტი და ასევე, უფრო მასშტაბური – საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით.
საგარეო პოლიტიკური მიზნები
10 ოქტომბერს სომხეთმა და თურქეთმა, საზღვრების გასახსნელად და შემდგომი ურთიერთობის მიზნით, საეტაპო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ეს, მხოლოდ ამერიკის სერიოზული მუშაობის და შუამავლობის შედეგად მოხერხდა. ცერემონიას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც ესწრებოდა. დასწრებით კი დაესწრო რუსული მხარე, მაგრამ ფაქტია, რომ მოვლენათა ასეთი განვითარებით რუსეთში აშკარად ვერ უნდა იყვნენ კმაყოფილები.
დღეისათვის სამხრეთ კავკასიაში ვითარება ასეთია: პროდასავლური საქართველო, აზერბაიჯანი, რომელიც მუდმივად შუალედურ, ბალანსის პოლიტიკას ინარჩუნებს და პრორუსული სომხეთი. თუმცა, რუსული აგვისტოს აგრესიის შემდეგ, ჩვენს სომეხ მეზობელთან დაკავშირებით რუსეთს სულაც აღარ აქვს ისე მშვიდად ყოფნის საშუალება როგორც მანამდე. უკვე უშუალოდ ომის დღეებში ნათელი გახდა, რომ ერევანში დასავლური ორიენტირების გაძლიერების შესაძლებლობაზე დაფიქრდნენ. სწორედ ამის შემდეგ, სომხეთმა პროდასავლურ თურქეთთან ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით დაიწყო მოძრაობა. ცხადია, რუსეთში ეს არ მოეწონათ – „ველოკედერჟავნიკებს“ აქამდე ერთმნიშვნელოვნად სატელიტური ქვეყნის დაკარგვა არ სურთ. განსაკუთრებით, სამხრეთ კავკასიაში.
თუ სომხეთმა და თურქეთმა მართლაც შესძლეს სრულფასოვანი პოლიტიკური ურთიერთობების აღდგენა, ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ რუსეთს სამხრეთ კავკასიიდან აბარგება მოუწევს. თუ ფიზიკურად – აფხაზეთსა და ცხინვალში მშენებარე ბაზების გაუქმებით არა, ყოველ შემთხვევაში, რეგიონში მათი პოლიტიკური გავლენა მინიმუმამდე შემცირდება. ამ თვალსაზრისით, რუსეთის ადგილს თურქეთი დაიკავებს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, ბორტნიკოვის განცხადება რუსული მხარისგან სამხრეთ კავკასიის რეგიონში დომინირებაზე პრეტენზიის გაცხადება ყოფილიყო; უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამერიკული მხარის გასაგონად ნათქვამი. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ „ფსბ“–ს შეფის გამოსვლა მოსკოვში ვიზიტად მყოფი ჰილარი ქლინთონისა და სერგეი ლავროვის შეხვედრას დაემთხვა.
ამ თვალსაზრისით, საინტერესოა ისიც, რომ მოსკოვში ჰილარი ქლინთონის ვიზიტის დღეებში, პუტინი მონაწილებას იღებდა პეკინში მიმდინარე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის მთავრობათა ხელმძღვანელების შეხვედრაში. ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ისაა თუ როგორია ამ ორგანიზაციის შემადგენლობა: ყაზახეთი, ჩინეთი, ყირგიზეთი, თავად რუსეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. გარდა ამისა, მეთვალყურეთა სტატუსით ესწრებიან შეხვედრებს მონღოლეთი, ინდოეთი, ირანი და პაკისტანი.
პუტინის მონაწილეობა შანხაის ორგანიზაციის შეხვედრაში სწორედ ჰილარი ქლინთონის მოსკოვური ვიზიტის პარალელურად, აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი ცდილობს კიდევ ერთხელ, ერთგვარად, მოხაზოს საკუთარი გავლენის სფეროები; საკმაოდ ღიად მიანიშნოს რომ არ დათმობს არც ერთ რეგიონს, სადაც მისი მცირე ან დიდი გავლენაა. ბოლო პერიოდში რუსეთს ხომ ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებითაც შეექმნა პრობლემები. გავიხსენოთ თუნდაც ის, რომ 9 ოქტომბერს ნიკოლა სარკოზი ყაზახეთს სტუმრობდა. ვიზიტის მიზანი ყაზახეთში ფრანგული ატომური კომპანიის ლობირება გახლდათ. შედეგად, ახლა ყაზახურ ატომურ წარმოებას მთლიანად ფრანგული კომპანია აკონტროლებს. არადა, მანამდე თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ ამ სფეროთი რუსული „როსატომი“ უნდა დაკავებულიყო.
ეს, რაც შეეხებოდა საქართველოს საწინააღმდეგო განცხადების საგარეო პოლიტიკურ ასპექტებს. თუმცა, როგორც ვთქვით, მას სხვა შემადგენელიც აქვს. კერძოდ, თუ გარკვეულ დეტალებს ერთად დავაჯამებთ, „ფსბ“–ს შეფის გამოსვლა შეიძლება შიდა, რუსული კულუარული დაპირისპირების გამოძახილადაც ჩაითვალოს.
პუტინის ამბიციები და შიშები
14 ოქტომბერს, რადიოსადგურ „ეხო მოსკვისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ჰილარი ქლინთონმა განაცხადა: „პრეზიდენტი ობამა ძალიან ერთგულია პრეზიდენტ მედვედევთან თანამშრომლობის იდეისა. ორ პრეზიდენტს შორის არსებობს „ქიმია“, ისინი ენდობიან ერთმანეთს“.
პუტინის „თავის ტკივილიცა“ და გაღიზიანების მიზეზიც სწორედ ეს „ქიმიაა“.
საიდუმლო აღარავისთვისაა, რომ რუსულ დუუმვირატში რეალური ძალაუფლებისთვის ბრძოლაა დაწყებული. საინტერესოა, რომ ამ პროცესებში არაპირდაპირ, მედვედევის მხარდასაჭერად, ამერიკის ქარიზმატული ლიდერიც ჩაერთო. არა იმიტომ, რომ მედვედევი მართლაც დადებითი პერსონაჟია არამედ იმიტომ, რომ ამჟამად დასავლეთს რთული არჩევანის გაკეთება უწევს: არჩევანი უარსს (პუტინს) და ცუდს (მედვედევს) შორის. დღეს უკვე ნათელია, რომ ამერიკამ არჩევანი მედვედევის სასარგებლოდ გააკეთა.
თავდაპირველად კი, ამერიკის ეს არჩევანი ივლისში, ობამას მოსკოვური ვიზიტის დროს გამოიკვეთა. მაშინ სტუმარმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მედვედევის უპირატესობისთვის და მისი სტატუსისთვის გაესვა ხაზი. დაწყებული განცხადებებით და დღის წესრიგით დასრულებული. გავიხსენოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ობამა გორბაჩოვს შეხვდა და ამით, რუსეთის ამბიციური პრემიერი ერთმნიშვნელოვნად, „ყოფილების“ რიგში ჩააყენა.
ჰილარი ქლინთონს მოსკოვური ვიზიტის დროს დაგეგმილიც კი არ ჰქონდა პუტინთან შეხვედრა. ასე რომ რუსეთის ჯერ კიდევ ფაქტობრივ მმართველს, სერიოზული მიზეზი აქვს გაღიზიანებისთვისაც და სამომავლო შიშებისთვისაც.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დროს ამერიკის სტრატეგიული პარტნიორის (საქართველოს) დადანაშაულება ტერორისტებთან და კონკრეტულად „ალ–ქაიდასთან“ კავშირში, აშკარად ჰგავს პუტინის რიტორიკასაც და ხელწერასაც.
განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რუსულ მინისტრთა კაბინეტში მედვედევის კადრი მხოლოდ ვიცე–პრემიერი იგორ შუვალოვია. და ეს, მიუხედავად იმისა, რომ მედვედევის მიერ თანამდებობის ოფიციალურად დაკავებიდან უკვე თითქმის წელიწადნახევარი გავიდა. პუტინი ჯერაც სრულად აკონტროლებს არამარტო ეკონომიკურ ბლოკს არამედ, ძალოვანებსაც.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ დე–იურე პრემიერის ერთგული ძალოვანების მიერ, საქართველოს – ამერიკის სტარტეგიული პარტნიორის – წინააღმდეგ მიმართულ განცხადებას ერდროულად რამდენიმე მიზანი ჰქონდა. უპირველეს ყოვლისა ის, რომ პუტინმა სცადა ამერიკისთვის შეეხსენებინა თუ ვინ აკონტროლებს რეალურად რუსეთში ვითარებას.
ცოტა ხნის წინ, რუსეთში მიიღეს კანონი, რომელიც რუსეთის არმიას რუსეთის მოქალაქეების დაცვის მიზნით, სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების წარმოების უფლებას ანიჭებს. ახლა, გაღიზიანებული პუტინი უფრო შორს წავიდა.
14 ოქტომბერს გავრცელდა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის განცხადება, რომელიც მან გაზეთ „იზვესტიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
„ჩარჩოები, რომლებშიც ბირთვული იარაღის გამოყენებაა შესაძლებელი, მნიშვნელოვნად გაფართოვდა. იარაღის გამოყენება ვითარებასა და მოწინააღმდეგის გეგმებზე იქნება დამოკიდებული. უკიდურეს შემთხვევაში კი, აგრესორისთვის პრევენციულ ბირთვულ დარტყმასაც არ გამორიცხავს.
პატრუშევმა აღნიშნა, რომ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული პუნქტი ჩამოყალიბდება რუსეთის მიერ “ბირთვული დერჟავის” სტატუსის შენარჩუნების განწყობის შესაბამისად, რომელსაც რუსეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ აგრესიის აღკვეთა ბირთვული გზით შეუძლია.
“ეს ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სამხედრო დოქტრინის ცვლილება ვითარების შეცვლასთან არის დაკავშირებული. ამჟამად მთავარი საფრთხე ლოკალური ომებია. თუმცა, არსებობს ძველი საფრთხეებიც, კერძოდ, ნატო-ს გაფართოება და აშშ-ს სტრატეგიული ძალების სწავლებები”, - განაცხადა პატრუშევმა“ – იტყობინება „იზვესტია“.
მოკლედ, განცხადებების დონეზე პუტინს „კუნთების თამაშისთვის“ ყველა შესაძლებლობა აქვს. აქვს და იყენებს კიდევაც იმისთვის, რომ ის დანაკარგი აინაზღაუროს, რომელიც მან საგარეო ასპარეზზე მედვედევთან ჭიდილისას განიცადა.
პატრუშევის თუ ბორტნიკოვის განცხადებებთან დაკავშირებით ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს რიტორიკა ქვეყნის შიდა მოხმარების თვალსაზრისით, მედვედევისთვისაც მომგებიანია. აგრესიული პუტინის და მისი ხელქვეითების აგრესიულ ტონსა თუ ქმედებებს რუსული ცნობიერება იმდენად მიეჩვია, რომ ახლა ინერციით, ამ ყველაფერს უკვე მედვედევი აგრძელებს და ასე ცდილობს პუტინთან ჭიდილში უპირატსობის მოპოვებას ქვეყნის შიგნით.
არის სხვა ასპექტებიც. გავიხსენოთ: პუტინის პოპულარობა მეორე ჩეჩნური საომარი კამპანიითა და „გაურჩებული ვასალის“ ხელახალი დამორჩილების თემით დაიწყო. ამგვარად, ჩრდილო კავკასია და პუტინი რუსულ ცნობიერებაში ერთგავარად, დე–იურე პრეზიდენტის წარმატებულობის იდენტური ცნებებია.
ახლა ეს მნიშვნელოვანი მხარე პუტინს თვალწინ ენგრევა – საიდუმლო აღარავისთვისაა, რომ რუსეთი ამ რეგიონში ვითარებას თითქმის ვეღარ აკონტროლებს. ანუ პრემიერი პოპულარობის უმნიშვნელოვანეს ბერკეტს კარგავს. ცხადია, რომ საუკეთესო გამოსავალი ამ შემთხვევაში, უკვე კარგად აპრობირებული თემის – „აგრესორი საქართველოს“ – გამოყენებაა.
პუტინის რეიტინგი ხომ ჩრდილოეთ კავკასიის გარდა, საქართველოს ნომერ პირველ მტრად გამოცხადებამაც განაპირობა. ასე რომ, პუტინის მიერ კონტროლირებადი ძალოვნების მიერ გაკეთებულ განცხადებას მიზნად ისიც ჰქონდა, რომ დე–ფაქტო პრეზიდენტის პოპულარობის განმაპირობებელი ორი უმთავრესი თემით – „აგრესორი საქართველო“ და „დამორჩილებული ჩრდილოეთ კავკასია“ – მანიპულირებით „ველიკოდერჟავნიკულად“ განწყობილ რუსულ საზოგადოებაში პუტინის რეიტინგი აამაღლოს და ამით, საგარეო ასპარეზზე აშკარად დაზარალებული პუტინის მდგომარეობა ქვეყნის შიგნით გაზრდილი მხარდაჭერით დააბალანსოს.

კომენტარი