კახა კალაძე „საქჰიდრომშენის“ 45%-ის მფლობელია: ინტერესთა კონფლიქტი სახეზეა

დღეს ინტერნეტფორუმებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატი კახა კალაძე ინტერესთა კონფლიქტშია მხილებული. დოკუმენტის მიხედვით, „კალა კაპიტალი“ ხდება „საქჰიდრომშენის“ აქციების 45%-ის მფლობელი, ხოლო „კალა კაპიტალის“ დამაარსებელი და მფლობელი თავად ყოფილი ფეხბურთელია.

ნოტარიუსის მიერ ბეჭდითა და ხელმოწერით დადასტურებულ საჯარო დოკუმენტში, რომელიც ინგლისურ და ქართულ ენებზე შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე, კახა კალაძის გარემოცვის კიდევ ერთი წევრია მოხსენიებული, რომელიც, სავარაუდოდ, კახა კალაძის მოადგილედ მოიაზრება: დოკუმენტს ხელს გია ქავთარაძეც აწერს.

ამავე ნოტარიუსის ჩანაწერში მკაფიოდაა აღნიშნული, რომ „კალა კაპიტალს“, რომლის სამეთვალყურეო საბჭო სამი პირით განისაზღვრა (კალაძე, კეჭაყმაძე, ქავთარაძე), უნდა გადაეცეს „საქჰიდრომშენის“ ემიტირებული აქციების 45%. იმ პირად, ვისაც ეს აქციები უნდა გადაეცეს, ნოტარიუსის ჩანაწერში მითითებულია კახა კალაძე.

შეგახსენებთ, რომ კორუფციის შესახებ საქართველოს კანონში არის ასეთი ჩანაწერი:

"თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება არ აქვს ფლობდეს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომლის საქმიანობის კონტროლიც ამ თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება."

ყოფილ ფეხბურთელს, აწ კი უკვე პარლამენტის წევრს კახა კალაძეს ამ ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარი