რუსთავის მე-16 საპყრობილე ბლოკირებულია, პატიმრები კი ბუნტით იმუქრებიან

რუსთავის მე-16 საპყრობილის ცენტრალური შესასვლელი ბლოკირებულია. იქ პატიმართა ოჯახის წევრები და ახლობლები არიან შეკრებილნი და არც საპყრობილეში შესულ, არც გამოსულ მანქანებს შემოწმების გარეშე არ ატარებენ, რადგან აქვთ ინფორმაცია, რომ პატიმრები რუსთავიდან სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გადაჰყავთ.

გუშინ საღამოს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატიმრებმა შიმშილობა შეწყვიტეს, სინამდვილეს არ შეესაბამება: ამ დრომდე შიმშილობს 18 პატიმარი, მათგან 13 აივ-ინფიცირებულია და, მათივე თქმით, სპეციფიკური მკურნალობისთვის სამედიცინო დაწესებულებაში არ გადაჰყავთ.

მოშიმშილეები და სხვა პატიმრები სასჯელაღსრულების ახალ მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, დაწესებულებაში ახლადდანიშნული დირექტორი - აბურჯანია პატიმრებისადმი სასტიკი მოპყრობით გამოირჩევა და სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს:

„აბურჯანია ადრე ლოტკინის პოლიციის უფროსი იყო, უამრავი ადამიანისთვის აქვს ნარკოტიკი ჩადებული, აწამებდა ხალხს და როგორც ვიცი, ხალხინ ჰყავს დაჭრილი. ახლა იძახის, აქ მე ვარ და სანამ მე ვარ, ჩემს ბრძანებებს დაემორჩილეთ, თორემ ახლაიას რეჟიმი მონაგონი იქნებაო. აგერ ვდგავარ დანარჩენებთან ერთად და გეუბნებით: სამი ათასი კაცი ვაწერთ ხელს ამ მოთხოვნას - გათავისუფლდეს აბურჯანია თანამდებობიდან.

გაითვალისწინონ ეს მოთხოვნა და გაიხსენონ, ეგეთებს რომ არ ითვალისწინებდა წინა ხელისუფლება, იმიტომ მოხდა, რაც მოხდა. ჩვენ არაფერს ვითხოვთ ზედმეტს და ისეთს, რაც არ გვეკუთვნის - უბრალოდ, ადამიანურ მოპყრობას ვითხოვთ. ეკლესიაც კი დაგვიკეტეს და მერე უსინდისოდ ამბობენ, ტყუილს იგონებენო... ჩვენ გვყავს ჩვენი ოცკაციანი ჯგუფი, რომელთან შეხვედრაც ახალმა მინისტრმა უნდა მოახერხოს და სიტუაცია შეცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი უარესობისკენ წავა“, - უთხრა „კურიერს“ პატიმარმა, რომელიც ჟურნალისტს თვითონვე დაუკავშირდა.

ჯერ კიდევ გუშინ სოზარ სუბარი აცხადებდა, რომ ყველა საპატიმროში ბრალდებულები უნდა დაემორჩილონ ადმინისტრაციას და არავის სხვას, ასევე კატეგორიულად უარყოფდა თანამდებობიდან აბურჯანიას გადაყენების შესაძლებლობას, თუმცა დღეს განაცხადა, რომ მისი საქმე უკვე გადაეცა გამოძიებას და თუ ბრალდებები დამტკიცდება, აბურჯანია თანამდებობას დატოვებს, ამასთან, შესაძლოა, სს საქმეც აღიძრას.

ცოტა ხნის წინ რუსთავის მე-16 საპყრობილეში სახალხო დამცველის თანამდებობის ერთ-ერთი პრეტენდენტი, დიმიტრი ლორთქიფანიძე იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ პატიმართა მოთხოვნები უცვლელი რჩება - ისინი აბურჯანიას გათავისუფლებასა და სოზარ სუბართან შეხვედრას ითხოვენ.

კომენტარი